თამთა ჩაჩანიძე
10.08.2022

რუსეთი უკრაინაში ბრძოლის მესამე ეტაპისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს - აშშ-მა კიევს რადარის საწინააღმდეგო რაკეტები გაუგზავნა, რომელსაც უკრაინული თვითმფრინავები რუსული სარადარო სისტემების წინააღმდეგ გამოიყენებენ, ამავდროულად რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება, მე-3 არმიის კორპუსი დააფუძნა.

სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნული რაკეტები უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს საშუალებას მისცემს, რომ უფრო თავისუფლად იფრინოს და რუსების ჯარებზე დარტყმები თავისუფლად განახორციელოს.

რაც შეხება რუსულ სახმელეთო ძალების ახალ ფორმირებას, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ომის რუსეთის სასარგებლოდ შესატრიალებლად ეს საკმარისი არაა, თუმცა, ზოგიერთ მიმართულებებზე თავდაცვის გასაძლიერებლად გარკვეული ძალაა.

„სიენენის" ინფორმაციით, პენტაგონში განაცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რადარის საწინააღმდეგო რაკეტები გაუგზავნა, რომელსაც უკრაინული თვითმფრინავები რუსული სარადარო სისტემების წინააღმდეგ გამოიყენებენ. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, კოლინ კალმა დაადასტურა, რომ გაგზავნილია „აგმ-88" ტიპის მარალსიჩქარიანი რაკეტა „ჰარმი", რაოდენობა კი არ დაუკონკრეტებია.

"უახლოეს პერსპექტივაში, ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რათა უკრაინის საჰაერო ძალები უფრო ქმედუნარიანი იყოს", - აღნიშნა კოლინ კალმა.

აშშ-ის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ჰარმ-ის რაკეტების მოქმედების მანძილი 30 მილზე (48 კილომეტრზე) მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რაკეტები ერთ-ერთი შორ მანძილზე მოქმედი იარაღია, რომელიც აშშ-მა უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მიაწოდა. რაკეტების გამოყენება შესაძლებელია რუსული საზენიტო სარადარო სისტემების წინააღმდეგ, როგორიცაა ეს-400.

ამის პარალელურად, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, უკრაინის ოპერაციის მხარდასაჭერად, რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება, მე-3 არმიის კორპუსი დააფუძნა.მათივე ცნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, გეგმავს მე-3 არმიის კორპუსის დიდი ნაწილი ახლად შექმნილი „მოხალისე" ბატალიონებიდან შეავსოს. თუმცაღა დასძენენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მე-3 არმიის კორპუსის ეფექტი გადამწყვეტი იყოს ბრძოლისთვის.

„რუსმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ მე-3 არმიის კორპუსის პოტენციურ ახალწვეულებს უკრაინაში განლაგების სანაცვლოდ ფულად ჯილდოს სთავაზობენ. რუსული არმიის კორპუსი, როგორც წესი, შედგება 15 000-20 000 ჯარისკაცისაგან, მაგრამ რუსეთს, ალბათ, გაუჭირდება ამ მასშტაბამდე მე-3 არმიის კორპუსის მიყვანა, თუ გავითვალისწინებთ უკრაინაში ნებაყოფლობით ბრძოლაში ჩართვის ძალიან შეზღუდულ სახალხო ენთუზიაზმს," - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

რა შუძლია „ჰარმის" ტიპის რადარის საწინაარმდგო რაკეტებს

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ჰარმის" ტიპის რაკეტები უკრაინის საჰაერო ძალებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან საშუალებას მისცემს, რომ უფრო თავისუფლად იფრინოს და რუსების ჯარების მისამართით დარტყმები თავისუფლად განახორციელოს.

„ჰაერი-ხმელეთის ტიპის რაკეტებია, დანიშნულება საჰაერო თავდაცვის სისტემის მთავარი კომპონენტის განადგურებაა, რომელიც რადარს წარმოადგენს, ეს საჰაერო თავდაცვის სისტემას ფაქტიურად დააბრმავებს. თუ არ ვცდები, მისი გაშვების მანძილი 25-დან 150 კმ-მდეა.

„კონკრეტულად რომელი მოდელია და რა მანძილზე მიფრინავს არ ვიცი, თუმცა არსი ისაა, რომ აღნიშნული რაკეტა რადარის გამოსხივებას მიჰყვება და გამოსხივების წყაროს ხვდება. ანუ თვითონ იმ რადარს ხვდება, რომელიც საჰაერო სივრცის თვალთვალს ახორციელებს.

