ელზა პაპოშვილი
10.08.2022

ხანძარი, დივერსია, თუ  სარაკეტო დარტყმა - რა მოხდა ყირიმში და რამ ააფეთქა რუსი ოკუპანტების აეროდრომი? რას ნიშნავს საკის სამხედრო აეროდრომის აფეთქება, საიდანაც 24 თებერვლიდან მოყოლებული ყოველდღიურად აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ბომბავენ და რაკეტებს უშვებენ უკრაინის სამხრეთ ნაწილში, არა მარტო უკრაინის არმიის პოზიციებისკენ, არამედ - მშვიდობიანი ქალაქების მიმართულებითაც. 

ამიტომ წესით ეს აეროდრომი ზღვიდან, ხმელეთიდან თუ ჰაერიდან ყველაზე დაცული უნდა ყოფილიყო. მაშ რა მოხდა და რამ განაპირობა რუსების უძლეველობის მითის დარღვევა, როცა კრემლი იმუქრებოდა, რომ თუ უკრაინა ყირიმის დაბომბვას გაბედავდა, პასუხი ძალიან მძიმე იქნებოდა. 

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ყირიმის საკის აეროდრომის დაბომბვას ორი მნიშვენლობა აქვს -  ეს არის სამხედრო და პოლიტიკური. რუსებს ამ აფეთქებით ძალიან დიდი ზიანი  მიადგათ და ისინი სამხრეთ უკრაინის მიმართულებით დაბომბვებს ვეღარ განახორციელებენ. მეორე მხრივ კი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რადგანაც გამოჩნდა, რომ ყირიმი ხელშეუხებელი კუნძული არ ყოფილა და უკრაინას მასზე თავდასხმის რესურსი  გააჩნია. ომში შეტევითი ინიციატივა უკვე უკრაინაზე გადადის და რუსეთის საბრძოლო პოტენციალი შემცირებულია.     

ყირიმში მომხდარი აფეთქებების უკან უკრაინის სპეციალური ძალები დგას, ამის შესახებ "სქაი ნიუსი" უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს - წყაროს ცნობით, გუშინ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები უკრაინის სპეციალური ძალების ოპერაციის შედეგი იყო.

სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ კვამლისა და ცეცხლის ფონზე დამსვენებლები პლაჟებიდან გარბოდნენ. დღის ბოლოს რუსეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ აეროდრომი და საბრძოლო მასალების საცავები არ დაბომბილა და სამხედრო ობიექტზე, უბრალოდ, საბრძოლო მასალა აფეთქდა.   

რუსეთის ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით უნდა დასრულდეს - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყირიმში ოკუპანტების ყოფნა საფრთხეს უქმნის ევროპას და მსოფლიოს. ზელენსკის აღნიშნავს, რომ ყირიმი უკრაინულია და ისინი არასდროს დათმობენ მას.

"დღეს დიდი ყურადღება ეთმობა ყირიმის თემატიკას და ეს სწორია, რადგან ყირიმი უკრაინაა და ჩვენ არასდროს ვიტყვით მასზე უარს. არ დავივიწყებთ, რომ სწორედ ყირიმის ოკუპაციით დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი.

რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. რუსეთმა ყირიმს მასშტაბური რეპრესიები, ეკოლოგიური პრობლემები, ეკონომიკური უიმედობა და ომი მოუტანა. ისტორიკოსები, ალბათ, ერთ დღესაც დაადგენენ, რამდენი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ ყირიმის ტერორისთვის გამოყენების შედეგად. ათიათასობით? ასიათასობით? უკრაინიდან და საქართველოდან სირიამდე და უფრო შორეულ რეგიონებამდე.

ყირიმში რუსი ოკუპანტების ყოფნა საფრთხეა მთელი ევროპისთვის და გლობალური სტაბილურობისთვის. შავი ზღვის რეგიონი ვერ იქნება უსაფრთხო, სანამ ყირიმი ოკუპირებულია. არ იქნება სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ბევრ ქვეყანაში, ვიდრე რუსეთი შეძლებს ჩვენი ნახევარკუნძულის სამხედრო ბაზად გამოყენებას.

რუსეთის ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით უნდა დასრულდეს - მისი განთავისუფლებით. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვამატებთ ყირიმის გათავისუფლების ფორმულას სიახლეებს. ვიცი, რომ ჩვენ დავბრუნდებით უკრაინულ ყირიმში," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

სამხედრო ანალიტიკოსი აკია ბარბაქაძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ეს შესაძლოა სარაკეტო დარტყმები ყოფილიყო. მისი აზრით, დივერსიული საქმიანობის შედეგად შეიძლება 1 და 2 აფეთქება იყოს და ძალიან რთულია, რომ 8 ასეთი დიდი აფეთქება გამოიწვიო მხოლოდ დივერსიული საქმიანობით. ანალიტიკოსი ამბობს, რომ უკრაინელებმა რუსებს ამით უთხრეს, რომ არ არსებობს უკრაინის ტერიტორია, სადაც მათ თავი შესაძლოა უსაფრთხოდ იგრძნონ. 

„ყირიმის აეროდრომის აფეთქება კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვის ტოლფასია. ის იყო რუსული ფლოტის სიამაყე, ყირიმი რუსეთისთვის  „ჩაუძირავი ავიამზიდი“  იყო. ახლა კი ამ ავიადარტყმების შედეგად ის ჩაეძირათ. გამოდის, რომ ყირიმი აღარ არის ის ხელშეუხებელი ტერიტორია, რომელიც რუსებს ეგონათ. ეს კუნძული რუსი ჯარისკაცების  ბაზირებისთვის უსაფრთხო ვეღარ იქნება. ჯერჯერობით უკრაინელების მხრიდან ეს არ შეიძლება მასიურ შეტევად ჩავთვალოთ, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინამ შეტევითი ბრძოლა დაიწყო. 

„მართალია დიდი ხანია, რაც რუსეთის ჯარის უძლეველობის მითი „დასამარდა“, მაგრამ ამ შეტევით ეს საბოლოოდ გაფრომდა. რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უძლურია დასავლური, თანამედროვე ტიპის ზალპური სარაკეტო სისტემების წინააღმდეგ. 

„ახლა უკრაინელებს „ჰაიმარსების“ მეშვეობით რუსების დანაყოფების განადგურება ისე შეუძლია, რომ მათი სისტემები ამას ვერ ხედავს. რეალურად, რუსების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები უძლური არის ნატო-ს ქვეყნების დასავლური ზალპური ცეცხლის სისტემების წინააღმდეგ“,-ამბობს ბარბაქაძე. 

მისივე თქმით, „ჰაიმარსების“ მეშვეობით რეალურად, განადგურებული იქნება როგორც რუსული რადარები, მათი ჯარების მართვის პუნქტები, ცენტრალური შტაბები, ასევე საარტილერიო სისტემები და აეროდრომები. 

ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ფაქტობრივად ვერცერთ მონაკვეთზე ვეღარ მოიპოვებს სტრატეგიულ უპირატესობას, ვინაიდან ამ დასავლური ზალპური ცეცხლის სისტემები ძალიან შორს მსროლელი არტილერიით უკრაინამ დიდი უპირატესობა მოიპოვა.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×