თამთა ჩაჩანიძე
08.08.2022

რუსეთი უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის ემზადება, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით,საოკუპაციო ძალები ქვეყნის სამხრეთით ფსევდორეფერენდუმების ჩატარებას გეგმავენ. რუსული მედია კი წერს, რომ ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ე.წ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

სამხედრო ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, რუსეთს ახლა იმ სცენარის განმეორება არ გამოუვა, რაც ყირიმის ანექსიის შემთხვევაში გააკეთა, მათი თქმით, ახლა ვითარება რადიკალურად განსხვავდება და უკრაინა ტერიტორიების დაბრუნებას როცა შეუდგება, არაფერი არ დააბრკოლებს, მათ შორის ეს „რეფერენდუმები".

საერთაშორის სამართლის თვალსაზრისით ე.წ. რეფერენდუმები არაფერს არ ცვლის, თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი მაინც შიშობს, რომ უკრაინას ამოცანების შესრულება შეიძლება გაუჭირდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმებს" ჩაატარებს, ამით ის უკრაინასთან და თავისუფალ მსოფლიოსთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას დახურავს.

„სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ ოკუპანტები ჩვენი ქვეყნის სამხრეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმებისთვის ემზადებიან. ძალიან მარტივი რამ მინდა ვთქვა: ყველა, ვინც ოკუპანტებს თავიანთი განზრახვის განხორციელებაში ეხმარება, პასუხის აგებს. ისინი პასუხს აგებენ უკრაინის წინაშე.

„ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია უცვლელია: არ დავთმობთ იმას, რაც ჩვენია და თუ ოკუპანტები ამ ფსევდორეფერენდუმების გზას გაჰყვებიან, ისინი საკუთარ თავს დაუხურავენ უკრაინასთან და თავისუფალ მსოფლიოსთან მოლაპარაკებების ნებისმიერ შესაძლებლობას, რაც რუსული მხარეს აუცილებლად დასჭირდება გარკვეულ მომენტში", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის ამ განცხადებას კრემლი გამოეხმაურა, როგორც ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა: ამ საკითხზე "ზელენსკიმ რუსეთს კი არ უნდა მიმართოს, არამედ ამ ტერიტორიების მაცხოვრებლებს, რადგან ეს მათი სურვილია".

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი კი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმებისკენ გადადგმულ რუსეთის თითოეულ ნაბიჯს პასუხი დასავლეთიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდით უნდა გაეცეს, რომ აგრესორმა ყოველი ნაბიჯის ფასი უნდა გაიგოს.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმებისკენ გადადგმულ რუსეთის თითოეულ ნაბიჯს პასუხი იარაღის მიწოდების გაზრდით უნდა გაეცეს - აგრესორმა ყოველი ნაბიჯის ფასი უნდა გაიგოს.

„კრემლი ცდის მსოფლიოს მზადყოფნას „ჩაყლაპოს" ანექსია და წინააღმდეგობას ვერ ხედავს. აგრესორმა უნდა გაიგოს მისი ყოველი ნაბიჯის ფასი. წითელი ხაზები უნდა გამოიკვეთოს", - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე".

როგორც რუსული მედია წერს, ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმ „ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, საზოგადოებრივი მოძრაობის „ჩვენ რუსეთთან ერთად ვართ" ფორუმზე, რომელიც მელიტოპოლში მიმდინარეობს". რუსული მედიის მტკიცემით კი ამავე ფორუმს „700-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო მთელი რეგიონიდან".

„თავისუფალი არჩევანის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენი რეგიონის თითოეული მაცხოვრებლის აზრი მნიშვნელოვანია, ვაცხადებთ ჩვენს განზრახვას ჩავატაროთ რეფერენდუმი ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე, როგორც სრულფასოვან სუბიექტად. ჩვენ ერთი ხალხი ვართ და ერთად ვიქნებით", - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ცნობებით, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება შემოდგომით იგეგმება, თუმცა ზუსტი დრო უცნობია.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისააია „რეზონანასთან" აცხადებს, ოკუპანტების მიერ გამოცხადებული რეფერენდუმი უკრაინის სამსხრეთში ვითარებას დიდად არ შეცვლის, რადგან როცა კიევი ტერიტორიების დაბრუნებას დაიწყებს, არაფერი ხელს არ შეუშლის.

„რუსეთის მიერ გამოცხადებული ეს „რეფერენდუიმი" 2014 წლის ყირიმის ანექსიისგან განსხავებით, დიდად მაინცდამაინც არაფერს არ შეცვლის, რადგან ამ ორ მოვლენას შორის სერიოზული განსხვავებაა. ჩვენდა სამწუხაროდ ყირიმის სცენარი მაშინ წარმატებით გამოუვიდათ, როცა ოკუპაცია განახორციელეს, რეფერენდუმი ჩაატარეს და მერე ანექსირებულ იქნა, ახლა იგივე სიტუაცია არაა.

„ახლა გინდა რეფერენდუმი ჩაატარონ, გინდა არა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, უკრაინა და რუსეთი პირდაპირ სრულმასშტაბიან კონვენციურ ომში არიან და უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს, რომ არალეგიტიმურ ე.წ. რეფერენდუმს ყურადღება არ მიაქციოს და ყოველგვარი პრობლემების გარეშე თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს, მათ შორის ყირიმი.

