ელზა პაპოშვილი
12.08.2022

ბოლო ერთ თვეში რუსეთის არმიის შეტევის ტემპი უკრაინაში რადიკალურად შესუსტდა და ოკუპანტები წინ წაწევას ვეღარ ახერხებენ. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსებმა გარკვეული წინსვლა მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით  მოიპოვეს. თუმცა მასშტაბი აქაც დიდი არ არის, რადგან  ერთ თვეში  მხოლოდ 10 კილომეტრით წაიწიეს. სხვა ადგილებში ან საერთოდ ვერ წაიწიეს წინ, ან მაქსიმუმ 3 კილომეტრით. ბრიტანელები ამბობენ, რომ ამის მიზეზი ბრძოლისუნარიანი შენაერთების დეფიციტია. 

სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან“ ფორნტის ხაზზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე შეტევითი ბრძოლები შენელებულია და სავარაუდოდ, რუსულ ჯარში ცოცხალი ძალის დეფიციტია გაჩენილი.  მისი თქმით, უკვე ნახევარი წელია ომი მიმდინარეობს და თუ ჯარში როტაცია არ მოხდა, რა თქმა უნდა, ის ბრძოლისუნარიანობას კარგავს. სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან თავდაცვით პოზიციაში გადასვლა სწორედ ამით არის განპირობებული. 

„რუსეთის, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური  ხელმძრვანელობის მხრიდან  ომის ამხელა დროზე გაწელვა გათვლილი არ იყო. პუტინს თავიდან გათვლა ჰქონდა, რომ ბლიცკრიკით უკრაინის ხელისუფლებას შეცვლიდა. ამით კი ომი დასრულდებოდა. საბედნიეროდ ეს არ გამოვიდა და ომი გაიწელა. აღმოჩნდა, რომ უკრაინელების საბრძოლო პოტენციალი ვერ შეაფასეს. უკრაინელებმა ომი ისწავლეს და უკან დახევას არ აპირებენ. ისინი საკუთარ სამშობლოს იცავენ. ბრძოლის მეტი მოტივაცია აქვთ. ამას პლუს დასავლეთიდან საკმაოდ დიდ დახმარებას იღებენ, რაც იმის  საშუალებას აძლევთ, რომ შეტევით ბრძოლაზე გადავიდნენ.

„რა თქმა უნდა, უკრაინელებს სურთ, რომ ეს დახმარება უფრო  მეტი იყოს და სწრაფი, მაგრამ დასავლეთი ამ დახმარებას პორცია-პორცია  უგზავნის. დასავლეთში სავარაუდოდ არსებობს განწყობა, რომ რუსეთს არ უნდა უკარინელებმა უფრო მეტი დარტყმა მიაყენოს. ყველა ფრონტის ხაზზე შეტევითი ბრძოლები ვერ იქნება. ამ ეტაპზე რუსეთმა დონბასის მიმართულება აირჩია. სურს, რომ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გავიდეს. ამ 6 თვის  განმავლობაში დონბასის რეგიონში ბოლომდეც კი ვერ გავიდნენ. რაც შეეხება ხერსონს, აქ დიდი უპირატესობა არცერთ მხარეს არ გააჩნია. ორივე მხარეს გადაღლაა, ამიტომ არცერთ მათგანს ამ ეტაპზე შეტევითი ბრძოლების  სრულად წარმოება არ შეუძლიათ. პუტინის არასწორი გათვლა ისიც იყო, რომ სანამ უკრაინაში შეიჭრებოდა, მანამდე ერთი თვით ადრე ჯარს ბელარუსიაში მოუყარა თავი. იქ ამდენი ხნის მანძილზე ჯარისკაცები ზამთარში ტყეში სიცივეში იყვნენ. ამან  თავისი კვალიც დაასვა რუსულ ჯარს და ბრძოლისუნარიანობა შეაფერხა“, - ამბობს  ალადაშვილი. 

რაც შეეხება ყირიმში ქალაქ საკის მახლობლად ავიაბაზის აფეთქებას, ალადაშვილი თვლის, რომ ამას არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური დატვირთვა აქვს. 

„უკრაინისთვის ეს იყო კანონიერი სამიზნე, რომლის მდგომარეობიდან გამოყვანაც ფრონტის ხაზის ამ მიმართულებით, გარკვეულ უპირატესობას მისცემს. ამ აეროდრომიდან იბომბებოდა არა მარტო სამხედრო ობიექტები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეები. საკმაოდ საინტერესო მოვლენის მომსწრენი  გავხდით, რადგანაც მიუხედავად ამდენი ვიდეო კამერისა, არ არსებობს ერთი საბოლოო ვერსია, რა ტიპის შეიარაღებით მოხდა ამ აეროდრომზე თავდასხმა. კი, რუსეთი აცხადებს, რომ აქ მოხდა აალება და გარკვეული დეტონაცია, მაგარმ ეს საკმაოდ აბსურდული ვერსიაა. იგივეს ამბობდა კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვის დროსაც, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის უკრაინელებმა ჩაძირვეს. თუკი ამხელა აეროდრომის აფეთქება დაუდევრობას უკავშირდება, მაშინ იმაზე ცუდად ჰქონიათ რუსებს საქმე, ვიდრე გვეგონა“, - ამბობს ალადაშვილი „რეზონანსთან“.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×