ომის დაწყებიდან 138-ე დღეს, რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი რჩება. ქალაქზე თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ოკუპანტების სამიზნე გახდა ქალაქის ერთ-ერთი სკოლაც - შენობა მთლიანად განადგურდა.
დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივიარში კი ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში საცხოვრებელ კორპუსზე, "ურაგანის" ტიპის რაკეტებით მიიტანეს. შედეგი მძიმეა - დაიღუპა 15 მშვიდობიანი მოქალაქე, 10-მდე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, 20-ზე მეტი ადამიანი კი ნანგრევების ქვეშ რჩება და მაშველები მათ გამოყვანას ცდილობენ.
დღის ბოლოს, დონეცკის ოლქში, კიდევ რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ამჯერად რუსეთის სამიზნე კიევის რეგიონი გახდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, ადგილობრივი ხელისუფლება კი მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
აფეთქებები და ხანძრებია ჰერსონის ოლქში. რეგიონის დიდ ტერიტორიებზე იწვის მინდვრები და ტყეები, კრიტიკული ვითარებაა ოლქის რამდენიმე დასახლებაში.
ოკუპანტები რომ საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს მიზანმიმართულად ახორციელებენ, ამას ქვეყნის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამის შეჩერება უკრაინას მხოლოდ თანამედროვე, მაღალი სიზუსტის იარაღით შეუძლია.
რუსებმა იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. ოკუპანტებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს სამრეწველო საწარმოზე, შენობა მთლიანად განადგურდა.
ასევე, ხარკივში სამი აფეთქების ხმა გაისმა. რუსული რაკეტა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ექვსსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შენობა ნაწილობრივ განადგურებულია. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი მოხუცი ქალის ამოყვანა შეძლეს.
აფეთქებები იყო მიკოლაივსა და სუმის ოლქშიც. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუსმა სამხედროებმა ჭურვები ბახმუტის მიმართულებითაც გაისროლეს, რამაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია. დამწვარია შვიდი კერძო სახლი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების საარტილერიო ბრიგადის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს ხერსონის ოლქში. უკრაინული გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი ტექნიკური ზარალი მიიღეს, მოკლულია 40-მდე რუსი მებრძოლი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი განცხადებით, ყველა რუსი მკვლელისთვის სასჯელი გარდაუვალია.
უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივიარზე სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა, ვინც მსგავსი დარტყმების თაობაზე ბრძანებებს გასცემს, განზრახ ახორციელებს ამას.
"დონეცკის ოლქში განადგურებულია ორი მაღალსართულიანი შენობა. ნანგრევების ქვეშ ათობით ადამიანი იმყოფება, ექვსი გადაარჩინეს. გარდაცვლილთა სიაში 15 გვარია და, სამწუხაროდ, ეს საბოლოო რიცხვი არ არის. ყველას, ვინც დაბომბვა და სხვა სარაკეტო დარტყმები განახორციელა, როგორც ხარკივის ოლქის, ზაპორიჟიის, კრივი რიჰის, სივერსკისა და ვუჰლედარის შემთხვევაში - ყველას იპოვნიან.
“მოგეხსენებათ, ნაცისტ მკვლელებს 90 ან 100 წლის ასაკშიც პოულობენ და ასამართლებენ. მათ იჭერენ მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, არ გვინდა ამდენ ხანს ლოდინი. მაგრამ მოვიყვან ამ მაგალითს იმის საჩვენებლად, რომ სასჯელი გარდაუვალია ყველა რუსი მკვლელისთვის. ამ შემოჭრის დაწყებიდან უკრაინელი სამართალდამცავები აკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ოკუპანტების დანაშაულების აღსანუსხად და მტკიცებულებების შესაგროვებლად. ამ საქმეში მრავალი ქვეყნიდან ჩვენი პარტნიორები არიან ჩართული," - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს უბრძანა, დაიკავონ სამხრეთის სანაპირო რეგიონები, ამისთვის უკრაინა აგროვებს მილიონობით სამხედრო ძალას. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ბრიტანულ გაზეთ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინა აგროვებს საბრძოლო ძალებს, რომლებიც აღჭურვილნი არიან დასავლური იარაღით, რათა დაიბრუნონ თავიანთი სამხრეთ ტერიტორია რუსეთისგან“, - წერს გამოცემა.
რეზნიკოვის თქმით, ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს უბრძანა, დაებრუნებინათ ოკუპირებული სანაპირო ზონები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.
„ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას გეგმების შემუშავება დაავალა. ამის შემდეგ გენერალური შტაბი გვეტყვის, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ა, ბ, გ... ეს ჩემი საქმეა. მე ვწერ წერილებს პარტნიორ ქვეყნებში კოლეგებს, გენერლები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ გვჭირდება ასეთი ტიპის იარაღი და შემდეგ ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა კრასნოპილას მიმართულებით მტრის თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით, რუსული ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ ძალისხმევას ხარკოვის მიმართულებით ოკუპირებული ხაზების შენარჩუნებაზე.
„სლოვიანსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა დიბროვნეს, მაზანივკას, ბოჰოროდიჩნეს, ადამივკასა და კურულკას გარეუბნები.
დონეცკის მიმართულებით შეინიშნება, რომ მტრის ქვედანაყოფები ემზადებიან საბრძოლო მოქმედებების გასააქტიურებლად კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებებით.
ნოვოპავლივსკის მიმართულებით მტერი ახორციელებს თავდასხმებს ტაქტიკური პოზიციის გასაუმჯობესებლად. საკონტაქტო ხაზის გასწვრივ ოკუპანტები ახორციელებენ სისტემატურ საცეცხლე შეტევას თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციებზე მათი მოქმედების შეზღუდვის მიზნით,“ - აცხადებენ გენშტაბში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბახმუტის მიმართულებით მოწინააღდმდეგე ცეცხლს ხსნის ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან ბერესტოვთან, პოკროვსკესთან, სოლედართან, ზაიცევესთან, ვერშინასთან, ნოვოლუჰანსკესთან, კლიშჩიივკასთან და ნიუ-იორკთან.
„მარინკას მიმართულებით ოკუპანტების მხრიდან მორიგი შეტევის მცდელობა მთლიანად ჩაიშალა. ჩვენი ჯარისკაცების ცეცხლის ქვეშ ოკუპანტები სამარცხვინოდ უკუიქცნენ“, - აცხადებენ გენშტაბში.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ უკრაინას ბრძოლები გაუჭირდება თუკი დაპირისპირება ბელარუსია-რუსეთის გაერთიანებულ სამხედრო ძალებთან მოუწვეს. თუმცა, ფრონტის ხაზზე ახლა უკრაინას წარმატებები აქვს და ეს კუნძულ ზმეინის აღებაც ამას ცხადყოფს.
„ამ ეტაპზე ბრძოლის ველზე რუსეთ-უკრაინას შორის სამხედრო ძალთა თანაფარდობაა და ეს გათანაბრება დასავლეთიდან წამოსულმა სამხედრო დახმარებამ განაპირობა. უკრაინამ მიიღო გარკვეული სახის ირაღი, რომლის მეშვეობითაც ოდესა-ნიკოლაევის მიმართულებით წარმატებები აქვს.
“სწორედ ეს არის ალბათ მიზეზი რის გამოც პუტინი გაღიზიანებულია. რუსებს გარკვეულ წილად ხერსონის მიმართულებითაც თავდაცვით ბრძოლაზე გადასვლა მოუწიათ. ხარკოვის მიმართულებითაც საკმაოდ ცუდი სიტუაცია აქვთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც რუსეთი დასავლეთს დაემუქრა, რომ სრულმასშტაბიან სამხედრო ძალას აამოქმედებს და ეს ძალა ბელარუსიიდან იქნება დახმარებული“,-ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, მუქარა ძალიან ღია და მკაფიოა, რომ ბელარუსი და რუსეთი ნატოს ღიად ემუქრებიან. პოლონეთზე თავდასხმა ავტომატურად მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს. მაისაია ამ რისკებს ხედავს და ფიქრობს, რომ ჰიბრიდული ომის შემდეგ სულ რაღაც ერთი ნაბიჯია დარჩენილი, რომ ნატოსა და რუსეთს შორის კონვენციური ომი დაიწყოს. ამიტომ ბელორუსი, როგორც ჩანს ამისთვის მზად არის და თუკი პოლონეთის წინააღმდეგ ასე იმუქრება, გარანტია არაა, რომ ის უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში არ ჩაებმება.
„სამწუხაროდ თუ ბელარუსი ომში ჩაერთო, პუტინის გეგმა იქნება, რომ კიევს ჩრდილოეთიდან დაარტყას. ეს უკვე საკმაოდ სახიფათო ელემენტებს მოიცავს. თუ ომის პირველი კამპანიის დროს რუსეთმა კიევის აღება ვერ შეძლეს, ახლა ბელარუსიასთან ერთად ეს შანსი სამწუხაროდ იზრდება. პუტინი კიევის და რომოლუსკის მიმართულებით დარტყმას აპირებს. კიევის საფრთხე რეალურია.
„თუკი მაშინ უკრაინის სამეხდრო ძალას დედაქალაქთან სერიოზული ძალების მობილიზების საშუალება ჰქონდა, ახლა ამის რესურსი აღარ აქვს. ჯარი ძალიან გადაღლილი და სხვადასხვა ფრონტებზე 3000 კილომეტრის მანძილზეც, ზიგზაგურად არის გაშლილი. პუტინმა ეს იცის და მისი ჩანაფიქრი ვერაგულია. ის კიევზე ხელის აღებას არ აპირებს და სამწუხაროდ მგონია, რომ ამისთვის ემზადება“,-ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.