ია აბულაშვილი
12.08.2022

დღეს საქართველოს პოლიტიკური ხსნა არის ის, რომ უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ეს იქნება ეროვნული თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი, სხვა გზას მე ვერ ვხედავ - ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას.

იგორ კვესელავა: პოლიტიკური ვითარება რთულია და საზოგადოებას არ აქვს სიმპათია არც ხელისულების და არც ოპოზიციის მიმართ, ელოდება ახალ ძალას. რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, მათ არ აქვთ ერთიანი სამოქმედო გეგმა. ჩემთვის, როგორც პოლიტიკური მკვლევარისთვის, გაუგებარია, როგორ აპირებენ ხელისუფლების შეცვლას. გადატრიალებით? რა თქმა უნდა, ამ გზით ხელისუფლებას ვერ შეცვლიან. არჩევნების გზით? დღეს რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, არ აქვთ რესურსი, რომ ხელისუფლება შეცვალონ, ამიტომ ზღაპრებს ნუ ჰყვებიან. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ოპოზიცია სუსტია და არც წავა ვადამდელ არჩევნებზე, მით უფრო ახლა, როცა შეიძლება, თავისი კაცი არ ჰყავდეს ცესკო-ში.

„რ": ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით დიდი აურზაურია, „ოცნება" აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მიიღო „აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც თავის პოლიტიკურ გადაწყვტილებებს შეაგებებენ", ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესს შეცვლის. თქვენ როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას?

ი.კ: პრეზიდენტი აირჩია ხალხმა და არა - ხელისუფლებამ. მართალია, მისი უფლებამოსილება შეზღუდულია, მაგრამ პრეზიდენტი ვერ იქნება სათამაშო ინსტრუმენტი, ის არის მედიატორი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო სწორი, ხელისუფლების ეს რეაქცია კი მიანიშნებს იმაზე, რომ მათ უნდათ ის ადამიანი, ვინც არჩევნებში დაეხმარება. პრეზიდენტი ხელმძღვანელობს პრინციპით - ცესკო-ს თავმჯდომარე უნდა იყოს არჩეული ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ, ანუ პრეზიდენტი ხელს არ აწერს „ოცნების" კაპრიზებზე. პარტია „ოცნებას", რომელიც დღეს ხელისუფლებაზე მაღლა დგას, ეწინააღმდეგება პრეზიდენტი, რომელიც არ ეთანხმება ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომლებიც ქვეყნისთვის არის საზიანო. თუ სიმართლის თქმა ოპოზიციონერობაა, ჩათვალეთ, რომ დღეს პრეზიდენტი „ოცნების" ოპოზიციაშია.

„რ": „ნაცმოძრაობაში" დღემდე ვერ გაურკვევიათ, ტოვებს თუ არა სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას და „ნაცმოძრაობას". ამის მიზეზი, როგორც ჩანს, სააკაშვილის დუმილია. მას ამ დრომდე ოფიციალური განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არ გაუკეთებია.

ი.კ: ეს სააკაშვილის ტაქტიკაა. ის ჯერ არ აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, აკვირდება რეაქციას როგორც პარტიაში, ისე საზოგადოებაში. „ნაცმოძრაობის" დიდ ნაწილს ნამდვილად არ უნდა, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდეს, რადგან ეს პარტიის დაშლის ტოლფასი იქნება. მიშა მართლაც ძალიან ცუდად არის, მე ვურჩევდი ხელისუფლების მესვეურებს, რომ გაუშვან სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ეშინიათ.

„რ": არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავალს რაში ხედავთ?

ი.კ: პოლიტიკური ვითარება არის რთული, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური ხსნა ისაა, რომ უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა. მე სხვა გზას ვერ ვხედავ. ეს იქნება ევროვნული თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×