„არ დაგვავიწყდეს, რომ ზოგადად, რადარი მუშაობას უფრო შორ მანძილზე იწყებს, ვიდრე უშუალო საჰაერო თავდაცვის რაკეტა ანადგურებს. მაგალითად, თუ „ეს-300"-ზეა საუბარი, რადარი 300 კილომენტრზე აღმოაჩენს, მაგრამ რაკეტა 200 კილომეტრ მანძილზე ხვდება. ამას მფრინავები იყენებენ და როგორც წესი საჰაერო ტაქტიკაში შედის. როდესაც წყვილებში მოქმედებენ, ერთი თვითმფრინავი აიძულებს, რომ რადარი ჩაირთოს და გამოსხივება განახორციელოს, ხოლო მეორე თვითმფრინავი ამ გამოსხივების მიმართულებით რაკეტას უშვებს, რომელიც უშუალოდ თვალთვალის შესაძლებლობებს ხვდება და აბრმავებს.

„ამ რაკეტების ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს, რომელიც რუსეთმა ვერ შეძლო, რომ გაენადგურებინა, საშუალებას მისცემს, რომ უფრო თავისუფალი ფრენა განახორციელოს და რუსების ჯარების მისამართით დარტყმები თავისუფლად განახორციელოს", - განაცხადა კაპანაძემ.

„ჰარმის" ტიპის რადარის საწინაარმდგო რაკეტების მნიშვნლობაზე საუბრობს „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც.

„ეს კონტრრადიოლოკაციური რაკეტებია, რომლებიც ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვის სისტემებს აფიქსირებენ და ანადგურებენ, ამით სარაკეტო კომპლექსებს და საბრძოლო ავიაციას საშუალებას აძლევენ, რომ მოწინააღმდეგეზე ზუსტი დარტყმები განახორციელონ. ამ რაკეტებს უნარი აქვთ, რომ გამოსროლილი რაკეტების ფუჭი მიმართულებით გაყვანა განახორციელონ.

„ეს აუცილებელი კომპონენტია იმისათვის, რომ საავიაციო და სარაკეტო დარტყმების ეფექტურობა გაცილებით უფრო მაღალი იყოს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჰაერში თვითმფრინავის დაფიქსირება და განადგურება არ მოხდეს"- განაცხადა მაისაიამ.

რა შუძლია რუსეთის სახმელეთო ძალების ახალ ფორმირებას

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ასევე ამბობს, რომ როგორც ჩანს რუსები სექტემბერ-ოქტობრისთვის საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის ემზადებიან და ეს ფორმირება სავარაუდოდ უკრაინის სამხრეთისკენ იქნება მიბჯენილი.

„მესამე საარმიო კორპუსი უფრო მეტად ალბათ კრივოე როგისა და ზაპოროიჟიეს მიმართულებისთვისაა, რომელიც ნაწილობრივ ნიკოლაევის მიმართულებასაც დაფარავს. 22-ე და მესამე საარმიო კორპუსები სამხრეთის მიმართულების გარღვევისთვის იქნება მიბჯენილი.

„რუსები ემზადებიან, რომ საბრძოლო მოქმედებები სექტემბერ-ოქტომბერში სერიოზულად განახორციელონ, მათ ახალი ოპერატიულ-სტრატეგიული ერთეული საარმიო კორპუსი შემოიტანეს.

„უკრაინელებმა ყირიმზე წარმატებული ოპერაცია განახორციელეს, სამხედრო აეროდრომი გაუნადგურეს, უკრაინელებმა ძალთა ბალანსი აღადგინეს, მაგრამ რუსებისგან პასუხია მოსალოდნელი, ის რომ საარმიო კორპუსი შეიქმნა, ეს უკვე სერიოზული ძალაა დაახლოებით 40-45 ათასი ადამიანით", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი აცხადებს, რომ ეს საარმიო კორპუსი ვითარებას რუსების სასარგებლოდ არ შეაბრუნებს, თუმცა, გარკვეულ მიმართულებაზე თავდაცვის გასაძლიერებლად შეიძლება ძალად ჩაითვალოს.

