თამთა ჩაჩანიძე
22.06.2022

უკრაინაში ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ სევეროდონეცკი და მის მეზობლად მდებარე ლისიჩანსკია. უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ მდგომარეობა უკიდურესად რთულია და რუსული ნაწილები უკვე ლისიჩანსკს მიუახლოვდნენ. რუსული მედია კი წინასწარ ზეიმობს - ამ ორი ქალაქის დაკავებით რუსული არმია სრულ კონტროლს დაამყარებს ლუგანსკის ოლქზე, რაც ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერ მთავარი ოფიციალურად გაცხადებული მიზანი იყო.

როგორც სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან" ამბობენ, სევეროდონეცკის ქარხანა „აზოტი" ფაქტიურად ალყაშია და არის იმის საშიშროება, რომ განმეორდეს ის სცენარი, რაც მარიუპოლში მოხდა. რაც შეეხება ლისიჩანსკს, იგი სევეროდონეცკის მეზობლად, მდინარე სევერსკი დოინეცის მეორე ნაპიზე მაღლობზე მდებარეობს და ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსებს მისი აღება უფრო გაუჭირდებათ.

ამასთან როგორც ექპერტები ამბობენ, რუსები ცდილობენ, რომ სევეროდონეცკი ალყაში ლისიჩანსკიანად მოაქციონ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხბენ, თუმცაღა სევეროდონეცკის გარნიზონის მომარაგების გზებზე საცეცხლე დარტყმებს ახორციელებენ და მიმდებარე დასახლებებს უმოწყალოდ ბომბავენ.

ამასთან, უკრაინელები სხვადასხვა წერტიოლში სატყუარა დარტყმებს ახორციელებენ, რომ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის რუსეთის ზეწოლა შეამსუბუქონ და ამ მხრივ მეტ-ნაკლებად წარმატებაც აქვთ.

რა ხდება ფრონტის ხაზზე

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები ლისიჩანსკს უახლოვდებიან, ქალაქს არტილერიიდან, ტანკებიდან და ავიაციიდან ბომბავენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში ნათქვამია, რომ ოკუპანტები სლავიანსკზე შეტევის განახლებას ცდილობენ. ხარკოვის მიმართულებით მოწინააღმდეგე ახორციელებს საჰაერო დაზვერვას უკრაინული ძალების განლაგების ადგილების იდენტიფიცირების მიზნით. ლუგანსკის ოლქში კი ოკუპანტები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებებზე, რათა მიაღწიოს ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

„სლავიანსკის მიმართულებით ოკუპანტები სისტემატურად ხსნიან ცეცხლს, რათა შექმნან პირობები ქალაქ სლავიანსკზე იერიშის განახლებისთვის. ისინი ახორციელებენ შტურმს. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ცეცხლს უხსნიან დმიტროვკას, ოსინოვკას, კურულკას, ივანოვკასა და ადამოვკას ახლომდებარე ტერიტორიებს.

„აგრესორმა უკრაინის პოზიციების ინტენსიური საარტილერიო დაბომბვა განახორციელა ხარკოვის, სტარი სალტოვის, რუბეჟნოესა და ჩეპილის მახლობლად. გარდა ამისა, მტერმა დაბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა უკრაინკას, პეტროვკას, შეველევკას, ბაზალეევკასა და პრუდიანკას დასახლებების რაიონებში.

„მტერი ცდილობს დაამყაროს სრული კონტროლი ქალაქ სევეროდონეცკზე, დაბლოკოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ბოროვსკოესა და ვორონოვოს დასახლებების რაიონებში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხარკოვის ოლქში რუსული დაბომბვის შედეგად ოთხშაბათს კიდევ 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რვა წლის ბავშვი. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამზე" წერს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხერსონთან ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი იწვის, გამოქვეყნებულ სურათებზე ჩანს მუქი სქელი კვამლის სვეტი. როგორც უკრაინული მედია წერს, ადგილობრივების თქმით, ხანძარი საწყობში ჭურვების ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა.

