მალხაზ გაგუა
30.06.2022

„აქამდე რუსებს ჩვენს ისტორიას სხვადასხვა პუბლიკაციებით, ფსევდო-ისტორიული ნაშრომებით და ინტერნეტ-ფეიკებით შლიდნენ, ახლა კი მოვიდნენ და პირდაპირ დაიწყეს დანგრევა იმის, რასაც მანამდე ვირტუალურ სივრცეში ანადგურებდნენ," - ამბობს არტემ გლუშჩენკო, ჩერნიგოვის ოლქის მთავარი არქიტექტორი, რომელიც მე-19 საუკუნის ერთ დროს ლამაზი, მთლიანად განადგურებული შენობის წინ დგას.

დაბომბვამდე აქ ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკა იყო განთავსებული. ეს შენობა ჩერნიგოვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახლი იყო და არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენდა.

„არ ვიცი, რატომ დაბომბეს. მას ხომ არავითარი სამხედრო დანიშნულება არ ჰქონია. საერთოდ, აქ, ჩვენთან ბევრი სამოქალაქო ობიექტი გაანადგურეს უაზროდ. მათ შორის ქალაქის ოლიმპიური სტადიონი," - ამბობს არტემი.

მაშინ, როცა დონბასში, ზაპოროჟიაში, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში აგრესორთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბატალიები მიმდინარეობს, უკრაინის ქალაქებში ცდილობენ მაქსიმალურად უზრუნველყონ მოქალაქეების უსაფრთხოება. თითქმის ყველგან ღამღამობით სირენების ხმა ისმის, 11 საათიდან დილის 5-ამდე კი კომენდანტის საათია (ფრონტისპირა ქალაქებში 10-იდან 5-ამდე). მიუხედავად იმისა, ქალაქი ფრონტის ხაზზეა თუ არა, როგორც მაგალითად ზაპოროჟია, ან მისგან ასეულობით კილომეტრითაა დაშორებული, როგორც კიევი და ჩერნიგოვი, რუსული ფრთოსანი რაკეტები ყველგან აღწევს. მართალია, ანტი-საჰაერო ბარატეები ბევრ მათგანს ჰაერშივე სპობს, მაგრამ ნაწილი მაინც აღწევს მიზანს, როგორც ეს მოხდა ორშაბათს კრემენჩუგში, სადაც რუსეთის ჯარმა სავაჭრო ცენტრი უმოწყალოდ დაბომბვა.

მეტიც, ისეთი ქალაქებიც კი არ არის დაზღვეული, რომლებიც საერთოდ ევროპის ამ უდიდესი ქვეყნის დიამეტრულად მეორე მხარესაა - მაგალითად ლვოვი და ივანო-ფრანკოვსკი.

ეს არის ახალი სრულმასშტაბიანი, მაღალტექნოლოგიური ომის სავალალო შედეგი. ამ ომამდე არავინ ელოდა, რომ თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებში ცენტრალური ადგილი არტილერიას ექნებოდა. სწორედ ამიტომაა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის სხვა ლიდერები დასავლეთისგან დღე და ღამე სწორედ საარტილერიო დანადგარებს ითხოვენ.

„ერთს რომ ესვრი (საარტილერიო ჭურვს), უკან 10 გიბრუნდება. რამდენიმე დღის წინ ისეთ დაბომბვაში მოვყევით, რომ ორი დღე სანგრიდან თავი არ ამოგვიყვია," - გვიყვება უცხოელი ჟურნალისტების ჯგუფს კიმი (სახელი შეცვილია), 50-მდე წლის მოხალისე მებრძოლი ბრიტანეთიდან, რომელსაც სრილიად შემთხვევით შევხვდით კიევი-პერემიშლის მატარებელში.

ამბობს, რომ უომია თითქმის ყველა ცხელ წერტილში, მათ შორის ავღანეთში, ერაყსა და სირიაში, მაგრამ ასეთი ინტენსივობის ბრძოლები იქ არ ყოფილა. მას პოლონეთის საზღვრისკენ მიმავალ მატარებელში შევხვდით. გვეუბნება, რომ დასასვნებლად სახლში ბრუნდება რამდენიმე კვირით, შემდეგ კი აუცილებლად ჩამოვა უკან და რუსებთან ბრძოლას გააგრძელებს. ის ევროპელ და ამერიკელ მოხალისეებთან ერთად (მათ შორის, ამბობს, რომ ქართველებიც არიან) ხარკოვთან იბრძოდა. მისი აღქმით, ეს კონფლიქტი დიამეტრულად განსხვავებულია სხვა ომებისგან, სადაც იმ მხარეს იყოს-ხოლმე, რომელსაც უპირობო ტექნოლოგიური უპირატესობა ჰქონდა.