„ამაზე საუბარი იყო, რომ კორპუსი დიდი ხანია ყალიბდებოდა. ჩემი მონაცემებით, სატანკო კორპუსზეა საუბარი, ჩავთვალოთ, რომ დაახლოებით 20 ათასი სამხედრო მოსამსახურეა. როგორც ინფორმაცია გამოვიდა, ამ კორპუსში 200 ტანკი და 400 ერთეული ჯავშანტექნიკაა. ომის შემოსატრიალებლად ეს საკმარისი ნამდვილად არაა, გარკვეულ მიმართულებებზე თავდაცვის გასაძლიერებლად ძალა არის"- განაცხადა გენერალმა „რეზონანსთან.

რა ხდება ფრონტის ხაზზე

გენერალ ვახტანგ კაპანაძისვე შეფასებით, ფრონტზე დიდი ცვლილებები არაა, თუმცა რუსები ბრძოლის მესამე ეტაპისთვის მომზადებას ცდილობენ.

„კონტრშეტევები მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ ეს ლოკალურ მიმართულებებზე ძალიან მცირე მასშტაბისაა. ამ შეტევებს როგორც ერთი, ისე მეორე მხარე აწარმოებს. ეს უფრო შემდგომი ოპერაციებისთვის ბრძოლის ველის მომზადებაა, ვიდრე თავად ოპერაცია.

„მიუხედავად პოლიტიკური განცხადებებისა, უკრაინას კონტრშეტევის პოტენციალი ჯერ არ გააჩნია. ვთვლი, რომ ეს განცხადებები სწორი არ იყო, თუკი ამის უკან დონბასიდან სამხრეთის მიმართულებისკენ რუსული ძალების გადმოყვანა არ იდგა, რომ იქ შეტევა შესუსტებულიყო. თუ ჩანაფიქრი ეს იყო, მიღწეულია, მაგრამ თუ იმას ფიქრობდნენ, რომ ხერსონის მიმართულებაზე ფართომასშტაბიან კონტრშეტევას განახორციელებდნენ, ჩემი აზრით ამაზე ნაადრევი აჟიტირება სწორი არ იყო.

„შესაბამისად რუსებმა ზაპოროჟიედან ხერსონის მიმართულებაზე დანაყოფები გადაისროლეს და გააძლიერეს, ხოლო ზაპოროჟიეს მიმართულება დონბასიდან გადასროლილი დანაყოფებით გაააძლიერეს.

„თავად ფრონტზე დიდი ცვლილელები არაა, რუსები ცდიოლობენ, რომ ომის მესამე ეტაპისთვის მოემზადონ, იმ მინიმალური ამოცანის შესრულებით, რომელიც მათ მეორე ეტაპისთვის ჰქონდათ დასახული, რომელიც დონბასის აღება იყო. ლუგანსკის საზღვარზე გავიდნენ, დონეცკზე ჯერ კიდევ ვერ გადიან და ერთ თვეზე მეტია გაჭედილები არიან.

„რუსები დგანან და სოლიდარს და ბახმუტს უტევენ, ერთი ნაბიჯი წინ წაწევა ვერ შეძლეს, თუ არ ჩავთვლით იმას. რომ პატარა სოფლების დასახელებები მუდმივად ტრიალებს, რომელიც არაფერს არ გვეუბნება, ეს დიდი მანძილი არაა. სოლედარის მიმართულებაზე თითქოს და სამხრეთ გარეუბნებში შევიდნენო, მაგრამ სოლედარი ის ქალაქია, სადაც მიწისქვესა საბადოებში მარილიგამომუშავდებოდა, ამ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში 300 მეტრ სიღმეზე მიწისქვეშა გამოქვაბულების ლაბირინთია, საიდანაც მარილი ამოაქვთ და არანაკლებია, ვიდრე მარიუპოლში ქარხნის ქვეშ იყო, რუსებს აქაც მარტივი ბრძოლა არ ექნებათ.

„სლავიანსკთან და კრამატორსკთან მიახლოვებულებიც კი არ არიან, ბახმუტი, სოლედარი სევერსკის ზღუდეზე გაიჭედნენ. ხერსონი-ზაპოროჟიეს მიმართულებაზე რუსები თავდაცვაზე არიან, ვერავითარ შეტევას ვერ აკეთებენ და ალბათ ვერც განახორციელებენ. თავდაცვას აძლიერებენ, რადგან ცდილობენ, რომ ამ მიმართულებაზე უკრაინელების კონტრშეტევა არ დაუშვან.

„რუსებს უნდათ, რომ მეორე ეტაპი რაღაცნაირად პოზიტივით დაასრულონ და პუტინის ამოცანის შესრულებას, ანუ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლას ცდილობენ", - განაცხადა კაპანაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×