უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მოუწოდებს, ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენონ ტერიტორიის დასატოვებლად და აანონსებს მძიმე ბრძოლებს. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ უკრაინას უკვე აქვს საკმარისი რესურსი და ახალი თანამედროვე შეიარაღება წარმატებული კონტრშეტევების გასახორციელებლად.
მისივე თქმით, აღნიშნული განცხადების გავრცელების მიზეზი გასაგებია, რადგან ეს წარმოადგენს ფსიქოლოგიური ომის კლასიკურ მაგალითს, რომელიც მიმართულია ოკუპანტების წინააღმდეგ.
ამასთან, უკრაინულ მხარეს სურს ყველანაირი გზით შეაფერხოს იმ რეფერენდუმის ჩატარება რომელიც რუსულმა მხარემ გადაწყვიტა ჩაატაროს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ეს გასაგებიცაა, რადგან უკრაინის მიერ შედარებით წარმატებით მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები ხერსონის მიმართულებით, ამასთან, უკრაინული მხარე ცდილობს ჩაშალოს ე.წ რეფერენდუმის ჩატარება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის მიხედვითაც ადგილობრივმა მოსახლეობამ თითქოს უნდა აირჩიოს რუსეთთან მიერთება. ამგვარი განცხადებებით კი უკრაინის ხელისუფლება ცდილობს გაათავისუფლოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დღეს არის რუსეთის ტყვეობაში. ეს გასაგებია და ამ ქმედებებს გააჩნია პოლიტიკური მნიშვნელობა.
„რაც შეეხება ხარკოვს, ბუნებრივია ეს არის უკრაინის მეორე დედაქალაქი და მნიშვნელოვანი ობიექტი. აქაც მნიშვნელოვანია შენარჩუნება ამ ქალაქის და გაწმენდა ოკუპანტებისგან. ეს განცხადებაც, რა თქმა უნდა, არის ფსიქოლოგიური ომის კლასიკური მაგალითი, რაც მიმართულია უშუალოდ მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.
„გარდა ამისა, კონტრშეტევისთვის გარკვეული რესურსებიც აქვს უკრაინას, თავად რუსული წყაროები აცხადებენ, რომ უკრაინულ მხარეს მობილიზებული ჰყავს მილიონამდე ადამიანი. ყოველ შემთხვევაში უკრაინას აქვს დასავლეთიდან მიღებული თანამედროვე შეირაღება, ამას პლიუს მათ შეძლეს ოპერატიული დაჯგუფებების შექმნა, რაც არის აქტიური თავდაცვითი სტრატეგია, აქამდე ახორციელებდნენ წრიულ თავდაცვით სტრატეგიას.
„ახლა კი გადასულები არიან აქტიურ თავდაცვაზე, რომელიც გამოაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ. ეს ყველაფერი კი იძლევა საშუალებას წარმატებული კონტრშეტევები განახორციელოს უკრაინამ". - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".
„ხერსონის და ზაპოროჟიეს მოსახლეობას ყველა შესაძლო საშუალებით ევაკუაციისკენ მოვუწოდებ - უზარმაზარი ბრძოლა იქნება" - ამის შესახებ განცხადება უკრაინის ვიცე პრემიერმა გააკეთა. მისივე თქმით, რუსეთშიც რომ გახორციელდეს მოსახლეობის გადასვლა, ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე ამ ტერიტორიებზე დარჩენა.
„რაც არ უნდა რთული იყოს სიტუაცია ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, მაინც, ნებისმიერ შემთხვევაში, ხერსონის ან ზაპოროჟიეს ოლქების „ტერიტორიაზე ყოფნა ბევრად უარესი და საშიშია. რუსეთშიც რომ განახორციელონ მათი დეპორტი, ჩვენ მაინც ვიპოვით გზას, რომ დავეხმაროთ ხალხს დაბრუნებაში,"- აღნიშნა ვერეშჩუკმა.
მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე სასტიკი ბრძოლაა მოსალოდნელი, ვინაიდან უკრაინული ძალები მათ დეოკუპაციას გეგმავს.
"ჩვენი შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას აპირებს. იქნება უზარმაზარი ბრძოლები. არავის შეშინება არ მინდა, ყველას ყველაფერი ისედაც ესმის", - აღნიშნა ვერეშჩუკმა და მოსახლეობას „ყველა შესაძლო საშუალებით ევაკუაციისკენ" მოუწოდა.