თამთა ჩაჩანიძე
09.08.2022

ენმ აცხადებს, რომ მზად არის მმართველ პარტიასთან ერთად იმუშაოს ევროპული საბჭოს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად. საშემოდგომო სესიაზე ენმ ოფიციალურ ფორმატში გამართულ ყველა შეკრებასა და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, იქნება ეს კომიტეტის, ბიუროს თუ პლენარული სხდომები. პარალელურად კი ოპოზიცია შემოდგომაზე აქციებს აანონსებს. ანალიტიკოსთა აზრით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილისა და „ოცნების" თანამშრომლობა რთული იქნება, თუმცა უნდა შეძლონ იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ამასთან, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველომ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მიიღოს და 12- პუნქტთან დაკავშირებით მუშაობაში მათი ჩართულობა მოჩვენებითია. ხოლო თუ თანამშრომლობა ვერ შედგა, ოპოზიცია „ოცნებას" ევროპული პერსპექტივის საბოტირებაში დაადანაშაულებს და საპროტესტო აქციებს წამოიწყებს, თუმცა საეჭვოა მათი პროტესტი მასშტაბური იყოს.

„პროდასავლური ოპოზიცია, ბუნებრივია, აპირებს ჩართვას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში, ყველა შესაძლო საპარლამენტო ოფიციალურ ფორმატში, იქნება ეს კომიტეტის სხდომა, ბიუროს სხდომა თუ პლენარული სხდომა," - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ენმ პარტია არაფორმალურ ფორმატებში მონაწილეობას არ მიიღებს, რაც თავიდანვე გაცხადდა.

„სამწუხაროდ, რიგგარეშე სესიის მოთხოვნა უგულვებელყო „ქართულმა ოცნებამ" და მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას. მაგრამ საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს მოუწევს შეკრება და მოუწევს ყველა პუნქტთან დაკავშირებით საკითხის განხილვა, მათ შორის ჩვენი ინიციატივების განხილვაც. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ზეწოლით შევძლებთ, რომ 12-პუნქტიანი გეგმა შევასრულებინოთ. თუ არადა „ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ამ შემოდგომაზე აუცილებლად დადგება.

„პარლამენტში არის ბიუროს სხდომა, კომიტეტის სხდომა, პლენარული სხდომა და ყველა ამ სხდომებში მივიღებთ მონაწილეობას, ეს ითქვა თავიდანვე და ამას ვამბობთ ახლაც. არაფორმალურ ფორმატებში არ ვმონაწილეობთ და თავიდანვე შევთავაზეთ რიგგარეშე სესიის სახით, საკომიტეტო მოსმენების სახით, ბიუროს სახით პროცესში ჩართვა. ეს ჩვეულებრივია და თავიდანვე გაცხადდა. საშემოდგომო სესიაზე საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მოგვიწევს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ყველა კანონპროექტის განხილვა, მათ შორის ჩვენი ინიცირებით", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

რამდენად ნაყოფიერი იქნება თანამშრომლობა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, დიდი ალბათობით, ოპოზიციისა და „ოცნების" თანამშრომლობა უშედეგო იქნება, რადგან ოპოზიციის მთავარი მიზანია, რომ „ოცნების" ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

„ბეჟაშვილის განცხადება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ენმ-ის პოზიციაა. ამის თაობაზე თავად პარტიამ უნდა განაცხადოს. აქცია და პარლამენტში საქმიანობა რომ შეუთავსონ, ეს სიახლე არაა არც ენმ-ს სტრატეგია-ტაქტიკისთვის და არც მათთან აფილირებული სხვა პარტიებისთვის. პარლამენტშიც რომ იყონ და ხმაურიც ატეხონ, ეს არაერთხელ გაუკეთებიათ.

„მათ ისიც არ უნდათ, რომ ევროპელების თვალში დესტრუქციულ ძალად გამოჩნდნენ, რადგან „ოცნებას", როგორც მმართველ ძალას, ყოველთვის შეუძლია განაცხადოს, რომ დავიწყე მუშაობა, შევქმენი სამუშაო ჯგუფები და პატივცემულო ევროპელებო, მიუხედავად თქვენი მოწოდებისა, ესა და ეს ძალები სამუშაო ჯგიუფებში არ ერთვებიანო. აქედან გამომდინარე, ისინი მოჩვენებით ჩართულობით სურათს შექმნიან, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს გააკეთებენ პროცესის ტორპედირებისთვის.

