თამთა ჩაჩანიძე
30.06.2022

ნატოს 28-30 მადრიდის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სტრატეგიული კონცეფცია დაამტკიცეს, სადაც ნათქვმია, რომ რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უშუალო საფრთხეა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევროატლანტიკურ ზონაში, ამასთან ალიანსი აგრძლებს პარტნიორობას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა და უკრაინასთან, რათა საერთო ინტერესი გაძლიერდეს ევროატლანტიკური მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, როგორც ჩანს, ნატო იმ საფრთხისთვის მზად არ იყო, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია. ამ სამიტიდან კი ნათელი გახდა, რომ ნატო უფრო მეტად გაძლიერდება.

ნატოს გენმდივანმა განაცხადა, რომ როდესაც სამყარო იცვლება, ნატო უნდა შეიცვალოს და როდესაც ყველაფერი სწრაფად ხდება, ალიანსს სწრაფი რეაგირება სჭირდება.

„ჩვენ რეალურად ვემზადებოდით დიდი ხნის განმავლობაში. არ არის ისე, რომ თითქოს 24 თებერვალს მოულოდნელად ნატომ გაიღვიძა და მიხვდა, რომ რუსეთი საშიში და სახიფათოა. უკრაინაში რუსეთის შეჭრა ძალიან ზუსტად იწინასწარმეტყველეს ჩვენმა დაზვერვის სამსახურებმა. ჩვენ საჯაროდ გავაზიარეთ დაზვერვის ანგარიშები გასულ შემოდგომაზე და ძალიან ზუსტად ვიწინასწარმეტყველეთ, რომ რუსეთი გეგმავდა უკრაინაში შეჭრას. მოხდა ის, რაც ვიწინასწარმეტყველეთ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ჩვენ რუსეთს დავუკავშირდით და შევხვდით, მაგრამ მათ განაგრძეს გეგმების განხორციელება და შეიჭრნენ უკრაინაში. რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვემზადებოდით ამისათვის 2014 წლიდან. გავზარდეთ ნატოს ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ნატოს მოკავშირეებმა დაიწყეს მეტი ინვესტიციის ჩადება თავდაცვაში. ახლა ვმუშაობთ ძალების ახალ სტრუქტურაზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსის განახლებული სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცება, მადრიდის სამიტის ერთ-ერთი უმთავრესი გადაწყვეტილება იყო. ალიანსი მიიჩნევს, რომ რუსეთი ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უშუალო საფრთხეა.

„რუსეთი ცდილობს იძულების, დივერსიის, აგრესიისა და ანექსიის გზით გავლენისა და პირდაპირი კონტროლის სფეროების ჩამოყალიბებას. რუსეთი იყენებს ჩვეულებრივ, კიბერ და ჰიბრიდულ საშუალებებს ჩვენსა და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ. რუსეთის რიტორიკა და დადასტურებული მზადყოფნა გამოიყენოს ძალა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

„ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ყველა მოკავშირის თავდაცვას, გავაძლიერებთ ჩვენს მედეგობას და მხარს დავუჭერთ ჩვენს პარტნიორებს მავნე ჩარევისა და აგრესიის წინააღმდეგ. რუსეთის მტრული პოლიტიკისა და ქმედებების ფონზე, ჩვენ ვერ მივიჩნევთ რუსეთს ჩვენს პარტნიორად. თუმცა, ჩვენ მზად ვართ შევინარჩუნოთ ღია კომუნიკაციის არხები მოსკოვთან რისკების მართვისა და შემცირებისთვის, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. ჩვენს ურთიერთობაში ნებისმიერი ცვლილება დამოკიდებულია რუსეთის მიერ თავისი აგრესიულ ქცევის შეჩერებასა და საერთაშორისო სამართლის სრულად შესრულებაზე", - ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან"აცხადებს, სამიტიდან ნათელი გახდა, რომ ნატოს ამოცანები გაფართოვდა, ალიანსი გაძლიერდება ბალტიის შავი და ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში, გააძლიერებს სამხედრო წვრთნებს და სამხედრო პოტენციალს.

