თამთა ჩაჩანიძე
22.06.2022

ოთხშაბათს პრემიერ-მინმისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშით წარდგა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მიღების წინა დღეს პარლამეტში „პოლარიზაციის დასრულების" ნიშანწყალი არ შეინიშნებოდა, მთავრობის მეთაურის გამოსვლა ხმაურიან ურთიერთდაპირისპირებასა და ყვირილის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერი დეპუტატები ღარიბაშვილს სიტყვას ხმამაღალი შეძახილებითა და ცინიკური რეპლიკებით აწყვეტინებდნენ. პრემიერმა ძირითადი აქცენტები ქვეყნის მთავარ მიღწევებს, საგარეო პოლიტიკასა და ევროინტეგრაციის პროცესს ეხებოდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში დეტალურად გააცნო, რომელიც საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია და ოთხ მთავარ პრიორიტეტს აერთიანებს. ესენია საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები.

მთავარი მიღწევები

ევროკომისიის რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, პრემიერმა ღარიბაშვილმა ისტორიული ფაქტი კიდევ ერთხელ უწოდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინასა და მოლდოვას აძლევენ სტატუსს ავანსად, ერთგვარ წამახალისებელ მექანიზმად და მოტივატორად, ბონუსად და შემდეგ ეუბნებიან, რომ შეასრულონ დათქმები. საქართველოს შემთხვევაში კი ეს პირიქითაა, რაც გულდასაწყვეტია.

„ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება. ჩვენი მოლოდინი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. გასაგებია, რომ ამის თაობაზე განსხვავებული მიდგომა მივიღეთ, რაც მინდა დეტალურად განვუმარტო ჩვენს მოსახლეობას.

„ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მიუხედავად იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც დაგვხვდა - ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ბიზნესს ართმევდნენ. ასეთი მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ჩვენ, სადაც არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არ არსებობდა.

„ჩვენ მოვისმინეთ ასევე შეფასებები, რომ თურმე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაციაა. ასევე მოვისმიენთ, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი, რადგან უკრაინა ომშია. გახსოვთ, ორი კვირის წინ, მე საჯაროდ მთავრობის სხდომაზე ვთქვი, რომ გვქონდა ეს ინფორმაცია ევროპელი კოლეგებისგან. მათ პირადად მითხრეს, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს იმის მიუხედავად, რომ საქართველო ჩამოთვლილი ყველა პარამეტრის მიხედვით უპირობო ლიდერია. არათუ ასოცირებულ ტრიოს ეხება ეს მხოლოდ, ბევრ მოქმედ ევროკავშირის წევრ და ნატო-ს წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ ჩვენ ყველა პარამეტრით. სწორედ უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან საქართველოს მოსახლეობას ის ათი წლის მუშაობის შედეგები გააცნო, თუ რა გაკეთდა „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო პირველ ადგილზეა, ხოლო საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების სიაში ქვყანა წამყვან ხუთეულშია.

„მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს 10 წლის შედეგები, გამოხატული კონკრეტულ რეიტინგებში. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

„მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას და ასევე, ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებში, ბალტიის ქვეყნების შემდეგ ვართ მე-4 ადგილზე. გლობალური მმართველობის ეფექტურობის ინდექსით ჩვენი ქვეყანა 180 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზეა და უსწრებს საფრანგეთს, კანადას, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, იტალიას, პორტუგალიას და სხვა წამყვან ქვეყნებს.

„ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, წელს პირველად, საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე, მაშინ, როდესაც ჩვენს მეგობარ მოლდოვას და უკრაინას რეკომენდაციაში, დათქმებში ჩაუწერეს საჯარო სამსახურის რეფორმა და მათ შორის, გამჭვირვალობაზეა აქ მინიშნება და ძალიან ბევრი რეკომენდაციაა ჩაწერილი შედარებისთვის. ამ მიღწევით, ვინაიდან ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ნორვეგია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. რომ მეკითხებიან, რა გავაკეთეთ ჩვენ და რა მიღწევები აქვს საქართველოს, აი, ეს არის კონკრეტული 10 წლის შეჯამება, გამოხატული რეიტინგებით.

„ფრეიზერის" ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს წამყვან ხუთ ეკონომიკას შორისაა სინგაპურის, შვეიცარიისა და მსგავსი ეკონომიკების შემდეგ. „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის" ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ჩვენ ვართ მე-18 ადგილზე ევროპაში, რაც ბევრად წინ არის ისეთ ქვეყნებზე, როგორიც გახლავთ ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და ევროკავშირის მრავალი სხვა წევრი ქვეყანა და წამყვანი ეკონომიკა", - განაცხადა პრემიერმა.

მანვე ხაზგასმით არნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა გავაგრძელოს ქვეყნისთვის საჭირო რეფორმები, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი ისედაც იყო გათვალისწინებული ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც ერთი თვის წინ შეათანხმა ბრიუსელთან.