„ამის უკან დიდი და მთავარი მიზეზი და მიზანი დგას - ოპოზიციას არაფრით არ უნდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მიიღოს. ბოლო პერიოდის მათი ყველა მოქმედების განსმაზღვრელი ესაა. ეს რომ მოხდეს, ოპოზიციას შეუძლია საკუთარ თავს პოლიტიკური პანაშვიდი გადაუხადოს. ამიტომაც ყველაფერი გაკეთდება ისეთი გარემოს შექმნისთვის, რომ ევროკავშირში მმართველი პარტიის პროევროპულ ორიენტაზციაზე ეჭვი შეეპაროთ.

„ოპოზიციის ბოლო პერიოდის პოლიტიკური და მედია აქტივობები იმისკენაა მიმართული, რომ „ოცნებისგან" პრორუსული ძალა გამოიყვანონ. როგორც ჩანს, ევროკავშირში, და არა მხოლოდ, ვიღაც-ვიღაცებზე ზეგავლენას ახდენს. მათ „ოცნებასთან" პრეტენზიები ისედაც დაგროვილი აქვთ და თუ ისე მოხდა, რომ ევროკავშირმა მეორე ჯერზეც საქართველოს სტატუსი არ მისცა, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ უნდობლობა მართლაც აქვთ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თანამშრომლობა ნაყოფიერი აღმოჩნდეს. ამბობს, რომ მათ რაღაცაზე თვალიც უნდა დახუჭონ და რაღაც გვერდზეც გადადონ.

„მივესალმები იმას, რომ ოპოზიცია მზადაა „ქართულ ოცმებასთან" ითანამშრომლოს. „ოცნება" ამის ღირსი არაა, ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ დღეს მთავარია ის კი არაა „ოცნებას" ან ოპოზიციას რა მოეწონება, მთავარია რა მოეწონება ევროკავშირს.

„ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაღაცეებზე მაღლა დადგეს და ნებისმიერ ვარიანტში მიიღოს პროდუქტი, რომელიც მათგან გამოცხვება, თუგინდა ოპოზიციისთვის მიუღებელი, მაგრამ მისაღები იყოს ევროკავშირისთვის. 12-პუნქტიანი დავალების შემდეგ პროცესი კი არ მთავრდება, ევროკავშირში გაწევრიანების ნამდვილი პროცესი ამის მერე იწყება. ამიტომ ევროკავშირში ფეხი უნდა შევყოთ, კარში ფეხი უნდა ჩავდგათ, რომ საბოლოოდ არ ჩაგვიკეტოს და როგორმე კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.

„ოპოზიციამ როგორმე უნდა მოითმინოს, ოღონდ ევროკავშირისთვის მისაღები დკუმენტი შექმნან. ცალკე დოკუმენტზე იმუშაონ, პრობლემა არაა, მთავრია იმუშაონ ყოვლად აუტანელ ვითარებაში „ოცნებასთან", რათა ვერავის ვერ დააბრალოს, რომ ჩემთან არ თანამშრომლობენო. რაღაცაზე თვალი დახუჭონ, რაღაცაზე იკამათონ, გვერდზე გადადონ, მთავარია ევროკავშირი კმაყოფილი იყოს. ახლა კინკლაობის და წუწაობის დრო არაა, რომ მე ეს არ მომწონს, მე ის არ მომწონს.

„უნდა იყოს კონტაქნები ევროპასთან, ბრიუსელთან და ჰკითხონ გარკვეული საკითხები მისაღებია თუ მიუღებელი, უთხრან ჩვენთვის ყოვლად მიუღებელ ძალასთან სათანამშრომლოდ მივდივართ და მზად ვართ ნებისმიერი დოკუმენტი მივიღოთ, ოღონდ თქვენთვის ეს მისაღები იყოს. ღმერთმა ქნას, რომ დოკუმენტი მიიღონ და კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. მერე 12 კი არა, ასობით და ათასობით პუნქტები იქნება. ნამდვილი შრომა მერე დაიწყება - ნამდვილი დეცენტრალიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ა.შ." - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

რა მოხდება, თუკი ოპოზიცია და ხელისუფლება თანამშრომლობას ვერ შეძლებენ

ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ თუკი თანამშრომლობა ვერ შედგა და „ოცნებამ" რომელიმე პუნქტს რევიზია გაუკეთა, ან ვერ შესრულდა, პოლიტიკური პროცესები იგივე წრეზე წავა.

