ელზა პაპოშვილი
03.08.2022

12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ოპოზიციის შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრას ისევ არ ესწრებოდნენ ის პარტიები, რომლებიც უმრავლესობასთან ერთად მუშაობაზე უარს ამბობენ.  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იმ პარტიების მიზანი, რომლებიც პროცესში მონაწილეობას არ იღებენ, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებაა.

"მიდის მთლიანად პროცესი დისკრედიტირების, რომ რამენაირად, სწორედ ის საკითხი, რომელიც შეეხება ინკლუზიურად განხილვას საკითხებისა, აი ამ ინკლუზიურობას შეუტიონ და დისკრედიტაცია მოახდინონ, რათა საბოლოო ჯამში საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და აქაც, კანდიდატის სტატუსი, კიდევ ერთხელ ოპოზიციის ამ ნაწილისთვის, რომელიც ვხედავთ რომ ერთი და იგივე არის უკვე, მერამდენედ უნდა გაყიდონ საკუთარი თავი; "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთი კოალიცია, რომელიც არის "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილები და მათი განაყოფები, აქედან გამომდინარე მათი ინტერესია დისკრედიტირება პროცესის, კანდიდატის სტატუსის არ მიღება, რომ იქნებ რამე მღელვარება შემოიტანონ," - აცხადებს პაპუაშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მათი მიზანია მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებისა, იმუშაონ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან.

"ჩვენ ვმუშაობთ რეგლამენტის შესაბამისად, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, ვიმუშაოთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან; ვინც არ იღებს ამაში მონაწილეობას, ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ევროპისკენ არჩევანის მოწინააღმდეგეები, ისინი მხოლოდ სიტყვებით სკანდირებენ, რომ მათ სურთ ევროპა, მაგრამ საქმით აკეთებენ ყველაფერ ანტიდასავლურს," - განაცხადა ოხანაშვილმა.   

პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, შალვა კერესელიძე ამბობს, რომ მათი მიზანია, არ მისცენ ხელისუფლებას საშუალება, კიდევ ერთხელ მოატყუოს საზოგადოება.

"ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას შესაძლებლობა იმის, რომ ფასადური ცვლილებებით კიდევ ერთხელ მოატყუოს ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, პირველი და მნიშვნელოვანი რაც გახლავთ, ეს არის დამოუკიდებელი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა," - აცხადებს კერესელიძე.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" თავად უცხადებს ბოიკოტს ოფიციალურ პროცედურებს, როგორებიცაა: პარლამენტის სესიები და საკომიტეტო მოსმენები.

"ქართულმა ოცნებამ" ბოიკოტი გამოუცხადა ოფიციალურ პროცედურას სწორედ ამის გამო, რომ თაღლითურად მოახდინოს მანიპულაცია პროცედურებით. რას გამოუცხადა ბოიკოტი? - პარლამენტის სესიებს, საკომიტეტო მოსმენებს, თქვენ მსოფლიოში მითხარით ერთი მმართველი პარტია მაინც, რომელიც ბოიკოტს უცხადებს ოფიციალურ სესიებს და კომიტეტის სხდომებს, - ასეთი პრეცედენტი არ არსებობს, ასეთი არის მხოლოდ "ქართული ოცნება" მსოფლიოში. ეს არის რეალური ვითარება. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად, 12-ვე პუნქტზე ოპოზიციის შეჯერებული პოზიციები გექნებათ აბსოლუტურად ყველას," - თქვა ვაშაძემ.   

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“  აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის სამუშაო ჯგუფისგან გამიჯვნა, რა თქმა უნდა, დეპოლარიზაციის საკითხს და ასევე 12 პუნქტის შესრულებას ხელს შეუშლის. 

ევროპარლამენტარები ზუსტად იმას ითხოვენ, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ერთად დასხდნენ და ამ თემის გარშემო კონკრეტულ შეთანხმებამდე მივიდნენ. საყვარელიძე ოპოზიციის ნაწილის ამ ქცევაში კონკრეტულ მიზანს ხედავს. მისი აზრით, ისინი ფიქრობენ, რომ თუკი ეს გეგმა ჩავარდება, მაშინ შემოდგომაზე ხალხის ქუჩაში  გამოყვანის უფრო მეტი შანსი და მოტივი ექნებათ. 

„თუ დავაკვირდებით, ამ განცალკევების მომხრე ის პარტიები არიან, რომლებიც ადრეც რადიკალური ქმედებებით და განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ისინი ქუჩაში იდგნენ და როგორც ჩანს ისევ ქუჩის იმედი აქვთ. 

„ფიქრობენ, რომ თუკი ოპოზიცია გაიყოფა და ცალ-ცალკე იქნებიან, იმის დიდი შანსია, რომ ევროპარლამენტარებმა თქვან, რომ 12 პუნქტის შესრულება ვერ მოვახერხეთო. აქ უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება ვინაა დამნაშავე. მთელი პასუხისმგებლობა ისევ ხელისუფლებაზე გადადის. ესენი ყვირილს ატეხავენ, რომ ხელისუფლებამ ისევ ევროპას დაგვაშორა და ქუჩაში გამოდით. 

„ამ პარტიების ნაწილის დისტანცირება ამ სამუშაო ჯგუფისგან შემოდგომის აქციისთვის და გარკვეული არეულობისთვის მზადებას უფრო ჰგავს. კარგი, გავყვეთ ოპოზიციის ამ ნაწილის ლოგიკას, რომ „ოცნებას“ არ ენდობიან და თუ მას მიზეზი სჭირდება, ამ 12 პუნქტს მაინც ჩააგდებს და არ შეასრულებს. კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ შენ დაანახე რომ ამის მიზეზს არ აძლევ. აჩვენე ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც, რომ ეს მიზეზი „ოცნებამ“ იპოვა და შენ არ მიგიცია“, - ამბობს საყვარელიძე.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×