დაპირისპირება ოპოზიციონერ დეპუტატებთან

პრემიერს მოხსენება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რეპლიკებით რამდენჯერმე შეაწყვეტინეს, თუმცა ღარიბაშვილმა ოპოზიცია იქით დაადანაშაულა და განუცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამასთანავე, როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, „ლელოს" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და ითხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. სხდომათა დარბაზიდან კი ამას სამადაშვილი საპასუხოდ რეპლიკით გამოეხმაურა.

„ევროპის სახალხო პარტიამ" მათი რეკომენდაციებით მოამზადა ყველაზე სამარცხვინო ტექსტი, უსამართლობის ზეიმი. ეს იყო პირდაპირ მხილება და მტკიცებულება იმისა, რომ ამ ადამიანებს არ სურდათ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო. „ნაციონალურ მოძრაობას" სააკაშვილის ხელმძღვანელობით არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციებს ვუზიარებ ჩვენს მოქალაქეებს.

„ახლა რაც შეეხება ქალბატონ სალომე სამადაშვილს. ძალიან ნერვიულობს იმიტომ, რომ იცის მასზე უნდა გადავიდე. ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო. იცნობდეთ ქვეყნის მოაღალატეს. პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს ევროპას, რომ თუ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ძალიან გულდაწყვეტილები დარჩებოდნენ. ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგად იციან.

„ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ, ბატონი არახამია, ქართული გვარის მატარებელი გამოდის სამარცხვინო ბრალდებებით. ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებები, ბრალი დაგვდეს მათმა მეგობრებმა უკრაინაში საჯაროდ, თითქოს ჩვენ, მთავრობა ვავალებთ სპეცსამსახურებს და ვეხმარებით რუსულ სანქცირებულ კომპანიებს. დღემდე არც ერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ. ეს არის მტრობა ქვეყნის. სად არის თქვენი რეაქცია, სად არის თქვენი პატრიოტობა? ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის ყველაფერი არის ცხადი", - განაცხადა პრემიერმა.

მან ოპონენტებს იმ კითხვაზეც უპასუხა, თუ საქართველო დასავლეთის სანქციებს რატომ არ უერთდება და საპირისპიროდ ოპოზიციონერ დეპუტატებს და ყოფილ ხელისუფლებას კითხვა შეუბრუნა - თუ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთს თავად რატომ არ დაუწესეს სანქციები.

„დღეს ჩვენ მოგვიწოდებენ - სანქციებს რატომ არ შეუერთდით. რატომ არ დაუწესეთ ეკონომიკური სანქციები - ანუ ჩვენს ხალხს რატომ არ დაუწესეთ სანქციები, ეს ხომ ამას ნიშნავს. ფაქტიურად, ამ რისკების გათვალისწინებით, რომლებზეც ახლა გესაუბრეთ, წინა მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მინდა კითხვა დავუსვა ძვირფას ოპონენტებს - ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის? ნული, არაფერი. არაფერი არ გაგიკეთებიათ. არავითარი აქტივობა მათი მხრიდან მსოფლიოში არ გვინახავს ჩვენ. პირიქით, მოაწერეს კაპიტულანტურ რეზოლუციას, მიჰყიდეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული აქტივები, ენერგეტიკული ობიექტები, უამრავი, ათეობით ენერგეტიკული ობიექტი. ამის შემდეგ თქვენმა გუნდმა, სააკაშვილმა დაუწესა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს, მაგარი სანქციები გაატარეს", - განაცხადა პრემიერმა.

რა თქვა პრემიერმა დეოლიგარქიზაციაზე

იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, სხვა პირობების შესრულებასთან ერთად, დეოლიგარქიზაციაც მოეთხოვება. ეს პუნქტი ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყანამ უნდა შეასრულოს საკნონმდებლო დონეზე. ღარიბაშვილსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ცხარე კამათი ამ საკითხზეც გაგრძელდა.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს. მინდა ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენო „ოლიგარქის" განმარტება, აქ ძალიან ბევრს რომ ყვირიან. მე ჩამოვთვალე გვარები - ხაზარაძე, რომელიც იყო მათი პარტნიორი და ძარცვავდა ბიზნესს, პირდაპირი მნიშვნელობით. მიჰყავდა ბიზნესმენები ხაზარაძის ბანკში, იქ ხდებოდა გადაფორმება, სესხის მიცემა და მიზერულ ფასად მიზერულ ღირებულებას უფიქსირებდნენ.

მეორე - კეზერაშვილი, ადამიანი, რომელიც არაფრისგან გამდიდრდა, შეჭამა მთავრობის რესურსები, ჯარი გაძარცვა პირდაპირი მნიშვნელობით. მესამე - სააკაშვილი, რომელიც ვითომ მოვიდა ერთი ბინით და დადასტურებული ასეულობით მილიონი აქვს მის ოჯახს. ადამიანს მოქალაქეობაც კი არ აქვს. წარმოიდგინეთ, კაცი 9 წელი იყო პრეზიდენტი, წავიდა, დათმო საკუთარი პასპორტი. ჩვენი დეპუტატებიდან რომელიმემ რომ გააკეთოს ეს, ხომ გაგიჟდებით საერთოდ. წარმომიდგენია, რას იზამთ", - მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×