„აქ საუბარი ძირითადად 19 აპრილის შეთანხმების პუნქტების შესრულებაზე იქნება. რადგანაც ეს დოკუმენტი შარლ მიშელ;ის მედიააციით იქნა მიღებული, ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი გახდა. ვერ ელევიან და უნდათ, რომ ამა თუ იმ ფორმით მისი რეანიმაცია მოახდოინონ და თუ „ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღო, თუ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს გადახედა და მიშელის დოკუმენტში ჩამოყალიბებულ რამდენიმე პუნქტს რევიზია გაუკეთა და არ შეასრულა, ეს იგივე წრეზე წაგვიყვანს, ბაგირის გადაწევ-გადმოწევის პროცესი გაგრძელდება.

„ჩემი აზრით, „ქართული ოცნება" ევროკავშირის სტრუქტირებთან, ევროკომისიასთან საკმარისად არ თანამშრობლობს. ოპოზიციამ რაც არუნდა ეცადოს, აქ მთავარია, რომ „ოცნებამ" ფხა გამოიჩინოს და ჰკითხოს, მე რომ ახლა ეს შევასრულო, ისაა რასაც თქვენ მოელოდითო?! ანუ ერთად გაწერონ ინდიკატორები და შესრულების კრიტერიუმები, რომ მერე ისე არ აღმოჩნდეს, რომ ევროკავშირი ერთს ელოდა და სხვა რამე მიიღო, „ოცნებამ" კი ჩათვალოს, რომ მან პირობები შეასრულა და ევროკავშირმა უთრას. აქ ხელისუფლების მხრიდან მეტი სამუშაოა საჭიორო", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ ოპოზიციამ თანამშრომლობა „უნდა შეძლოს და გაძლონ, რადგან „ოცნებას" იმის საშუალება არ უნდა მისცენ, რომ პროცესი ჩააგდონ. მე რომ ოპოზიციაში ვიყო, წავალ და გავუძლებ".

ვის დაბრალდება თანამშრომლობის ჩაშლა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ თუკი საკვანძო საკითხებზე ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმებას ვერ შეძლებენ, ოპოზიცია ამის საფუძველზე ხალხის ქუჩაში მასობრივად გამოსვლის ორგანიზებას დიდი ალბათობით ვერ შეძლებს.

„მათ შესაძლებლობას პესიმისტურად ვუყურებ, რომ ბევრი ხალხი გამოიყვანონ, რადგან 20, 24 ივნისის და 3 ივლისის აქციებზე ბევრი ადამიანი საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად სპონტანურად და ემოციურად გამოვიდა. იგივე ხალხმა შემდეგ ძალიან კარგად დაინახა, თუ ეს ყველაფერი რაში გადაიზარდა - რომ ეს იყო ხელისუფლების ცვლილებისა და მორიგი რევოლუციის მცდელობა და ისინი უბრალოდ ამაში გამოიყენეს. შესაბამისად, არ მგონია ახლა, რომ ხალხმა ეს სატყუარა მეორედ გადაყლაპოს და ამ ძალებს ხელახლა პროტესტში გაჰყვეს. თავიანთი მომხრეების რაღაც რაოდენობას გამოიყვანენ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს კრიტიკული მასა იქნება", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ ქართულ საზოგადოებაში განწყობას ვერ ხედავს, რომ ოპოზიციის დაანონსებული აქციებში მონაწილეობისთვის მზად იყვნენ. გარდა ამისა, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 12 პუნქტზე თანამშრომლობა ვერ შედგა, „ოცნება" საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს „დააჯერებს, რომ ეს ოპოზიციის ბრალია".

„რაც შეეხება ხალხის გამოყვანას, ეჭვი მეპარება. ოპოზიცია პოპულარული არაა, პოპულარული არც „ოცნებაა", მას ხალის გამოყვანა არ შეუძლია, თუ ფული არ გადაუხადა. ოპოზიციას კი არ შეუძლია ხალხი გამოიყვანოს, თუ საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანი იდეები არაა, ვიდრე ოპოზიციის ინტერესებია, მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანება.

„საქართველოში განცდას ვერ ვხედავ, რომ ოპოზიციისთვის გამოსვლისთვის მზად არიან. თუ 12 პუნქტზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მუშაობა ვერ შედგა. „ოცნება" ყველაფერს ოპოზიციას დააბრალებს და საზოგადოების მნიშვნელოვბან ნაწილს დააჯერებს, რომ ოპოზიციის ბრალია. ამიტომ ოპოზიციამ ჩაშლა არ უნდა დაუშვას. თუ ჩაიშლება, „ოცნების" გაგებით ყველაფერი ოპოზიციის ბრალი იქნება და საზოგადოება ასეთ ოპოზიციასთან ქუჩაში არ გამოვა", - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×