ელზა პაპოშვილი
03.08.2022

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველის პოსტზე სავარაუდო სამი კანდიდატურა განიხილება - თამარ ჩუგოშვილის, ზაზა ხუციშვილის და  ნიკოლოზ თათულაშვილის კანდიდატურა მოიაზრება. თამარ ჩუგოშვილი მედიასთან  ინფორმაციას უარყოფს, ინფორმაციას არ ადასტურებს არც ზაზა ხუციშვილი.  თათულაშვილის პოზიცია კი ჯერჯერობით უცნობია. 

სახალხო დამცველის არჩევას კვალიფიციური უმრავლესობა - 90 ხმა სჭირდება. მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში გასდის.  

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის პოსტზე არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა არ მიმდინარეობს.  

მისივე თქმით, 1-ელ სექტემბრამდე ოპოზიციას შესთავაზებენ ფორმატს და პროცედურას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ომბუდსმენის პოსტზე თანაბრად მისაღები კანდიდატურის წარდგენა.

როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში განმარტა, თუკი ახალ სახალხო დამცველის არჩევას ოპოზიცია დაბლოკავს, ცხადი იქნება, რომ პროცესი ოპოზიციის მიერ იქნება დაბლოკილი. 

“1-ელ სექტემბრამდე ოპოზიციას შევთავაზებთ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ომბუდსმენად არჩეული იყოს პირი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. 

„პროცედურა იქნება და საზოგადოება კანდიდატს ნახავს. საუბარი იმაზე, თითქოს დღეს ეს საკითხი გადაწყვეტილია, ეს თეორიულადაც გამორიცხულია, რადგან პარლამენტში არც ერთ პარტიას არ აქვს ის უმრავლესობა, რომ სახალხო დამცველი აირჩიოს. ამ საკითხზე დეპუტატებს თანამშრომლობა დასჭირდებათ. 

„დაზუსტებით გეუბნებით, რომ ოპოზიციას ფორმატს შევთავაზებთ, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ თანაბრად მისაღები იყოს კანდიდატები როგორც ოპოზიციისთვის, ასევე უმრავლესობისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.    

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე კი ამბობს, რომ წინასწარ ამ პროცედურების შეუთანხმებლად და გაუვლელად, რომელიმე კანდიდატურის მიმართ  ჩამოყალიბებული პოზიციის ქონა დაუშვებელია. 

„ახლა არ ივარგებს რაიმე კონკრეტულის თქმა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, როგორც შესაძლო კანდიდატებზე. მე მგონი, რომ ეს პირიქით, გააღრმავებს ამ შემთხვევაში შესაძლო ინსინუაციებს თემის ირგვლივ და არა რომელიმე კონკრეტული პერსონალის მიმართ.

თქვენ იცით, რომ 12-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, განსაზღვრულია ერთ-ერთ საკითხად ომბუდსმენის შერჩევა და ამ შემთხვევაში, პროცედურებზე კეთდება აქცენტი. რასაკვირველია, ასეთ დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყველა პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს და ოპოზიციის მხრიდან უბრალოდ კანდიდატურების ასე პირდაპირ დასახელება ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, გაგრძელებაა ერთგვარად, მათი დესტრუქციული დამოკიდებულების.

უმჯობესია, რა თქმა უნდა, რომ უფრო მოტივირებული ვიყოთ, რომ ერთობლივად ჩამოვყალიბდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პროცედურით ვიმუშავებთ და შესაბამისად, ამ პროცედურების მიხედვით, შევარჩიოთ მაქსიმალურად სამართლიანი კანდიდატურა, რომელიც ეყოლება ჩვენს ქვეყანას ახალი ომბუდსმენის სახით,“ - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე,  მიხეილ სარჯველაძე.   

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ომბუდსმენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში არასამთავრობო სექტორს შეხვდა. 

ვფიქრობთ, სადღაც 10 დღეში უკვე ფორმირებული იქნება ჩვენი პოზიციები - პროცესს ისე ვხედავთ, როგორც სამოქალაქო სექტორი, რომ მათი ფართო ჩართულობით უნდა მოხდეს ომბუდსმენის კანდიდატების წარდგენა პარლამენტში, რომელზეც უნდა მოხდეს 90 ხმის კონსოლიდაცია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ შეეცდება მისთვის სასურველი კანდიდატი წარადგინოს და თუ ვინმე ოპოზიციიდან მათ ომბუდსმენის არჩევისთვის საჭირო 90 ხმას შეუვსებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი „ქართულ ოცნებაში“ გადადიან.

„ომბუდსმენის შერჩევის მექანიზმთან დაკავშირებით უფრო და უფრო დაუახლოვდა პოზიციები ერთმანეთს. სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ომბუდსმენის შერჩევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე უნდა შევძლოთ ინსტიტუციური გაძლიერება ომბუდსმენის და ამაზე უკვე ოპოზიციაში ვიმსჯელებთ. 

„გვექნება ინტერფრაქციული შეხვედრაც, ვფიქრობ, ოპოზიციამ ერთობლივად უნდა დააფიქსიროს ამ საკითხზე პოზიცია. „ქართული ოცნება“ შეეცდება ყველაფერს. მკაფიოდ შემიძლია ვთქვა - 90 ხმა სჭირდება ომბუდსმენის არჩევას, თუ სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის ერთიანობის წინააღმდეგ იქნება ვინმე ოპოზიციიდან და უვსებს 90 ხმას, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ფაქტობრივად გადადის „ქართულ ოცნებაში“. ეს ტესტი იქნება ჩასაბარებელი მათ შორის, ოპოზიციისთვის,“ - განაცხადა ვაშაძემ.   

ჩვენ წარმოგიდგენთ მთლიანად არასამთავრობო სექტორის ხედვას, როგორ წარმოგვიდგენია ომბუდსმენის კანდიდატების შერჩევა და წარდგენა პარლამენტისთვის, გვეყოლება რამდენიმე კანდიდატი და შევთავაზებთ პარლამენტს,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ ჟურნალისტებთან, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მათ აქვთ უკვე კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი სამართლიანად და გამჭვირვალედ იმისთვის, რომ მოხერხდეს დამოუკიდებელი ომბუდსმენის არჩევა.

„მალე, კონსულტაციების დასრულებისთანავე, ჩვენ წარმოგიდგენთ მთალიად არასამთავრობო სექტორის ხედვას, როგორ წარმოგვიდგენია კანდიდატების შერჩევა და წარდგენა პარლამენტისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს დამოუკიდებელი და კვალიფიციური ომბუდსმენის არჩევა. 

„წარმოვადგენთ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილდებდნენ კანდიდატები და როგორი უნდა იყოს პროცესი, ჩვენ გვეყოლება რამდენიმე კანდიდატი, რასაც შევთავაზებთ პარლამენტს. 5 წლის წინ "ქართული ოცნება" თანახმა იყო მოდელზე, რომ არასამთავრობო სექტორს წარედგინა კანდიდატები, შეიძლება წელს ამაზე უარი თქვან, თუმცა ჩვენ საზოგადოებას დავანახებთ კანდიდატების შერჩევის ჯანსაღ, ღია პროცესს, სადაც ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები იქნებიან კვალიფიციური და დამოუკიდებელი,"- განაცხადა პატარაიამ.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×