ია აბულაშვილი
14.01.2022

პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ მიმდინარე პოლიტიკური ვითარების შეფასებისას აღნიშნა, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში რთული პროცესები მიდის, ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა არა აქვს, „ოცნება" დაბერდა, ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას კი გაზაფხულზე ვარაუდობს.

„რეზონანსი": ერთი ხმაურიანი პროცესი დასრულდა - სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო, თუმცა ციხეში არ გაუშვა. ოპოზიციაში და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ფიქრობენ, რომ „ოცნებამ" უკან დაიხია, რის გამოც შეიძლება ამომრჩეველი დაკარგოს.

იგორ კვესელავა: მესმის იმ ადამიანებისა, ვინც კრიტიკულად შეხვდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან უზარმაზარ თანხაზეა საუბარი. ყველას აინტერესებს, სად წავიდა ეს ფული და რატომ არ ისჯებიან დამნაშავეები. „ქართულმა ოცნებამ" აირჩია კომპრომისული გზა. ჯერ ერთი, პროცესი არ დამთავრებულა, რომელსაც მთელი მსოფლიო აკვირდება, სააკაშვილის სასამართლო პროცესი მაქვს მხედველობაში, ახლა კიდევ ახალი დაძაბულობა და თავსატეხი ხელს არ აძლევთ. სიტუაცია კიდევ უფრო არ დაძაბეს და შეიძლება ეს სწორი გზაც არის. ეს იყო პოლიტიკური თამაში, ამ გადაწყვეტილებით, „ოცნებას" „ლელოს" დამფუძნებლები ორი ყურით ჰყავს დაჭერილი. პოლიტიკაშიც ხომ იმიტომ მოვიდნენ ხაზარაძე- ჯაფრიძე, რომ საქმე უკვე გართულებული იყო. ახლა საით წავა „ლელო", არ ვიცი, მაგრამ ხელისუფლებაში რომ ვერ მოვლენ, ფაქტია.

დაკარგავს თუ არა ამომრჩევლის მხარდაჭერას „ოცნება" ამ „უკან დახევით," პოლიტიკაში უკან დახევა წაგებას არ ნიშნავს, ეს არის ერთგვარი მანევრი. აქ თუ დაკარგავ, სხვაგან უნდა ამოიღო, „ოცნებას" კი აქვს იმის ჭკუაც და პოლიტიკური გამოცდილებაც, ეს დანაკარგი სად ამოიღოს. ჯერჯერობთი „ოცნება" ფეხზე დგას, არ ეშინია, აქვს დრო 2024 წლამდე, ბევრ პოლიტიკურ შეცდომას თუ არ დაუშვებს. ასე რომ, ჯერჯერობთი ბიძინა იგებს, ის არასად არ წასულა, უბრალოდ, სიტუაციაში არ ერევა, მაგრამ მჭიდრო კავშირი აქვს პრემიერთან, პარტიის თავმჯდომარესთან და პარლამენტის სპიკერთან.

„რ": მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზიდან უკვე დააანონსა, რომ ყველაფერი გაზაფხულზე უნდა დამთავრდეს, მეტი გადატანა აღარ შეიძლებაო. ნიკა მელია ოპოზიციას მოუწოდებს, გამარჯვების მისაღწევად ყველა პოლიტიკური ტრიბუნა გამოიყენონ.

ი.კ: ამჟამად საქართველში 200-მდე პარტიაა, აქედან ბევრი მხოლოდ ქაღალდზეა დარჩენილი. მხოლოდ „ოცნება" და ნაცმოძრაობა არიან მყარად პოლიტიკურ არენაზე. მიუხედავდ იმისა, რომ „ოცნება" ფეხზე დგას, როგორც პარტია, დაბერდა. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მე ვაცხადებ, რომ ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება.

„რ": მესამე პოლიტიკური ძალა ჰორიზონტზეც არ ჩანს, მიუხედავად საზოგადოების დიდი მოლოდინისა.

ი.კ: ეს საკითხი, დიდი ხანია, დგას საზოგადოების წინაშე და ახალი პოლიტიკური ძალა ფეხს იკიდებს. ეს არის გახარიას პარტია, რომელიც ლავირებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან. მე ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე დაიწყება საინტერესო პოლიტიკური პროცესები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×