ია აბულაშვილი
03.08.2022

რა პოლიტიკური პერსპექტივა აქვს ლიდერის გარეშე დარჩენილ "ნაცმოძრაობას", ეს საკითხი პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აქტუალურია, რადგან პოლიტიკიდან გასვლის შესახებ მიმართვა ამ დრომდე სააკაშვილს თავად არ გაუკეთებია. ცნობილია მხოლოდ ადოკატების განცხადება, რომ მესამე პრეზიდენტი უარს ამბობს "ნაცმოძრაობასა" და პოლიტიკაზე, რასაც სკეპტიკურად შეხვდა "ნაცმოძრაობა". პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ეს ინფორმაცია ადოკატების ტაქტიკად შეაფას, რაც სააკაშვილის ციხიდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ემსახურება.

დანარჩენ ოპოზიციაში რეალურად მიიჩნევენ სააკაშვილის მიერ პოლიტიკიდან გასვლას. "გირჩის" ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, თანაპარტიელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დაეხმარონ.

ოპოზიციონერი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ "ნაცმოძრაობას" გაუჩნდება შანსი პარტიაში დაიწყოს შიდა დისკუსიები, გაჩნდეს განსხვავებული შეხედულებები, "ახლა "ნაცმოძრაობა" არის პარალიზებული წარმონაქმნი, რომელიც რიგი მიზეზების გამო ვერაფერს აკეთებს"- აცხადებს იაგო ხვიჩია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელს არანაირი კავშირი არ აქვს მის პოლიტიკურ აქტივობასთან.

რამდენად შეცვლის სააკაშვილის პოლიტიკდან წასვლა ქართულ პოლიტიკურ სურათს? ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ "ნაცმოძრაობა", რომელიც მიხიელ სააკაშვილის ელექტორატის მეშვეობით არჩევნებზე გარკვეულ ხმებს იღებს, თუ ის პოლიტიკაში აღარ იქნება, შეიძლება უმეტესობამ მონაწილეობა აღარც მიიღოს არჩევნებში. ექსპერტები არც იმას მალავენ, რომ ჯერ-ჯერობით სხვა ლიდერი, რომელიც სააკაშვილს უტოლდება, პარტიაში არ ჩანს.

პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს,რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი გავა პოლიტიკიდან, "ნაცმოძრაობა" ორად გაიყოფა, თუმცა, დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი პარტიას არასდროს დათმობს.

"სააკაშვილი, რომელიც იოსებ ტროცკის მოწაფეა, შესანიშნავად ასრულებს მის ნათქვამს, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება კარგია. იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავი დააღწიოს ციხეს. სააკაშვილი არის პოლიტიკური ტკიპა და მისი განცხადება არ შეილება სერიოზულად ჩაითვალოს, მისი სიტყვა არის ფარატინა ქაღალდი.

"რაც შეეხება მისი პოლიტიკური პარტიის მომავალს, სააკაშვილი პარტიას არასდროს დათმობს, თუმცა, როგორც ჩანს პარტიაში სერიოზული დაპირისპირებაა და დიდი ალბათობით, "ნაცმოძრაობა" გაიყოფა, იქნება "ნაცმოძრაობა 2"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ექსპეტი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი როგორც ყოველთვის, იტყუება და ყველანაირი ხერხით ცდილობს თავი დააღწიოს ციხეს.

"ადვოკატები ამ განცხადებას, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან მიდის დამოუკიდებლად ვერ გააკეთებდნენ, ეს სააკაშვილმა მათ თავად უთხრა. ვინც სააკაშვილის იცნობს, ყველამ იცის, რომ ის ყოველთვის იტყუება, თუ ეს ტყუილი მისთვის მომგებიანია.

"სააკაშვილმა დიდი ხანია დაინახა, რომ ის კარგავს კონტროლს პარტიაზე, თანაპარტიელები მას იტანდნენ იქამდე, ვიდრე მისი მეშვეობით ჰქონდათ ფინანსური და პოლიტიკური კეთილდღეობა. არა მგონია, რომ "ნაცმოძრაობაში" დაბნეულობა იყოს, იქ ბევრი მილიონერია და ახალ იმაზე მსჯელობენ, არის თუ არა მათთვის ტვირთი სააკაშივლი, თუ შეიძლება კიდევ იყოს მისგან სარგებელი.

"არ არის გამორიცხული რომ პარტია გაიყოს, მაგრამ ძნელია თქმა, რა პროპორციით მოხდება შემადგენლობის გაყოფა. გარდა შეწყვალებისა, სააკაშვილის გათავისუფლების სხვა გზა არ არის. თუ ეს მოხდება, ეს იქნება "ოცნებისთვის" პოლიტიკური კრახის ტოლფასი. მოსახლოებაში ასეთი განწყობაა, თუ სააკაშვილს გაათავისუფლებენ - "ოცნებაც" მიჰვებაო"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×