„პირველ რიგში ნატოში შეიცვალა ის, რომ ახალი სტრატეგიული კონცეფცია მიიღეს, სადაც პირდაპირაა დაფიქსირებული, რომ რუსეთი მტერია. ასევე ჩინეთი ერთგვარი მოწინააღმდეგეა. შესაბამისად ალიანსის სტრუქტურები ახლა სწორედ ამ ორი ძალის შესაკაvებლად იქნება მიმართული. ეს სამიტიდანაც ჩანდა, რადგან ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, როგორიებიცაა ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, ტუნისი, მავრიტანია. ასეთი რამ ადრე არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ნატოს ამოცანები გაფართოვდა.

„მართალია დაფიქსირდა, რომ ნატო კოლექტიური თავდაცვის პრინციპზე მოქმედი ორგანიზაციაა, მაგრამ მისი ამოცანები რუსეთისა და ჩინეთის საფრთხეების აღსაკვეთად უკვე კონკრეტული მიმართულებით დაფიქსირდა. ჩინეთიდან კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეები მოდის, ხოლო რუსეთიდან უკვე საომარი საფრთხე და ამისთვის ევროატლანტიკურ სივრცეში სწრაფი რეგირების შენაერთები 40-იდან 300 ათასამდე იზრდება. როგორც მე ვხვდები, ნატოს კოალიციური ძალების შემადგენლობაში სადივიზიო ელემენტიც დაემატა, რაც საკმაოდ სერიოზული განაცხადია.

„ალიანსს კიდევ დაემატა ახალი ტექნოლოგიების დაგეგმარების ცენტრი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სამხედრო ტექნოლოგიებზე იქნება მიმართული. ალიანსში ენერგო უსაფრთხოების თემაც აქტუალურად წამოიწია, რომ ასეთი დიდი შეიარაღებული ძალების ფონზე, იმდენი ენერგორესურსის ათვისება მოხდეს, რომელიც შემდეგ სამხედრო ოპერაციების განვითარებას ეფექტურად წარმართავს.

„ადრე საქართველო და უკრაინა ერთ კონტექსტში იყო მოხსენიებული, ახლა კი სამწუხაროდ საქართველო ისეთი ქვეყნების კალათაში გადავიდა, როგორიცაა მოლდოვა, ბოსნია ჰერცოგოვინა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. უკრაინა ახლა საომარ მდგომარეობაშია, თუმცა შეიარაღებას თანდათან აწვდიან და ნატოს სტანდარტებს უახლოვდება და დე ფაქტოდ ადაპტაციას ახდენს. ჩემი აზრით, უკრაინა უკვე გამოყოფილია, თუმცა კონფლიქტისა და რიგი პრობლემების გამო ნატოშიც უკრაინას კარს ჯერჯერობით არ უღებენ. ახლა მთავარია, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ და ჩვენ ინსტიტუტებით გავძლიერდეთ.

„თავად ნატოც, როგორც ჩანს, ამ საფრთხეებისთვის მზად არ იყო. ახლა ამ სამიტიდან ნათელი გახდა, რომ ის ბალტიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში გაძლიერდება. წვრთნებს და სამხედრო პოტენციალს გააძლიერებს და ა.შ. რაც შეეხება ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების ფონზე რუსეთის სარკისებურ პასუხს, ჩემი აზრით, პუტინი სამხედრო შენაერთებს გააძლიერებს (ოპერატიულ სტრატეგიულ სარდლობა „დასავლეთს" და „ჩრდილოეთს") დამრტყმელი შეიარაღების კომპონენტებს განათავსებს, როგორიებიცაა „ისკანდერები". ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით სტრატეგიული დანიშნულების ავიაციას უფრო ახლოს მისწევს და ბალტიის ფლოტის შესაძლებლობებს უფრო გააძლიერებს, ეს იქნება ძირითადი ასიმეტრიული პასუხი რუსეთისგან ნატოს მიმართულებით ფინეთისა და შვედეთის კუთხით," - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×