რამდენი დარჩათ რუსებს ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ რუსეთმა ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი კონტროლქვეშ მოაქცია, მაშინ დასახულ ამოცანას შეასრულებს, თუმცა ლისიჩანსკი, რომელიც მდინარე სევერსკი დონეცის მეორე ამაღლებულ ნაპირზეა და რუსებს მისი აღება გაუჭირდებათ.

„სევეროდონეცკი და ლუგანსკი ერთმანეთისგან მდინარითაა გაყოფილი. ლუგანსკის ადმინისტრაციული საზღვრის შიგნით ეს ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია. თუ რუსეთმა ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი კონტროლქვეშ მოაქცია, შეუძლია თქვას, რომ ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავიდა, რაც მას ერთ-ერთ ამოცანად ჰქონდა. მეორე ამოცანა დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლაა, რასაც ჯერ ვერ ახერხებს და ჩემი აზრით, ალბათ ამ ეტაპზე ვერ მოახერხებს.

„სევეროდონეცკში რუსეთმა წარმატებას სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებიდან მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ სევეროდონეცკის ალყა ძალიან აქტუალური ხდება. მათ მდინარე სევერსკი დონეცზე გადებული სამი ხიდი მწყობრიდან გამოიყვანეს და ახლა სევეროდონეცკის უკრაინული დანაყოფების მომარაგება ნავებით ხდება, ეს აბსოლუტურად არასაკმარისია.

„აზოტის" ქარხანა ფაქტიურად ალყაშია, რადგან ხიდის დარჩენილი ნაწილი, რომელიც ამ მიმართულებას უერთდება და რომელიც საცალფეხოდ გამოიყენებოდა, რუსებმა დაიკავეს. სევეროდონეცკში მძიმე მდგომარეობაა. რუსეთი ცდილობს, რომ ეს მაინც დაიკავოს, რათა შეძლოს და გადაჯგუფებისთვის ოპერატიული პაუზა აიღოს, მაგრამ ამ ე.წ. ოპერატიულ პაუზას ვერ გააკეთებს, სანამ ამ ეპიზოდს არ დაამთავრებს. შუა ქალაქში ვერ გაჩერდებიან.

„ლისიჩანსკი, რომელიც მდინარის მეორე ნაპიზეა, არის უფრო მაღალი და რუსებს მისი აღება უფრო გაუჭირდებათ. ცდილობენ, რომ სევეროდონეცკი ალყაში ლისიჩანსკიანად მოაქციონ, მაგრამ ჯერჯერობით ამას დიდი წარმატებით ვერ ახერხებენ. ერთადერთი მომარაგების გზებზე საცეცხლე დარტყმებს ახორციელებენ, ლისიჩანსკს უმოწყალოდ ბომბავენ და ცდილობენ მიწასთან გაასწორონ.

„სევეროდონეცკის სამრეწველო რაიონში უკრაინული დაჯგუფებაა. მეგონა, რომ უკრაინელები ამ დანაყოფებს გამოიყვანდნენ და თავდაცვას ლისიჩანსკში გაამაგრებდნენ, რადგან აქ უფრო მომგებიანი პოზიცია აქვს, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ მიწის ყველა გოჯისთვის უნდა იომონ.

„სამხედრო ხელოვნებაში არსებობს ასეთი ცნება - ძალების ეკონომია, რაც ნიშნავს არა ძალების შენახვას, არამედ გამოყენებას სწორი მიმართულებით სწორ ადგილზე სწორი დატვირთვით. ღმერთმა ნუ ქნას სევეროდონეცკიში მეორე მარიუპოლი განმეორდეს, რადგან ეს მორალურად რუსეთისთვის წარმატების მომტანი იქნება, უკრაინისთვის კი კიდევ ერთი მარცხი", - განაცხადა გენერალმა.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, მისი ქმით, უკრაინელებს ხერსონი-ნიკოლაევის მიმართულებით გარკვეული წარმატება აქვთ, ასევე წარმატებული ბრძოლები აქვთ მარიუპოლის მიმართულებითაც. ამ ქმედებებს კი იმიტომ ახორციელებენ, რომ ლუგანსკზე რუსების ზეწოლა შემცირდეს.

