თეონა ვეშაგური
11.07.2022

რუსეთის ფედერაცია ევროპის რეგიონს "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით შეუწყვეტს. ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთის მხრიდან წამოსული ქმედებები არის ზეწოლა, რათა ევროპამ უარი თქვას რუსეთის ენერგომატარებლების ჩანაცვლებაზე.

ოფიციალური წარმომადგენლობის განმარტებით, ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად სახელდება ტექნიკური სამუშაოები, რომელიც 11 ივლისიდან 21 ივლისამდე უნდა გაგრძელდეს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მილსადენის საშუალებით გერმანია რუსეთიდან ყოველწლიურად 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს და მის გამართულ ფუნქციონირებას ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ მთელი ეს ღონისძიება რუსეთის მხრიდან ემსახურება დასავლეთზე ზეწოლის მოხდენას უკრაინის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო.

„მთელი ეს ღონისძიება მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ რაღაცნაირად შეუქმნან დისკომფორტი დასავლეთს, რადგან, მათ გადაწყვიტეს უკრაინის ომის ფონზე ჩაანაცვლონ რუსული ენერგომატარებლები. იციან, რომ კიდევ უფრო გართულდება სიტუაცია ზამთარში. რუსეთის მიზანია, შეარბილონ მათკენ მიმართული ზეწოლა, რათა ევროპამ უარი თქვას რუსეთის ენერგომატარებლების ჩანაცვლებაზე.

„მე არ მგონია რაიმე შედეგი ჰქონდეს ამ ძალისხმევას, რადგან უკვე შეგუებულია ამას დასავლეთი, პირიქით, აქამდეც შერყეული იყო რუსეთის იმიჯი როგორც არასტაბილური მიმწოდებლის და ახლა კიდევ უფრო შეირყა. რაც აიძულებს დასავლეთს უფრო სწრაფად მოიძიონ ალტერნატიული გზები.

"ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა ინტერესი ყაზახეთის მიმართ, რამაც დაძაბა ყაზახეთ-რუსეთის ურთიერთობა. მათ სურთ რუსეთის შემცვლელი დერეფნები აამუშავონ ამ მიმართულებით, რაც კიდევ დააზიანებს რუსეთის ეკონომიკას. ახლა რუსეთი ცდილობს რამენაირად შეაფერხოს ევროპის ძალისხნმევა რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით", - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიება კონტრზომების მიღების მცდელობაა რუსეთის მხრიდან, რომელიც პირველ რიგში მას დააზარალებს.

„რუსეთი ცდილობს ზეწოლა გააძლიეროს დასავლეთზე, ამის გაკეთება კიდევ უფრო შეეძლება ზამთარში. აღნიშნული ნაწილობრივ უკავშირდება ზელენსკის მიერ დაანონსებულ კონტრშეტევებსაც. რუსეთს სურს რამენაირად შეამციროს უკრაინის მხარდაჭერა ევროპის მხრიდან, რადგან იზრდება სამხედრო დახმარება, განსაკუთრებით აშშ-დან.

„გაღიზიანებულია რუსეთი და ცდილობს მიიღოს კონტრზომები. ბუნებრივი აირის დროებით შეწყვეტაც სწორედ ეს ზომაა, თუმცა, მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში უფრო დაზარალდება თავად რუსეთი, იქედან გამომდინარე, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე ბუნებრივი აირის ექსპორტის შედეგად რუსული მხარე ყოველთვიურად იღებდა დაახლოებით 400 მილიარდი ევროს შემოსავალს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით ევროპელი ექსპერტები შეშფოთებას გამოხატავენ და ვარაუდობენ, რომ ამ შესაძლებლობას რუსეთი პოლიტიკური ზეწოლის გასაზრდელად გამოიყენებს. სავარაუდოდ, შეფერხების პერიოდი დაგეგმილთან შედარებით რამდენიმე დღით გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს ევროპის მასშტაბით არსებულ ენერგეტიკულ კრიზისს, რითაც რუსეთი კიდევ ერთხელ მიიღებს ძალის დემონსტრირების საშუალებას.

ზემოხსენებულ პროგნოზს იზიარებს გერმანიის ენერგეტიკის სამინისტროც, რომელმაც შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გასცა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა, მათ შორისაა, რეზერვების შევსება და მოხმარების შემცირება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×