ელზა პაპოშვილი
13.07.2022

ოპოზიციის ნაწილი, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებულ სამუშაო ჯგუფებში არ უერთდება, საკუთარ გეგმას ასაჯაროებს. საპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევისკენ, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარეს სესიის მოსამზადებლად საჭირო პროცედურების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ევროკავშირის მიერ გაცემული 12 შესასრულებელი წინაპირობიდან რამდენიმე მიმართულებას - პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, ელიტური კორუფციის შემთხვევების გამოძიებას და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ეხება.

"აქ არის 4 ძირითადი საკითხი, რომელიც ინიცირებულია, ზოგი უკვე განხილულია პარლამენტში. არ სჭირდება ამას დამატებითი დრო და ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ დავსხდეთ და ამ საკითხებზე ვისაუბროთ სამუშაო რეჟიმში. ეს ოთხი საკითხი, რომელიც აქ არის შესული, პირდაპირ ფარავს 12 რეკომენდაციის სამ საკითხს. არანაირი წინაპირობა არ არის. ეს არის კონკრეტული დღის წესრიგი და პირიქით, ხელისუფლებას ვთავაზობთ არა უსაგნო დიალოგებში შესვლას, პირდაპირ დავიწყოთ სამუშაო პროცესი კომიტეტებზე და სესიებზე,“ - აცხადებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე, სერგო ჩიხლაძე.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ არის საკითხები, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი პროცედურები, საჭიროა მხოლოდ კენჭისყრა.

"საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, სასწრაფოდ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ამით ხელი შეუწყოს იმ 12 რეკომენდაციის შესრულებას. რა თქმა უნდა, დღის წესრიგში შეტანილი საკითხების ერთი ნაწილი საჭიროებს საკომიტეტო განხილვებს და ეს ცალკე პროცესია, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც არ სჭირდება არავითარი დამატებითი პროცედურები, საჭიროა მხოლოდ კენჭისყრა და ამით ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება მოგვარებული," - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, რეფორმას საჭიროებს.

"მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა, მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული მიმართულებაც. მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, ასევე ხელისუფლების რეალური დანაწილება,“ - ამბობს ანა ბუჩუკური. 

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან იმაზე, რომ აუცილებელია რიგგარეშე სესიის მოწვევა და ამისთვის საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ. 

"ხელისმომწერი პარტიები, ვინც ვთანხმდებით იმაზე, რომ აუცილებელია რიგგარეშე სესიის მოწვევა, მივმართავთ პრეზიდენტს,  საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლი გვაძლევს ამის შესაძლებლობას, დღის წესრიგის საკითხებიც უკვე განსაზღვრულია და უკვე შეგვიძლია ამაზე საუბარი. ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, მეორე საკითხია სასამართლოების შესახებ ცვლილებებზე და მესამე საკითხი არის ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

პეტიციას არ უერთდება ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც კონსულტაციებშია ჩართული. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ ოპოზიცია რიგგარეშე სხდომისთვის არ არის მზად.

"ჩვენ არ ვაწერთ ხელს ამ მოთხოვნას ორი მიზეზის გამო. ერთი, ოპოზიციას ჩვენს გარეშეც ყოფნის ხელმოწერები და მეორე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა ოპოზიცია არ არის მზად რიგგარეშე სხდომისთვის. არ აქვს ჩამოყალიბებული მოთხოვნები სრულად, არ არის სათანადოდ ნამუშევარი მათ შორის ქართულ ოცნებასთან და სხდომის მოწვევა სხდომის მოწვევისთვის არ მიგვაჩნია მაინც და მაინც სწორად," - აცხადებს იაგო ხვიჩია. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი, ლევან იოსელიანი რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ პეტიციას ხელს არ მოაწერს.

"რიგგარეშე სხდომის შესახებ მოთხოვნას მე ხელს არ ვაწერ კონკრეტული მიზეზის გამო. საკითხები, რომელიც არის მოთხოვნილი ოპოზიციის ნაწილის მიერ, ჩემი აზრით, არ არის მომზადებული. თუ რიგ გარეშე სხდომას მოიწვევს, რა თქმა უნდა, სხდომას დავესწრები, ოღონდ ამ სხდომაზე მე დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც იქნება,“ - აცხადებს ლევან იოსელიანი.   

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, რაც არ უნდა რიგგარეშე სესია იქნეს მოწვეული, უმრავლესობის გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებას და კანონს ვერ მიიღებს ოპოზიცია.

 "უკვე იმდენი ხანია, ამაზე საუბრობენ, რომ ახლა უკვე მალე მოვა მორიგი სესია. ასე რომ, მგონი, მორიგ სესიამდე ვერ შეთანხმდებიან, მარტივი მიზეზის გამო, თვითონაც ხვდებიან, რომ დღის წესრიგი არ აქვთ ამ სესიისთვის. რაზეც ისინი საუბრობენ, ეს არის მხოლოდ რადიკალიზაციის სურვილი. გარდა ამისა, რაც შეეხება ხელმოწერებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხედავთ, საჯაროდაც ჩანს, რომ ოპოზიციის ლამის ნახევარი საზღვარგარეთ არის.

რაღაც პროექტი ინიცირებულია და ეს განვიხილოთ - ეს არის არაინკლუზიური, პოლარიზაციის ხელშემწყობი მიდგომა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაც არ უნდა რიგგარეშე სესიების მოწვევა იყოს, უმრავლესობის გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებას, კანონს ვერ მიიღებს ოპოზიცია. ამიტომ, მათ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ იყვნენ იმ სამუშაო პროცესის მონაწილე, რომელიც მიმდინარეობს ყოველდღიურად, არ აქვთ,"– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.   

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ოპოზიციის უარი, მონაწილეობა მიიღოს პროცესებში, ოპოზიციის დესტრუქციულ შინაარსზე მეტყველებს. 

"ჩვენი ამოცანა არის რომ შევქმნათ ისეთი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით და დაასტიმულირებს პროცესს, უფრო აქტიურად რომ გამოიყენებოდეს ქართულ სასამართლო პრაქტიკაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. ამ მუშაობაში ჩართვაზე უარის თქმა, პრაქტიკულად, სრულფასოვნად წარმოაჩენს დესტრუქციულ შინაარსს ამ შემთხვევაში ოპოზიციის რადიკალური ფრთის," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილმა კარგად უნდა გააცნობიერონ ვითარება და შემოუერთდნენ ამ რეკომენდაციების შესრულებას. 

"რადიკალურმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარგად უნდა გააცნობიერონ და დროულად შემოუერთდნენ ამ რეკომენდაციების შესრულებას, რამეთუ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ხვალინდელი დღისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც ამ პროცესზე იძახი უარს, ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ,“ - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×