თეონა ვეშაგური
21.09.2022

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების საკითხს შემაშფოთებელ ესკალაციას უწოდებენ დასავლელი დიპლომატები. ევროკავშირიში მიიჩნევენ, რომ პუტინი უკრაინაში ძალიან სარისკო ბირთვულ თამაშს აწყობს, ამასთან ისინი განიხილავენ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლის გზებს.

ევროკომისია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა უნდა განახორციელოს, რათა მან მსგავს უგუნურ ქმედებებზე აიღოს ხელი.

„პუტინი ბირთვულ აზარტულ თამაშს აწყობს. ის ბირთვულ ელემენტს მისი ტერორის არსენალის ნაწილად იყენებს, ეს მიუღებელია", - განაცხადა ევროპული კომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.

მანვე განმარტა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკვე გამართეს საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც გაიმართა დისკუსია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაგრძელებაზე ევროკავშირის რეაგირებასთან დაკავშირებით.

„ეს მოიცავს აგრესიის ყველა ასპექტს, ჩადენილ დანაშაულებს, რეფერენდუმებს, მასობრივი საფლავების აღმოჩენებს", - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ ყალბ და უკანონო რეფერენდუმებს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჯილიან კიგანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება შემაშფოთებელი ესკალაციაა. მისი თქმით, პუტინის მხრიდან მუქარები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.

„აშკარაა, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ. თქვენ იცით, ჩვენ არ ვაკონტროლებთ სიტუაციას და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის აკონტროლებს სიტუაციას. ეს არის აშკარად ესკალაცია", - განაცხადა კიგანმა.

აღნიშნულზე საუბრობს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრიც, ბენ უოლესის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციის გამოცხადების შესახებ არის იმის აღიარება, რომ მისი უკრაინაში შეჭრა მარცხს განიცდის.

„მან და მისმა თავდაცვის მინისტრმა საკუთარი ცუდად აღჭურვილი ათიათასობით მოქალაქე გაგზავნეს სიკვდილზე. ვერავითარი მუქარა და პროპაგანდა ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ უკრაინა იგებს ამ ომს, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია და რუსეთი ხდება გლობალურად გარიყული," - ამბობს ის.

ლიეტვუის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ხელს შეუწყობს ახალი „საზარბაზნე ხორცის" მომარაგებას თითქმის განადგურებული შენაერთების შესავსებად. არვიდას ანუსაუსკასის განცხადებით, ეს ნაწილობრივი მობილიზაცია იმის ნიშანია, რომ მოსკოვი სავალალო სიტუაციაშია.

„პუტინის „გამარჯვების სამდღიანმა ომმა" მობილიზაციის ეტაპს მიაღწია. ასე რომ, საკმაოდ ცუდი სიტუაციაა", - დაწერა მინისტრმა „ფეისბუქზე".

„პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია დღეიდან ხელს შეუწყობს ახალი საზარბაზნე ხორცის მომარაგებას თითქმის განადგურებული შენაერთების შესავსებად და ძველი ტანკებით ცუდად გაწვრთნილი ჯარების ახალი ტალღის გაგზავნას", - აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

მანვე აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი არის რუსეთის მცდელობა, შეინარჩუნოს ზეწოლა უკრაინულ ძალებზე.

„საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების პასუხი უნდა იყოს მოწინავე სამხედრო აღჭურვილობის უწყვეტი ნაკადი იმ ერისთვის, რომელიც იცავს თავს გენოციდისგან", - აღნიშნა მან.

პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს უკრაინაში აშშ-ის ელჩიც, ბრიჯიტ ბრინკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მობილიზაციის გამოცხადება, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი რეფერენდუმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის სისუსტისა და მარცხის ნიშნებია.

„ყალბი რეფერენდუმები და მობილიზაცია რუსეთის სისუსტისა და მარცხის ნიშნებია. შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიას უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიაზე და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება", - აცხადებს დიპლომატი.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი ამბობს, რომ მისი ქვეყანა უარს აცხადებს თავშესაფარი მისცეს რუსებს, რომლებიც ქვეყანას მობილიზაციის გამოცხადების გამო დატოვებენ.

მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები დაასახელა.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების საკითხს ნიდერლანდებისა და ჩეხეთის ხელისუფლებაშიც გამოეხმაურნენ.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ მობილიზაციის გამოცხადება პანიკის ნიშანია.

„მობილიზაციის გამოცხადება და რეფერენდუმების ჩატარებისკენ მოწოდება პანიკის ნიშანია. მისი რიტორიკა ბირთვულ იარაღზე არის ის, რაც აქამდე არაერთხელ გვსმენია. ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი რიტორიკის ნაწილია", - აღნიშნა რუტემ.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა კი ფიქრობს, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინაში დაწყებული ომის შემდგომი ესკალაციის მცდელობა.

„ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდგომი ესკალაციის მცდელობაა და კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი ერთადერთი აგრესორია. საჭიროა უკრაინის დახმარება და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე", - დაწერა მან „ტვიტერში".

მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა, პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი. მისივე თქმით, პუტინი ცდილობს, ომში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაებას.

„დანაშაულებრივი ომი უარესდება, ღრმავდება და პუტინი ცდილობს მასში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვას. პუტინს სურს, ამ სისხლში ასობით ათასი ადამიანი ამოსვაროს", - განაცხადა ნავალნიმ.

აგრეთვე, რუსეთის ომის საწინააღმდეგო კოალიცია „ვესნამ" საზოგადოებას გამოცხადებული მობილიზაციის გასაპროტესტებლად ქუჩის აქციებისკენ მოუწოდა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ათასობით რუს „მამაკაცს ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყრიან". „ახლა ომი ყველას სახლსა და ყველას ოჯახში მოვიდა", - თქვეს ომის საწინააღმდეგო კოალიციაში.

ცნობისთვის, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსული მედია იმ შეზღუდვებზე წერს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედდება.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება სამობილიზაციო რესურსის ერთი პროცენტი.

„ინსაიდერის" ცნობით, პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოქმედი კანონით რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არიან, საცხოვრებელი ადგილიდან ნებართვის გარეშე გამგზავრება ეკრძალებათ.

როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია შეეხება დაახლოებით 300 000 ადამიანს. მისივე თქმით, ის შეეხება არმიაში სამსახურის გამოცდილების მქონე პირებს და მათ, ვინც სამხედრო სპეციალობას ფლობს. შოიგუს თქმით, სტუდენტებსა და ახალწვეულებს მობილიზაცია არ შეეხებათ.

 

 

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×