„ხერსონი-ნიკოლაევის მიმართულებით უკრაინელებს გარკვეული წარმატება აქვთ, მათ მდინარე ინგულეცზე გადასვლა და მეორე ნაპირზე პლაცდარმის მოწყობა შეძლეს, რომელიც მომავალი შეტევისთვის გამოადგებათ. ახლა ხერსონის მიმართულებაზე რუსები ძირითადი თავდაცვის უკვე მესამე ზღუდეს აკეთებენ. ხერსონის და ზაპოროჟიეს ზურგში მყოფი ბეტონის ქარხნების შეკეთება დაიწყეს, ეს ნიშნავს, რომ ისინი ღრმა თავდაცვისთვის ემზადებიან.

„უკრაინას გარკვეული წარმატება აქვს მარიუპოლის მიმართულებით, თუ არ ვცდები ათი კილომეტრით წინ წაიწივნენ, მაგრამ ახლა სვლა შეჩერებულია. ეს ქმედებებები კი იმისთვის მიდის, რომ ლუგანსის მიმრთულებაზე დაწოლა შეამცირონ. რუსები იზიუმი-სლავიანსკის მიმართულებაზე წინ წაწევას ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით დიდი წარმატებები არ აქვთ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

რუსული მედია წინასწარ ზეიმობს

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ ლუგანსკიში სიტუაცია მართლაც კრიტიკულია, გააფთრებული ბრძოლებია, რუსული მედია კი უკვე წერს, რომ მალე ოკუპანტები ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავლენ.

„ლუგანსკის ოლქში კრიტიკული სიტუაციაა. უკრაინელები ცდილობენ, რომ სიტუაცია გაარღვიონ, რათა მეორე მარიუპოლი არ განმეორდეს. ლისიჩანსკს ალყის საშიშროება აქვს. ოკუპანტები, როგორც მე ვიცი, დაახლოებით ათ კილომეტრში არიან. თუ ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი აიღეს, ლუგანსკის ადმინისრაციულ საზღვრებზე გავლენ.

„გააფთრებული ბრძოლები მიდის, რომ რუსები ლისიჩანსკამდე არ მივიდნენ და ოპერატიული რკალი არ შეკრან. უკრაინელები ბახმუტში, ავდეევკაში, მარიინკასა და ლისიჩანსკში არიან გამაგრებული. რუსებმა ახალი ტექნიკა გადაისროლეს და აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ. რუსული მედია წერს, რომ ლისიჩანსკს და სევეროდონეცკს ფაქტიურად დღე-დღეზე აიღებენ და ლუგანსკის ოლქის საზღვარზე გავლენ.

„რაც შეეხება სხვა მიმართულებას, იზიუმისკენ პოზიციური ბრძოლებია, ხარკოვის მიმართულებით მდგომარეობა გაურკვეველია, რადგან ორივე მხარე ამბობს, რომ ინიციატივა მათ ხელშია. უკრაინელები, როგორც ჩანს, ხერსონის მიმართულებას უტევენ, რომ როგორმე სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის რუსეთის ზეწოლა შეამსუბუქონ. სატყუარა დარტყმებს ახორციეოლებენ და მეტ-ნაკლებად წარმატება აქვთ.

„უკრაინელებმა ასევე კუნძულ ზმეინიზე შეტევა განახორციელეს და ესეც ერთგვარი სატყუარაა. ახლა, როგორც ეტყობა, რუსები ხარკოვის მიმართულებით ბრძოლების ინტენსიფიკაციას იწყებენ. თუ რუსეთი ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავლენ, მერე უკვე შეიძლება დონეცკზეც გადავიდნენ", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×