თეონა ვეშაგური
12.07.2022

ის, რასაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი აკეთებს 12 პუნქტის შესასრულებლად, არ არის მუშაობა. ამ თემაზე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ამის შესახებ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრობს. მისივე თქმით, ნაკლებად რეალურია, რომ დეკემბრის ბოლოს, ან იმ წლის დასაწყისში შესრულდეს რეკომენდაციები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

ანალიტიკოსის აზრით, მმართველმა გუნდმა მუშაობა იმ პუნქტებიდან უნდა დაიწყოს, რომელსაც არ სჭირდება ოპოზიციის ჩართულობა.

„სამწუხაროდ, ის, რასაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი აკეთებს 12 პუნქტის შესასრულებლად, არ არის მუშაობა, რადგან ამ თემაზე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ერთს, ისე მეორეს. ბოიკოტის რეჟიმი ან რაღაც წინაპირობების წამოყენება არ წაადგება საერთო საქმეს, მიუხედავად იმისა, ვინ ვის ენდობა და ვინ არა. პირველ რიგში კი თუ ვინმეს არ წაადგება ეს, ოპოზიციას, რადგან ასეთი მიდგომით, ხელისუფლებას აძლევენ შანს უფრო მოქნილად იმოქმედონ და არ შეასრულონ 12 მოთხოვნა. თუ ამ საკითხზე მუშაობაში არ ჩაერთო მეორე მხარეც, პროცესი ვერ გახორციელდება.

„მიმაჩნია, რომ პოლიტიკური სპექტრი სცოდავს ამ მიმართულებით, თითქოს ყველას უნდა ევროპა, მაგრამ რომ შეხედო, საქმით ასე არ გამოდის. ჯერჯერობით ნაკლებად რეალური ჩანს, რომ დეკემბრის ბოლოს, ან იმ წლის დასაწყისში შესრულდეს ეს პუნქტები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

ძაბირაძემ შეფასება გააკეთა პრემიერის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვრცელი პოზტის შესახებაც.

„გარდა ამისა, რაც შეეხება ღარიბაშვილის დღეს გავრცელებულ განცხადებას, მან რამდენი ან როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს არის არასწორი შეფასებები. აქ სხვა თემაა, ერევა თუ არა ვინმე მმართველი გუნდის საქმიანობაში. საზოგადოების დიდი ნაწილი თვლიდა და დღესაც თვლის, რომ მთავარი მმართველი ძალა არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ რაც არ უნდა თქვას ღარიბაშვილმა, ეს შეხედულება არ შეიცვლება, ასევე თვლიან ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. კი ბატონო, გააკეთოს მსგავსი განცხადებები პრემიერმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავადაც არ სჯერა იმის, რასაც ამბობს", - განაცხადა მან.

ძაბირაძის თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს ოპოზციის ქმედებებით პიარი გაიკეთოს და აარიდოს თავი იმ პუნქტების შესრულებასაც, რომელზე მუშაობაც შეუძლიათ ოპოზიციის გარეშე.

„12-პუნქტიანი გეგმა არ არის „შარლ მიშელის" ან სხვა დოკუმენტი. მართლდება ის სცენარი, რასაც ვამბობდი, რომ ოპოზიცია შანსს აძლევს ხელისუფლებას მათი დესტრუქციული ქმედებების გამო დაიწყოს პიარი და არ შეასრულოს დანარჩენი პუნქტებიც. რასაც შემდეგ კვლავ ოპოზიციის ქმედებებს მიაწერენ. უამრავი საკითხია დოკუმენტში რომლის შესრულებაც შეუძლია ოპოზიციისგან დამოუკიდებლად და თუ ნამდვილად სურთ ამ 12 პუნქტის შესრულება, დაიწყონ იქიდან", - განაცხადა ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×