პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერილს ავრცელებს, რომელშიც „ქართული ოცნების" მმართველობაზე, პარტიის დამფუძნებელსა და არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს. ამბობს, რომ „კამპანიის ავტორებმა“ კეთილ ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ. მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ურჩევდა, შეეგუონ არსებულ მოცემულობას - მშვიდობას, სტაბილურობასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. ამ წერილმა უმალ გამოიწვია რეაქცია ოპოზიციიდან. ზოგი მიიჩნევს, რომ თავად ეს წერილი არის ოლიგარქიული მმართველობის მტკიცებულება, სხვები კი ივანიშვილს ჩრდილიდან გამოსვლასა და პოლიტიკაში ღიად დაბრუნებას ურჩევენ.
ღარიბაშვილის განცხადებით, მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ.
„რა თქმა უნდა, ბრძოლისა და უშიშრობის მაგალითს თანამებრძოლებს ყოველ ჯერზე პირველი სწორედ ბიძინა ივანიშვილი აძლევდა და ეს მაგალითი გუნდს ყველაზე მეტად აძლიერებდა, თუმცა გუნდის თითოეული წევრის ბრძოლა და გამბედაობა მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია. ხშირად ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიგო და გუნდის წევრებს თანამდებობები მოწყალების სახით დაურიგა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება გუნდის ნებისმიერი სხვა წევრის დამსახურებას ერთიორად აღემატებოდა, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ ვახტანგ გომელაურმა, ანზორ ჩუბინიძემ და სხვებმა სახელმწიფო სამსახურში საკუთარი წარმატება, პირველ რიგში, სწორედ თავიანთი თავგანწირვისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე შექმნეს,“ - წერს პრემიერი პარტიის დამფუძნებელზე.
მისივე თქმით, ის შიდა თუ გარე პარტნიორებს ურჩევს, შეეგუონ არსებულ მოცემულობას - მშვიდობას, სტაბილურობასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.
„ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს. ასეთ პირობებში, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას - მშვიდობას, სტაბილურობასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ როცა სვლა არ გაქვს, უმჯობესია, სტრატეგია შეცვალო და გაჩერდე, რომ თამაში ახალი პარტიისთვის მაინც დაიტოვო“, - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, იმედია, რომ ივანიშვილი ქვეყანას კიდევ დაუდგება გვერდში და ეს მხადაჭერა შეიძლება, „ოცნებასაც“ დასჭირდეს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერის განცხადება და მისი მთავარი გზავნილები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა. წერილს ოპოზიცია და მმართველი გუნდი აფასებს.
„წერილში ფაქტობრივად უფრო არგუმენტირებულად არის მოცემული, რა არის ოლიგარქიული მმართველობა. 80-მდე მინისტრიდან 70 რატომ არის „ქართუსა" და ივანიშვილის ბიზნესებიდან დანიშნული. რაც შეეხება დანაშაულებრივ ბრალდებას, ამერიკის, ევროპისა და ნატო-ს წინააღმდეგ, ამას პასუხი გაეცა როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში ელჩის სახით, არავის ომში ჩართვა არ უნდა", - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „გირჩის” წევრ ჰერმან საბოს აზრით, უფრო სწორი და ბუნებრივი იქნება, თუკი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდება:
„ბიძინა ივანიშვილი შეიძლება წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ ქართული პოლიტიკა არ წასულა მისგან, შეუძლებელია, რაღაც გადაწყვეტილებებზე მას არ ჰქონდეს გავლენა, ამიტომ, ჩემი აზრით, უფრო სწორი და ბუნებრივი იქნება, თუკი ის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდება. ამით ბევრად უფრო გასაგები იქნება, რა პოზიცია აქვს მას,“ - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის” წევრი ჰერმან საბო.
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან და ოპოზიცია ცდილობს ივანიშვილისგან მტრის ხატის შექმნას.
„მუდმივად უტრიალებენ ივანიშვილის თემას, მუდმივად ებრძვიან ამ ერთ ადამიანს გაშმაგებით. ებრძვიან მედიის საშუალებით, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ აქტორების აქტიური ჩართულობით. უნდათ, ამ ადამიანისგან შექმნან მტრის ხატი, მიმდინარეობს აწყვეტილი, აღვირახსნილი კამპანია მის მიმართ. ამას წერტილი უნდა დაესვას ბოლოს და ბოლოს,“ - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.
განცხადება ამავე საკითხთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმაც.
„რა თქმა უნდა, თავის მიერ დაფუძნებული პარტიის შედეგად დატოვებულ ამ თამაშის წესებს ბუნებრივია, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ვიყენებთ. ეს იყო ერთი მიმართულება, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა ამ განცხადებით და მეორე, რა თქმა უნდა, როდესაც ნარატივი აქვს ერთგვარი რადიკალურ ოპოზიციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ამავდროულად, მათ უნდათ, რომ როგორმე არეულობა მოხდეს ქვეყანაში და ჩაერთოს საქართველო საომარ პროცესებში. ამის საწინააღმდეგოდ, ამ განცხადებაში მითითებულია ის, რომ არანაირი მტკიცებულება, ერთი მხრივ, არ არის იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი ერევა პოლიტიკურ პროცესებში, მით უმეტეს, ვინმეზე ზეგავლენას ახდენს და მეორე ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს ეს ნარატივი, რასაც ჰქვია საქართველოში არეულობა“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.