თეონა ვეშაგური
11.07.2022

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ უკრაინის სამხრეთის დეოკუპაციის ბრძანება გასცა. პოლიტოლოგი და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინას იმ შემთხვევაში ექნება კონტრშეტევების გასახორციელებლად შესაბამისი რესურსი და ძალა თუ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გაუწევენ დასავლელი პარტნიორები.

„ვიმედოვნებ, რომ მსგავსი ბრძანება ზელენსკის არ გაუცია შესაბამისი მობილიზაციის გარეშე. დემოგრაფიული თვალსაზრისით ხალხის ანტირუსული განწყობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლისთვის მზადყოფნის მხრივ, არ უნდა იყოს პრობლემა ამ ტერიტორიების დეოკუპაციასთან დაკავშირებით.

„ახლა მთავარი არის ის თუ რამდენად შეძლებს მთელი მსოფლიო ისე დაუჭიროს მხარი უკრაინას, რომ ეს ახლადმობილიზებული ძალა იყოს კარგად აღჭურვილი, რათა სათანადოდ მოახდინონ კონტრშეტევების გახორციელება და ბრძოლა რუს ოკუპანტებთან.

„მე მგონია, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წინ ვერ დაუდგება რუსეთის არმია, თუ დეოკუპაციისთვის დაგეგმილი ოპერაციები იქნება კარგად მობილიზებული, ამასთან, დასავლელი პარტნიორები გაუწევენ შესაბამის დახმარებას. რადგან უკრაინის ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ოკუპირებული სამხრეთ ნაწილი, განსაკუთრებით კი სანაპირო ზოლები", - განაცხადა მენაღარიშვილმა.

როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ბრიტანულ გაზეთ „ზე თაიმს" - თან ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს უბრძანა, დაიკავონ სამხრეთის სანაპირო რეგიონები, რისთვისაც უკრაინა აგროვებს მილიონობით სამხედრო ძალას.

„უკრაინა აგროვებს საბრძოლო ძალებს, რომლებიც აღჭურვილნი არიან დასავლური იარაღით, რათა დაიბრუნონ თავიანთი სამხრეთ ტერიტორია რუსეთისგან", - წერს გამოცემა.

რეზნიკოვის თქმით, ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს უბრძანა, დაებრუნებინათ ოკუპირებული სანაპირო ზონები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას გეგმების შემუშავება დაავალა. ამის შემდეგ გენერალური შტაბი გვეტყვის, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ა, ბ, გ... ეს ჩემი საქმეა. მე ვწერ წერილებს პარტნიორ ქვეყნებში კოლეგებს, გენერლები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ გვჭირდება ასეთი ტიპის იარაღი და შემდეგ ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს", - აცხადებს რეზნიკოვი.

უკრაინის მობილიზაციის პარალელურად, უკვე 137-ე დღეა რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალები დონბასზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ. უკრაინულ არმიას მტრის შეკავება ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე უწევს.

უკრაინული მხარე ოკუპანტების გადაჯგუფების შესახებ იუწყება. მარიუპოლის მერის თქმით, რუსი დამპყრობლები, მარიუპოლის გავლით, ბერდიანსკისკენ მიიწევენ. მისივე ცნობით, ქალაქ ბერდიანსკში „ვი" და „ზეტ" ნიშნების მქონე დიდი კოლონა და ხუთი ავტობუსი გაემგზავრა, რომლებითაც სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავთ. ასევე, გადააქვთ სამხედრო ტექნიკის ნაწილი საწყობიდან.

პარალელურად, გრძელდება ხარკოვის დაბომბვა. რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ქალაქში საბავშვო ბაღსა და პოლიკლინიკაზე მიიტანეს.

რაც შეეხება დონეცკს ოლქს, ქალაქ ჩასივ-იარში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ამოყვანა მოხერხდა. მაშველების ინფორმაციით, კონტაქტი დამყარებულია ნანგრევების ქვეშ დარჩენილ სამ ადამიანთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×