„ჩვენ ასიმეტრიულ ომს ვიყავით მიჩვეულნი, როცა გაქვს საჰაერო მხარდაჭერა, არტილერია, ჯავშანტექნიკა და ჯაველინები, მტერს კი მხოლოდ კალაშნიკოვი. აქ არის ზუსტად საპირისპირო. „სად ჯანდაბაშია ჩვენი ვერტმფრენები?!" - იძახდნენ თავიდან ჩემი თანამებრძოლები," - მწარედ იცინის კიმი.

„რუსებთან პირდაპირი შეტაკებები თითქმის არ გვაქვს. ძირითადად არტილერიით გვირტყამენ, მერე კი მოდის „ვაგნერი" და სპეცრაზმი," - ამბობს კიმი, თუმცა ასკვნის, რომ, მიუხედავად მტრის უპირატესობისა შეიარაღებაში, საბოლოო ჯამში უკრაინა ამ ომს მოიგებს.

საერთოდ, იმაში, რომ ომს მოიგებენ, უკრაინელებს ეჭვი არ ეპარებათ. ყოველ შემთხვევაში, ეს გვითხრა ყველამ, ვისაც კიევში, ჩერნიგოვსა და ზაპოროჟიაში ველაპარაკეთ. მეტიც, ეჭვი არ ეპარებათ, რომ იმ ტერიტორიებსაც დაიბრუნებენ, რომელთაც ახლა რუსეთის ჯარი აკონტროლებს, მათ შორის დონბასსაც და ყირიმსაც. იმის გაგონებაც არ უნდათ, რომ შეიძლება დაიდოს ისეთ ზავი აგრესორთან, რომელიც, მშვიდობის სანაცვლოდ, ტერიტორიების დათმობას გულისხმობს.

„თუ უკრაინის მთავრობა რუსეთს თავის ტერიტორიებს დაუთმობს, ეს პოლიტიკური კატასტროფა იქნება, და ამას ვერავინ ვერ გაბედავს," - ამბობს უკრაინის რადას დეპუტატი პეტრო პოროშენკოს ოპოზიციური ბლოკიდან, ვლად არიევი.

„ჩვენი არმია მართლაც ძალიან მოტივირებულია, მაგრამ, ხომ იცით, ხის ჯოხით ტანკის წინააღმდეგ ბრძოლა რასაც ნიშნავს... აუცილებლად უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი მიწები და ამისთვის გვინდა იარაღი, იარაღი და კიდევ იარაღი... მოტივაციას არ ვუჩივით, ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს. რაც მეტს მოგვცემენ იარაღს, მით უფრო მეტ ტერიტორიას დავიბრუნებთ...

„ამას გარდა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დახმარება იქნება, თუ ყველა მომხმარებელი შეწყვეტს რუსული ენერგომატარებლების ყიდვას და მის მომარაგებას ისეთი მასალით, როგორიცაა, მაგალითად, ელექტრონიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ჩიპები და ა.შ., რაც იარაღის წარმოებისთვის არის აუცილებელი. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ გვინდა რუსეთის დემილიტარიზაცია. ეს მთელი ევროპის, მთელი მსოფლიოს ინტერესშია," - გვითხრა არიევმა, ყოფილმა ჟურნალისტმა, რომელიც უკვე 15 წელია აქტიურად არის ჩაბმული უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ეს კიდევ რბილი შეფასებაა, ბევრი უკრაინელი კიდევ უფრო რადიკალურია. „თუ მთავრობა თუნდაც ერთ გოჯ მიწას გაუფორმებს პუტინს, მეორე დღესვე ხალხი გამოვა და ამ მთავრობას დაამხობს," - ამბობს ალისა, 32 წლის ფილოლოგი და მთარგმნელი კიევიდან.

აქ დიდი იმედი აქვთ დასავლეთის დახმარების, განსაკუთრებით უახლესი საარტილერიო სისტემების ამერიკიდან და საფრანგეთიდან, რომლებიც უფრო შორს და ზუსტად ურტყავენ, ვიდრე რუსული ანალოგები. ამ შეიარაღების ნაწილი უკვე უკრაინაშია, ნაწილი კი გზაშია და მალე ფონტზე გამოჩნდება.

