თამთა ჩაჩანიძე
02.08.2022

პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე შესაძლოა მასსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი იყოს და ამზადებდეს გარიგებას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი საერთოდ წავა პოლიტიკიდან პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ უკვე ოპოზიციაშიც საუბრობენ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სააკაშვილს შესაძლოა მართლაც სურდეს ასეთი გარიგების მიღწევა, თუმცა საეჭვოა ამას „ქართული ოცნება" დათანხმდეს.

შალვა ხაჭაპურიძე თავადაც „ქართული ოცნების" ყოფილი წევრია და ექსპრეზიდენტის ადვოკატი რამდენიმე დღის წინ გახდა. სწორედ მან გააკეთა განცხადება სააკაშვილის მიერ პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებ, რამაც „ნაციონალურ მოძრაობაში" დაბნეულობა და უკმაყოფილება გამოიწვია.

„ევროპული საქართველო" კი ეჭვობს, რომ ხაჭაპურიძის სააკაშვილის ადვოკატად აყვანას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - რომ მან „ოცნებასთან" რამენაირად ურთიერთობა დაალაგოს.

„შალვა ხაჭაპურიძის სააკაშვილის ადვოკატად აყვანას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: იქნებ „ქართულ ოცნებასთან" რამენაირად ურთიერთობა დაალაგოს", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსთან" განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მხოლოდ მისთვის სასარგებლო პირობით დათანხმდება.

„შალვა ხაჭაპურიძე ძლიერი იურისტია, ოღონდ ამ წუთში მისი ძლიერი მხარე არის „ქართულ ოცნებასთან" დალაგება. მიხეილ სააკაშვილს ამის უფლება აქვს, მან სიცოცხლე უნდა გადაირჩინოს, ოღონდ მე ვეუბნები ხალხს - ასეთი კაცი არ არის ლიდერი, თუ ასეთი კაცი კონკრეტულ სიტუაციაში სამშობლოსთვის თავგანწირვასა და საკუთარ პერსონას შორის თავის თავზე აკეთებს აქცენტს, ის ჩემთვის ლიდერი ვერ იქნება," - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, გამორიცხული არაა, რომ სააკაშვილს „ოცნებასთან" გარიგების განზრახვბა გაუჩნდეს, თუმცა დასძენს, რომ გარიგებაში ბრალს ვერავის დასდებს. გარდა ამისა, ის არ იზიარებს ანალიტიკოსთა ნაწილის იმ მოსაზრებას, რომ 2024 წლის არჩევნებზე „ოცნებას" ისევ დასჭირდება სააკაშვილი, როგორც "საფრთხე", რათა ამომრჩევლების ხმები მიიზიდოს. საყვარელიძის აზრით, ეს სტრატეგია „ოცნებას" უკვე ათი წელია აქვს, თანაც ხშირმა გამარჯვებებმა შესაძლოა ელექტორატში „მოყირჭება-მობეზრების განცდა გააჩინოს", ამიტომაც ამ კონტექსტით სააკაშვილსა და „ოცნებას" შორის გარიგებაზე ეჭვი რეალობას მოკლებულია და ზოგადადაც „ოცნება"- სააკაშვილის ყველა ტიპის გარიგება თავად „ოცნებისთვისაა" წამგებიანი.

„პრაქტიკულად, ათი წელი „ნაცმოძრაობას" საფრთხობელას როლში ხან „ქართული ოცნება" წამოსწევდა ხოლმე და ხან თავად ენმ „ოცნბებას" არ აცდიდა და ზედმეტად აქტიურობდა. პრაქტიკულად ეს სცენარი მეორდებოდა - რომ თუ „ოცნებას" ხმას არ მივცემთ, „ნაცმოძრაობა" (სააკაშვილი) მოდის.

„2024 წლისთვის ჯერ დიდი დროა. თან ამ სცენარის განმეორებას ერთი ხარვეზი აქვს - ჯერ ერთი, გამეორება ამა თუ იმ მეთოდს ასუსტებს ხოლმე და განახლება ყველაფერს სჭირდება; და მეორეც, ამდენი გამარჯვებები თავად „ოცნებისთვისაა" პრობლემა. თუ ის კიდევ გაიმარჯვებს, ხელისუფლების სათავეში იმდენჯერ აღმოჩნდება, რამდენჯერაც არცერთი პარტია არ ყოფილა. ამან კი შესაძლოა ამომრჩეველში მოყირჭება-მობეზრების განცდა გააჩინოს. ანუ ამომრჩეველმა თავი აარიდოს „ოცნებისთვის" ხმის მიცემა, რომ ისევ იგივე იქნებაო.

