თეონა ვეშაგური
22.06.2022

24 ივნისის აქციაზე წინა პლანზე გამოვა უკვე პოლიტიკური მოთხოვნები, რომელიც 20 ივნისის აქციისას უკნა პლანზე იყო გადატანილი, მათ შორის მთავრობის გადადგომის მოთხოვნაც - ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განუცხადა. მისთვის გაუგებარია მმართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები, რომ 24 ივნისის აქციას შესაძლოა თავადაც დაესწრონ.

„ვერ გეტყვით რამდენად დიდი რაოდენობით „ოცნების" მხარდამჭერი მივა 24 ივნისის აქციაზე. ეს რომ გავიგოთ, უნდა ჩატარდეს რაიმე გამოკითხვა. კი იძახიან, რომ 20-ში ჩვენი მხარდამჭერებიც იყვნენო, მაგრამ არ მესმის, როდესაც ხარ ხელისუფლების მხარდამჭერი და იცი, რომ ეს აქცია ორგენიზებულია ენმ-სა და მისი „ენჯეოების" მიერ, რატომ უნდა მიხვიდე იქ? კი, ბატონო, გასაგებია, რომ ევროპული ღირებულებები და ამასთან დაკავშირებული თემა იყო მთავარი მოტივაცია, მაგრამ მე არ მგონია იქ მაინცდამაინც დიდი ნაწილი ყოფილიყო „ოცნების" მხარდამჭერი.

„ამასთან, აუცილებლად იქნება განსხვავება 20 და 24 ივნისს ჩატარებულ აქციებს შორის, თუნდაც იმით, რომ იმ დროისთვის უკვე გვეცოდინება საბოლოო პასუხი ევროკავშირისგან და დიდი ალბათობით, არ შეიცვლება ევროკომისიის დასკვნა. სასწაული უნდა მოხდეს, რომ ეს გადაიხედოს. ამიტომ, წინ წამოსწევენ იმ პოლიტიკურ მოთხოვნებსა და ლიდერების მოწოდებებს, რომელიც გვერდზე გაწიეს წინა აქციაზე.

„ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება მოტივატორი, წინა პლანზე წამოვა ახლი მოთხოვნები, მათ შორის ხელისუფლების შეცვლაზეც. გარდა ამისა, 20 ივნისის აქციაზე ფაქტიურად დაანონსდა მომავალი მაიდანი.

„რაც შეეხება დიღმელაშვილის მიერ დაანონსებულ ახალ სახალხო მოძრაობას, როდესაც გამოდის „სირცხვილიას" ლიდერი და დიდი პათოსით კითხულობს ამ სახალხო მანიფესტს, რომელსაც ქვია „ქართველი ხალხის მანიფესტი", მიჩნდება კითხვა - მას აქვს ამის უფლება ან მანდატი, რომ ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს? მას შეუძლია ისაუბროს იმ საზოგადოების სახელით, რომელსაც წარმოადგენს და არა ქართველი ხალხის სახელით. ამის უფლებამოსილება მათ არ აქვთ, ამიტომ ეს არაფერს შეცვლის", - განაცხდა ანჯაფარიძემ.

აღსანიშნავია, რომ „ოცნების" წევრები, 24 ივნისის აქციაზე საკუთარი მხარდამჭერების მისვლასაც არ გამორიცხავენ. უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ შესაძლოა იქ თვადაც მივიდეს.

„ეროვნული თანხმობა არის საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. ველოდები იმას, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება მეც ვიყო, და ვიტყვით - მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაც არის, დიახ, საქართველოს სახელმწიფოს საკადრისი. ვფიქრობ, რომ საქართველო იმსახურებს ევროინტეგრაციას და ამას ჩვენ, თქვენ, ოპოზიციამ ხელი უნდა შევუწყოთ", - ამბობს ზარქუა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×