უკვე აშკარაა ევროკომისიის რეკომენდაციებიდან პირველი პუნქტის შეუსრულებლობა, თუმცა ეს ვისი ბრალია, იმასაც კარგად ხედავენ ევროპაში - ამის შესახებ „ რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე საუბრობს. მისი თქმით, ოპოზიცია იმავე სცენარით მოქმედებს, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტის დროს, რაც დააზიანებს მათ იმიჯს მათივე დასავლელი მოკავშირეების თვალში.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ თუ როგორ დაუფარავად ცდილობს პროცესების ჩაშლას სააკაშვილის დესრტუქციული ფლანგი. ისევე როგორც ეს ხდებოდა შარლ მიშელის დოკუმენტზე, ხელმოწერა-არმოწერის დროს. ამასთან, ვნახეთ ე.წ. ბოიკოტიც 2020 წელს, როდესაც ლამის მთელი დასავლეთი მოუწოდებდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ. ახლაც იგივე მეორდება, რის გამოც აბსოლუტურად წარმოუდგენელია 12-იდან პირველი პუნქტის შესრულება, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას.
„ოპოზიცია რომ არ ჯდება ხელისუფლებასთან იმ თემებზე სასაუბროდ რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, არის ძალიან დასანანი ფაქტი, მაგრამ არაა გასაკვირი სააკაშვილისგან, რომელიც მუდმივად ცდილობს არეულობა იყოს ქვეყანაში.
„ფაქტია, რომ მუშაობა დაწყებულია 12 პუნქტის შესრულების საკითხზე. ამაში მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იმუშავებს პარლამენტი და ყველაფერი ჩატარდება იმ გეგმის მიხედვით, რომელიც წარადგინა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
„რაც შეეხება ოპოზიციის ქმედებების გავლენას კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, მათი ძალისხმებვა კიდევ უფრო დააზარალებს მათ იმიჯს მათივე დასავლელი მეგობრების თვალში. ვგულისხმობ იმ ცალკეულ ევროპარლამენტარებს, რომლებიც მუდმივად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს მათგან მოდის დაჟინებული რეკომენდაციები ოპოზიციის თანამშრომლობის საკითხზე. შესაბამისად სტატუსის მოცემაც იქნება დამოკიდებული არა მათ მოქმედებებზე, არამედ იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც ევროკომისიამ დაგვიწესა. უკვე აშკარაა პირველი პუნქტის შეუსრულებლობა, თუმცა ეს ვისი ბრალია იმასაც კარგად ხედავენ ევროპაში", - განაცხადა აბაშიძემ.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ მეორდება ის, რაც 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ იყო, როცა „ქართული ოცნება" მუშაობდა და რადიკალური ოპოზიცია პროცესს გაემიჯნა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო საქმიანობაში არ ერთვება.
„რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაციონალურ მოძრაობას" და მის გარშემო არსებული პარტიებს, ჩვენ ამ დღეებში ვაკვირდებით, რომ ისინი ჩიხში არიან, კიდევ ერთი მცდელობა ქვეყნის არევის და გადატრიალების, ჩაეფარცხათ და ეს ვნახეთ. ახლა არიან ჩიხში, უკვე 1 კვირაზე მეტია გვესმის მათგან სურვილი, რომ რიგგარეშე სხდომა მოიწვიონ და პრეზიდენტს მიმართონ, თუმცა ვხედავთ, რომ ვერ მიმართავენ. იმიტომ, რომ არც თემა, არც საკითხი არ იციან. რეგლამენტშიც ვერ ერკვევიან და არც მონაწილეობენ იმ პროცესში, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. როდესაც საუბარია რიგგარეშე სესიაზე და სხდომაზე, ის რომ საგაზაფხულო სესია დასრულდა, არ ნიშნავს, რომ ვისვენებთ. ჩვენ ვხედავთ კომიტეტის სხდომებს, სამუშაო ჯგუფებს, ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა 12 პრიორიტეტის შესასრულებლად. არსებობს 3 პარტია, რომელიც ამ პროცესს გაემიჯნა - „ნაციონალური მოძრაობა", „ლელო" და „სტრატეგია აღმაშენებელი". ეს ის სამი პარტიაა, რომელიც ისედაც „ნაციონალური მოძრაობის" ერთი გუნდია. ვხედავთ, რომ მეორდება ის, რაც 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ იყო, როდესაც „ქართული ოცნება" კეთილსინდისიერად მუშაობდა საკითხებზე და რადიკალური ოპოზიცია ამ პროცესისგან გამიჯნული იყო", - განაცხადა პაპუაშვილმა.