თამთა ჩაჩანიძე
03.08.2022

რუსეთი უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას უკვე მეექვსე თვეა არ წყვეტს, დასავლეთი კიევს თანამედროვე ტიპის შიარაღებას პერიოდულად აწვდის, თუმცა, პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღება კატასტროფულად არ ჰყოფნის. ანალიტიკოსების აზრით, ამ განცხადებას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი - დასავლეთში შექმნან განცდა მიწოდება დააჩქარონ და მეორე, ომში იარაღი ყოველთვის ილევა და შესაძლოა მართლაც განიცდიდეს დეფიციტს, თუმცა, დასძენენ, რომ მთლად კატასტროფული სიტუაციაც არააა.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეექვსე თვეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კატასტროფულად არ ჰყოფნის მძიმე შეიარაღება, - ამის შესახებ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინულ ჯარს 1300-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ბრძოლა უწევთ, სულ კი 2600-კილომეტრიანი საზღვარი აქვს დასაცავი.

„სრულფასოვანი და ეფექტური შეტევისთვის ჩვენ მძიმე შეიარაღება არ გვყოფნის. გასათვალისწინებელია ის, რომ ეს არაა ლოკალური ომი. ეს არის ყველაზე მსხვილი კონტინენტური ომი 1945 წლის შემდეგ. იარაღის არსებული მარაგის პირობებში ჩვენ მას თავს ვერ გავართმევთ", - აცხადებს არესტოვიჩი.

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა არესტოვიჩის განცხადება იყოს ირიბი ზეწოლაც იმისა, რომ დასავლეთი მეტად დაეხმაროს.

„ნიშნავს იმას, რომ დასავლეთისგან უფრო და უფრო მეტ იარაღს ითხოვენ, რადგანაც როცა ქმნიან განცდას, რომ უკრაინას მეტი სჭირდება, ეს რეალური საფუძველი იმისა, რომ დასავლეთში შიდა აზრი მომწიფდეს და უკრაინას უფრო მეტად დაეხმაროს. ეს ერთგვარი ირიბი ზეწოლაცაა იმისა, რომ დასავლეთი მეტად დაეხმაროს.

„რეალურად, რა თქმა უნდა, ბევრი იარაღის დეფიციტია და შევსებას პერმანენტულად საჭიროებს, მაგრამ, კატასტროფული სიტუაცია ნამდვილად არაა, ამიტომ ეს უფრო პოლიტიკური ნაბიჯია, ვიდრე რეალურად სამხედრო პრობლემა.

„ახლა უკრაინას დიდი რაოდენობის ჭურვებს და რაკეტებს აწვდიან, ამასთანავე „ემ 270"-ის რაკეტების დიდი რაოდენობა ჩავიდა, ამ ეტაპზე ადგილზე თავად ხუთი „ემ 270"-ია, ასევე 12 „ჰაიმარსია" და მალე მათი რაოდენობა სავარაუდოდ 25-საც მიაღწევს, რაც სიტუაციას ადგილზე კარდინალურად შეცვლის. თუმცაღა, ომში სრული გარდატეხა ალბათ მაშინ მოხდება, როცა „ჰაიმარსების" რაოდენობა 50-ს მაინც მიაღწევს", - განაცხადა მან.

