ია აბულაშვილი
05.08.2022

საპარლამენტო რესპულიკა კოალიციური მთავრობის გარეშე არ არსებობს, რაც კარგად იცის ბიძინამ, ამიტომ თადარიგი აქედანვე დაიჭირა. საზოგადოებას ეტყვის, აგერ, ბატონო, კოალიციური მთავრობაო, რომელიც დაკომპლექტდება ახალი და ძველი „ოცნებით", კიდევ ერთ-ორ სხვა ოპოზიციურ პარტიასაც შეიყვანენ. კოალიციური მთავრობა კი ნიშნავს ახალ კოაბიტაციას, რასაც დასავლეთიც მიესალმება," - აღნიშნა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან" პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას.

„რეზონანსი": საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში აქტუალობას არ კარგავს სააკაშვილის ადვოკატების განცხადება იმის თაობაზე, რომ მესამე პრეზიდენტი უარს ამბობს ქართულ პოლიტიკასა და ნაცმოძრაობაზე. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ქართული პოლიტიკიდან მისი წასვლა?

იგორ კვესელავა: სააკაშვილი დღემდე რჩება ხელისუფლების თავის ტკივილად და ახლა უკვე ნაცმოძრაობის თავის ტკივილიც გახდა. მიშას ყველა ინფორმცია აქვს და ძალიან კარგად იცის, რა განწყობაა საზოგადოებასა და პარტიაში, რომლის სტრატეგიასაც და ტაქტიკასაც დღემდე თავად ქმნის. ამ განცხადების შინაარს თუ გავყვებით, აქ შეიძლება იყოს ორი ვერსია. პირველი მხოლოდ „ოცნებაზეა" გათვლილი, წამოეგება თუ არა ამ წინადადებას. მეორე ვერსიაა, რომ მიშა იძულებულია, ეს ნაბიჯი გადადგას და როგორმე გათავისუფლდეს ციხიდან. სააკაშვილი ამ დრომდე თავად არ აკეთებს განცხადებას პოლიტიკიდან გასვლის შესახებ. იგი დაელოდა საზოგადოებისა და ნაცმოძრაობის რეაქციას, ხოლო რა დაინახა ამ რეაქციის შედეგად, ამას მალე გავიგებთ, როცა ოფიციალურად გააკეთებს განცხადებას მისი პოლიტიკური მომავლის შესახებ.

„რ": „ოცნებაში" აცხადებენ, რომ სააკაშვილის სასჯელს არანაირი კავშირი არ აქვს მის პოლიტიკურ აქტივობასთანო.

ი.კ: „ქართული ოცნების" მოაზროვნე ნაწილმა უნდა გადაწყვიტოს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაუშვან, მიშა გარედან ძლიერი ვეღარ იქნება.

„რ": რა პერსპექტივა აქვს ნაცმოძრაობას სააკაშვილის გარეშე?

ი.კ: მიშას გარეშე ნაცმოძრაობა დაიშლება, ეს მისი პოლიტიკისთვის არ ივარგებს. სავარაუდოდ, გარკვეული ნაწილი სხვა პარტიებში გადავა, ნაწილი კი კვლავ მიშას იდეის გარშემო დარჩება და იბრძოლებს, რომ 2024 წელს როგორმე პარლამენტში მოხვდეს.

„რ": „ოცნებაში" რა ხდება, იქაც ხომ არ დაიწყო გადაჯგუფება?

ი.კ: პარტიის შიგნით გაყოფა კანონზომიერი მოვლენაა და ასეთი მაგალითები ბევრია ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ „ოცნება" უნიკალური შემთხვევაა, რადგან ამ პარტიის სტრატეგია და ტაქტიკა არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა არის მათი მარქსი, ენგელსი და ლენინი; მზე, რომლის გერშემოც ისინი ტრიალებენ. ბიძინა კი სიტყვას უაზროდ არ ისვრის, ის ჯერ ფიქრობს და შემდეგ მოქმედებს. ერთი წლის წინ თქვა, შეიძლება „ოცნების" წიაღშივე შეიქმნას ახალი ძალაო. ეს იდეა უკვე მოქმედებაშია, დაფუძნდა მოძრაობა „ხალხის ძალა". საპარლამენტო რესპუბლიკა კოალიციური მთავრობის გარეშე არ არსებობს, რაც კარგად იცის ბიძინამ, ამიტომ თადარიგი აქედანვე დაიჭირა. საზოგადოების დიდ ნაწილს უნდა კოალიციური მთავრობა და ეტყვის, აგერ, ბატონო, კოალიციური მთავრობაო, რომელიც დაკომპლექტდება ახალი და ძველი „ოცნებით", კიდევ ერთ-ორ სხვა ოპოზიციურ პარტიასაც შეიყვანენ, რომელიც მათი მტერი არ იქნება. კოალიციური მთავრობა კი ნიშნავს ახალ კოაბიტაციას, რასაც დასავლეთიც მიესალმება.

„რ": ოპოზიცია შემოდგომაზე ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება.

ი.კ: ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას აზრი აქვს მაშინ, როცა გაქვს მიზანი და ამ მიზანმა უნდა მოგცეს შედეგი. ეს მიზანი შეიძლება იყოს მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლა, ვადამდელი არჩევნები და კოალიციური მთავრობა. იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, ოპოზიციას ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარების არანაირი რესურსი არ გააჩნია. ეს წელი ძალიან რთული იქნება ქართული პოლიტიკისთვის, რომელმაც ქვეყანას სამომავლოდ რეალური ცვლილება უნდა მოუტანოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×