ზოგადად მთელ ქვეყანაში მყარი საბრძოლო განწყობაა, ყოველ ნაბიჯებზე ნახავთ პლაკატებსა და ფირნიშებს ანტი-საოკუპაციო რიტორიკით. „რუსკი კორაბლ იდი ნახ..." ხომ საერთოდ პოპ-კულტურის ისეთივე ნაწილი გახდა, როგორც ბორშჩი და სალო. ამ განწყობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა ფირნიშები ზაპოროჟიას მთავარ ქუჩაზე, სადაც გამოსახულია რუსული ტანკი და ინსტრუქცია იმის შესახებ, სად იქნება ყველზე ეფექტური მოლოტოვის კოქტეილის სროლა მის დასაწვავად.

ეს არც არის დიდად გასაკვირი იმ სისასტიკეების ფონზე, რაც რამდენიმეკვირიანი ოკუპაციის დროს კიევის ოლქის ქალაქებში ოკუპანტებმა ჩაიდინეს. ყველგან, ირპენი იქნება ეს თუ ბოროდიანკა, მათ მხეცობებზე საუბრობენ, თუმცა ამ მოვლენების, ასე ვთქვათ, კულმინაცია ბუჩაში დაფიქსირდა.

მამა ანდრია, ბუჩას წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, ამბობს, რომ ეკლესიის ეზოში 116 ადამიანი თავად დამარხა. აქედან 30 ქალი და სამი ბავშვი. იმიტომ, რომ სხვა შანსი არ იყო - ადგილობრივ სასაფლაოსთან ოკუპანტების ბლოკ-პოსტი იყო და ყველას ესროდნენ, განურჩევლად სქესისა და ასაკისა.

ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტი სისასტიკე და სამხედრო დანაშაული იქნა ჩადენილი, რამაც მთელი მსოფლიო აღაშფოთა. მამა ანდრიას თქმით, მარტო ბუჩაში 400-მდე ადამიანია დაღუპული, რაც მთლიანად კიევის ოლქში მსხვერპლის თითქმის მესამედია (სულ, ოფიციალური ცნობებით, კიევის ოლქში 1300-მდე ადამიანი შეეწირა აგრესიას).

გულისწუხილით ამბობს, რომ ამის გამო არავინ დასჯილა, და პირიქით, რუსეთის არმიის იმ ნაწილს, რომელიც ბუჩაში მხეცობებს სჩადიოდა, აქედან გასვლის შემდეგ ელიტური გვარდიული დანაყოფის სტატუსი მიანიჭეს.

ეკლესიას გარედან მრავალი დაზიანება ეტყობა, ძირითადად ავტომატური იარაღიდან და ტყვიამფრქვევიდან მიყენებული. მამაო იხსენებს, რომ ცეცხლი ტაძარს 27 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს კადიროველების რაზმმა გაუხსნა, რომელიც მიმდებარე ქუჩაზე მოძრაობდა. არ არის დარწმუნებული, რომ ეს შეგნებულად გაკეთდა (თუმცა არც ამას გამორიცხავს, რომ უბრალოდ გასართობად დაეცხრილათ), შეიძლება რაიმე საფრთხე იგრძნეს, ამიტომ ისროლეს და ეკლესიას შემთხვევით მოხვდაო, გვიყვება.

არც ერთი სახლი, არც ერთი ბინა არ დაუტოვებიათ რუსებს გაუძარცვავი, აგრძელებს მამაო. იყო მხეცობების, მათ შორის მკვლელობების, გაუპატიურებისა და წამების არაერთი შემთხვევა. იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც მისი მონაწილეობით დაასაფლავეს, ტყვიით იყო მოკლული და მშვიდობიანი მაცხოვრებლები იყვნენ.

კითხვაზე, ის რუსი ჯარისკაცები რომ მივიდნენ და შენდობა სთხოვონ, რას იზამს, ამბობს, რომ შეუნდობს და, შეიძლება ითქვას, ეს უკვე გააკეთა კიდეც, რადგან ეკლესიის ეზოში დამარხულებს შორის ოთხი რუსი ჯარისკაცის ცხედარია.

მამა ანდრია უკრაინის იმ ეკლესიას მოძღვარია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს არ ექვემდებარება. ამბობს, რომ რეგიონში არც ერთ ეკლესია არ გადარჩა დაუზიანებელი, განურჩევლად იმისა, მოსკოვის სამწყსოში იყო თუ არა. მაგალითად, ბუჩაში დაიღუპა უკრაინის საპატრიარქოს ღვთისმსახური, მაშინ როცა ირპენში დაბომბვას შეეწირა მოსკოვის საპატრიარქოს მოძღვარი. ეს უკანასკნელი, მამა ანდრიას თქმით, გამოკვეთლად პრორუსული რიტორიკით ყოფილა გამორჩეული.

„მაგრამ, ხომ იცით, ჭურვი ასეთ რაღაცეებს არ არჩევს," - ამბობს მამაო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×