„თუკი უკრაინა ტერიტორიებს წარმატებით დაიბრუნებს, 23 თებერვლის სტატუსკვოს აღადგენს და შეძლებს რომ რუსები შეუტიოს, რა თქმა უნდა უკრაინას ექნება ლეგიტიმური უფლება, რომ ყირიმიც დაიბრუნოს. საომარი მოქმედებები რუსეთის ფედერაციამ დაიწყო და არა უკრაინამ.

„უკრაინა როგორ შეძლებს ამ ტერიტორიების დაბრუნებას, ეს ცალკე საუბრის თემაა. ამ ეტაპზე ეს ცოტა რთულია, ახლა მთავარია, რომ ამ წელს უკრაინამ ხერსონისა და მელიტოპოლის რაიონებზე კონტროლი დაიბრუნოს და ამით კარგი პრეცენდენტი შექმნას და შემდგომში მიეცეს საშუალება, რომ თავის ტერიტორიები გაათავისუფლოს.

„ისეთი ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა რომ მოხდეს მარიუპოლის დონბასისა და ყირიმის გათავისუფლება განხორციელდეს, სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-სტრატეგიუილი და ოპერატიული კონტრასტიდან გამომდინარე, მოკლევადიან პერიოდში ამაზე საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ, თუ უკრაინა ხერსონისა და მელიტოპოლის დაბრუნებას შეძლებს, ეს ამ ეტაპზე ძალიან კარგი სტარტი იქნება.

„ამის პარალელურად მთავარია უკრაინამ რუსებს არ მისცეს იმისი საშუალება, რომ დონეცკის ტერიტორიების ოკუპირება განახორციელონ და ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის მიმართულებით წარმატებული სვლები ჰქონდეს", - განაცხადა ექსპერტმა.

მისივე შეფასებით, უკრაინამ ჭკვიანურად უნდა გამოიყენოს ის პერიოდი, სანამ ყინვები დაიწყება.

„უკრაინამ ეს პერიოდი და შემოდგომის პირველი ნახევარი უნდა გამოიყენოს, შემდეგ ყინვები იწყება. დნეპრის მარცხენა მხარე კლიმატურადაც და რელიეფითაც საკმაოდ რთული რეგიონია. პატარა ნაკადებია, ზოგიერთ ადგილებში ჭაობია და აქ საომარი მოქმედებები ცოტა რთულია.

„მაგალითად, მეორე მსოფლიო ომში როგორც ნაცისტურ გერმანიას, ისე საბჭოთა არმიას ამ ტერიტორიების დაკავება ძალიან გაურთულდა. ნაცისტურ გერმანიას დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდა, რომ დაეკავებინა, საბჭოთა არმიას კი ორი წელი დასჭირდა, რომ გაეთავისუფლებინა.

„დნეპრი იმდენად ღრმა და დიდი მდინარეა, რომ მისი გადალახვა რთული ამოცანაა. უკრაინამ ყინვების დაწყებამდე უნდა მოასწროს, მერე მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული ტექნიკაა, ზამთარში ომს მაინც არავინ არ იწყებს, რადგან ბევრი წინააღმდეგობებია სისტემების გადაადგილებაზე, ხილვადობაზე. იგივე ჯარისკაცების ტრანშეებში ყოფნა ურთულესი გასაძლებია", - განაცხადა მაისაიამ.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, „რეფერენდუმები" არაფერს არ ცვლის, თუმცა შესაძლოა უკრაინას ამოცანების შესრულება გარკვეულწილად გაუჭირდეს.

„საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ეს ე.წ. რეფერენუმები არაფერს არ ცვლის და საერთაშორისო თანამეგობრიბის მხრიდანაც ეს ასე იქნება შეფასებული, მაგრამ, თუ დავუკვირდებით უკრაინელებისა და მისი მეგობრებისთვის ეს მაინც სასიამოვნო ინფორმაცია არაა.თუ გავითვალისწინებთ იმას თუ ყირიმთან დაკავშირებით რა გააკეთა, ასევე მათ რამდენიმე დადგენილება მიიღეს, რომლის მიხედვითაც რუსეთი მის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებს უკვე სულ სხვანაირად უდგება.

„ასეთ შემთხვევაში უკრაინის ამოცანები გართულდება, რადგან მაშინ პუტინს საერთო ეროვნული მობილიზაციაც კი არ გაუჭირდება. თუმცაღა, ბევრ რამეს გადაწყვეტს ის თუ ეს ომი როგორ დამთავრდება. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ჩანს რომ პარიტეტი ნარჩუნდება, უკრაინას ჯერ იმის ძალა არ აქვს, რომ კონტრშეტევა წამოიწყოს, არც რუსეთს აქვს დიდი გარღვევის შესაძლებლობა და თუ ისინი რეფერენდუმს ჩატარებენ, უკრაინის მორალური გატეხვის მცდელობა იქნება.

„ეჭვი მეპარება, რომ რეფერენდუმი მოახერხონ, მაგალითად, ხერსონში ნაღმტყორცნების ქვეშ რას იზამენ?! ამას თავად რუისეთშიც კი არ აღიარებენ და ამის გასაღება ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ავტომატის ქვეშ ჩატარებულ არჩევნებს შიგნითაც ნაკლები ლეგიტიმაცია ექნება. კრემლი ამის გაწელვას ამიტომაც ცდილობდა", - განაცხადა კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×