კობერიძემ ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„ფრონტის ხაზზე სიტუაცია ახლა ასეთია - რუსები ქალაქ დონეცკის მომიჯნავე ტერიტორიაზე შეტევაზე ძალიან აქტიურად არიან გადასულები, მთავარი დარტყმის ქვეშ სამი ქალაქია - ავდიივკა, მარიინკა, პისკი და ამ ქალაქებზე დაწოლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„დონეცკის რაიონშივე ცოტა უფრო მაღლა, რუსები ბახმუტის მიმართულებით წინსვლას ცდილობენ, თუმცა, ბოლო 48 საათია ამ მიმართულებით ნაკლებად აქტიურობენ. ხერსონის რაიონში თავად უკრაინელები არიან კონტრშეტევაზე გადასულები, არა ერთიანი ფართო მასებით, არამედ მცირე-მცირე დანაყოფები უტევენ. შეტევაზე დაახლოებით ათეულები და ოცეულები არიან გადასულები, რაც უფრო კარგია, რადგან რუსები ერთი მიმართულებით ფოკუსირებას ვერ ახდენენ და ბევრი მიმართულებით საკუთარი ნაწილების გაფანტვა უწევს, რაც უკრაინელებისთვის უკეთესია", - განაცხადა კობერიძემ.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ არესტოვიჩის განცხადებას რამდენიმე შესაძლო მიზეზი აქვს, მათ შორის ისაა, რომ მანამდე გაკეთებული განცხადებებით უკრაინას გარკვეულ ლოკაციებზე მასიური კონტრშეტევა უკვე უნდა დაეწყო და ფრონტზე სიტუაცია ჯერჯერობით უცვლელია.

„მართალია, დასავლეთი იარაღს აწვდის, მაგრამ ეს ბრძოლის დროს ზიანდება, ნადგურდება. ინფორმაცია ძირითადად რუსული იარაღის განადგურებაზე მოდის, მაგრამ არ ვიცით ის, თუ უკრაინის მხრიდან რა ნადგურდება, მარტო გუშინ იყო გამონაკლისი, ლვოვში კომპლექსი დაიბომბაო, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა მეორე მხარესაც აქვს. ამ კუთხით უკრაინა უფრო მოწყვლადია, რადგან ის დასავლურ იარაღზეა დამოკიდებული, სხვა ალტერნატივა არ აქვს, განსხავებით რუსეთისგან, რომელსაც საბჭოთა იარაღი ჯერ კიდვ შემორჩა.

„შესაძლოა მეორე ვარიანტი - ქვეყანაში შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე იყოს, მოლოდინი არსებობდა, რომ უკრაინა უკვე კონტრშეტევაზე გადავიდოდა, განსაკუთრებით ხერსონში და როგორც ჩანს ეს ასე სწრაფად ვერ ხდება, შესაძლოა ამ მიზნითაც იყოს არესტოვიჩის განცხადება საზოგადოებისთვის გზავნილი, რომ როცა იარაღის უპირატესობა არ გაქვს, კონტრშეტევას ვერ განახორციელებ, ამიტომაც პრევენციული შეიძლება იყოს.

„და მესამე, დასავლური იარაღის მიწოდებას დიდი ხანი უნდა, სხვადასხვა მიზეზების გამო, სწრაფად ვერ ხდება და უკრაინა კი ამას ვერ იღებს იმ მომენტში, როცა მას სჭირდება."- განაცხადა მან.

კაკაჩიამ „ლენდ ლიზის" პროგრამაზეც ისაუბრა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.

„როგორც ამბობენ „ლენდ-ლიზი" ძალაში სექტემბრიდან შედისო, მაგრამ ყველა ამბობდა, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია აგვისტოში შემობრუნდება, ხერსონის და სხვა ტერიტორიების გათვაისუფლდებაო, ახლა ამბობენ, სექტემბერ-ოქტომბერში იქნებაო, ანუ დრო თანდათანობით იწევს, რაც ნიშნავს იმას, რომ ფრონტის ხაზე სიტუაცია უცვლელი რჩება. უკრაინას ახლა კონტრშეტევის საშუალება არ აქვს, რუსებსაც არ აქვს თავი რომ შეტევაზე გადავიდნენ, ფაქტიურად სტატუს-კვო ნარჩუნდება, რაც უკრაინისთვის ხელსაყრელი არაა.

„ეს სტატუს-კვო რაც უფრო გაიწელება, უკრაინისთვის მითუფრო რთული იქნება, რადგან რეფერენდუმის ჩატარება თუ დაიწყეს, ამისი უკან შემობრუნება რთულია. უკრაინელები ამიტომაც წუხან, იარაღის მიწდება თუ დროზე არ მოხერხდა, მერე შესაძლოა ამან სიტუაცია გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიიყვანოს", -განაცხადა კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×