„ოცნების" ლიდერები ამ მობეზრების საფრთხიდან რა გამოსავალს ნახავენ, დრო გვიჩვენებს. არაა გამორიცხული, რომ გამოსავალი მოიძებნოს თვითონ „ოცნების" ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებაში საიმისოდ, რომ ადამიანებს გაუქრეს განცდა, რომ ეს იგივეა.

„ანალოგიური მაგალითი იყო, როცა ჟვანია-სააკაშვილი შევარდნაძის გუნდის წამყვანი ფიგურები იყვნენ და მერე, როდესაც ოპოზიციაში გადავიდნენ, არავის გახსენებია, რომ ის შევარდნაძის გუნდი იყო. თუკი რადიკალური განსხვავება იქნა და თუკი ეს განსხვავება საზოგადოებნისთვის მისაღები იქნა, იქ მობეზრების ეფექტი შესაძლოა ჩაქრეს.

„რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილი „ოცნებასთან" ხიდს ეძებდეს და ეს ხიდი ხაჭაპურიძე იყოს, მეეჭვება, რომ ეს იდეა პერსპექტიული იყოს. არა იმიტომ, რომ სააკაშვილს ასეთი იდეა არ გაუჩნდება, არამედ რეალობის თვალსაზრისით. რადგან თვითონ „ოცნების" მხარდამჭერებისთვის მნიშვნელოვანია, ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება უკან დაიხევს თუ არა. თუ უკან დაიხევს და სააკაშვილს დაუთმობს, „ოცნებამ" შესაძლოა ბევრი მხარდამჭერი დაკარგოს", - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, სააკაშვილი ხაჭაპურიძის აყვანით თუ ცდილობს რაღაც ტიპის გარიგებას ან გზების გამოძებნას „ოცნებასთან", საყვარელიძემ განაცხადა:

„ყოველ შემთხვევისთვის (ხაჭაპურიძე) ისე იძახის, რომ სააკაშვილი გადავიყვანოთ, მივცეთ განსხვავებული რეჟიმი და ლამის გავათავისუფლოთო, ეს პედალირება ისე ბეჯითად ხდება, რომ არ გამოვრიცხავ რაღაც ჩანაფიქრი იყოს. ვერ დავაბრალებ ვერცერთ მოქმედ პირს, რომ არიქა გარიგებას აწყობენ-მეთქი, მაგრამ ის, რომ სააკაშვილისგან ასეთი აზრი და განზრახვა გაჩნდეს, ეს გამორიცხული ნამდვილად არაა", - განაცხადა პოლიტოლოგმა.

კითხვაზე თუ გარიგების მცდელობები გაჩნდა რა შინაარსის შეიძლება იყოს, პოლიტოლოგი ამბობს:

„რაც უკვე ითქვა - რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავა და შესაბამისად, „ოცნებამ" კარი იმ ხარისხით გაუღოს, რაც შესაძლებელი იქნება. მაგრამ „ოცნებამ" ეს რომ გააკეთოს, შესაძლოა ძალიან ბევრი თავისი მომხრე დაკარგოს.

„თან აქ ერთი პრობლემაა - თუკი საქმე დანაშაულთან გვაქვს, იქ ხელისუფლება და სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა რა შუაშია?! სამართალმა თავისი სათქმელი ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ხოლო თუკი ის პოლიტიკური პატიმარია და ხელისუფლებამ შეიძლება გადაწყვიტოს ეს საკითხი, ეს მაინც შეწყალების თაობაზე საპრეზიდენტო გადაწყვეტილებას ეხება.

„გარდა საპრეზიდენტო ნებისა, სააკაშვილის გარეთ გამოსვლასთან დაკავშირებით ყველა სხვა დანარჩენი ვარიანტი ხელისუფლების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. არადა ოპოზიცია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ტყვეა და იმან გადაწყვიოსო. ეს ხომ არაევროპული მოთხოვნებია... შინ, ევროპისკენ მივდივართო და ეს პარტიები არაევროპულ მოთხოვნას აყენებენ", - განაცხადა საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×