ელზა პაპოშვილი
22.09.2022

რუსეთი მასობირივი მობილიზაციის ფონზე უკრაინის ქალაქების დაბომბვას აგრძელებს. ფრონტის  ხაზზე დაძაბული ბრძოლები გრძელდება და ახლა ორივე ქვეყნის მთავარ ინტერესს ზაპროჟიეს და ხერსონის ოლქები წარმოადგენს, საიდან შესაძლოა უკრაინამ კონტრშეტევა განახორციელოს. 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით,  რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და მის გარეუბნებს 9 რაკეტა ესროლეს.  ტიმოშენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსებმა იერიში მიიტანეს ქალაქის ცენტრალურ პარკში მდებარე სასტუმროზე, ელექტრო ქვესადგურსა და სატელევიზიო ანძაზე. 

„ზაპოროჟიესა და გარეუბნებს ცხრა რაკეტა ესროლეს. რუსმა არაადამიანებმა რაკეტა ესროლეს ცენტრალურ პარკში მდებარე სასტუმროს. არის მნიშვნელოვანი ნგრევა, ხალხი ნანგრევების ქვეშაა,“ - წერს ტიმოშენკო.   

მისივე თქმით, მაშველები ნანგრევების გაწმენდასა და ადამიანების ამოსაყვანად მუშაობენ.  

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს ომი სურს, თუმცა ის იძულებული იქნება, ომი დაასრულოს.

„რუსები საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ სამხედრო მობილიზაციას აცხადებენ. საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდო რეფერენდუმს აცხადებენ. რა არის მაშინ სიმართლე? რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება სიმართლეა. რეფერენდუმებიც სიმართლეა. რუსეთს ომი უნდა. სიმართლეა, მაგრამ რუსეთი ვერ შეაჩერებს ისტორიის მსვლელობას. კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ერთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ძლიერია. რუსეთი იძულებული იქნება დაასრულოს ეს ომი - ომი, რომელიც დაიწყო“, - განაცხადა ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე.

მისი თქმით, უკრაინას მშვიდობა სურს. პრეზიდენტმა უკრაინის მშვიდობის 5-პუნქტიანი ფორმულა წარადგინა.

„ეს ფორმულა მოიცავს დასჯას აგრესიისთვის; სიცოცხლის დაცვას; უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას; უსაფრთხოების გარანტიებს და სიმტკიცეს საკუთარი თავის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარება უკრაინის სამშვიდობო ფორმულის საფუძველზე უნდა მოხდეს.    

„მობილიზაცია ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის, მხოლოდ დაღუპული რუსების რაოდენობა გაიზრდება,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საუბრობს და პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას ეხმაურება. 

„მობილიზაცია და 300 ათასი ადამიანი ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის, მხოლოდ დაღუპული რუსების რაოდენობა გაიზრდება. შოიგუს რომ დავუჯეროთ, 6 ათასი დაიღუპა. სრული სიცრუეა. ომი უკრაინის ტერიტორიაზეა, ამიტომ მოტივაცია მაღალი გვაქვს. ომის ინტენსივობა უფრო გაიზრდება. შეიცვლება მეთოდიც. რუსეთი აქცენტს უფრო ცოცხალ ძალაზე გააკეთებს, ვიდრე ჭურვებზე, რადგან ჭურვი ფული ღირს, ამ ადამიანებს კი პუტინისთვის ფასი არ აქვს. რუსეთი თეორიებს თხზავს და საზოგადოების მოტყუებას ცდილობს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და თითოეული რეგიონის დეოკუპაციას მოვახდენთ. ამ ომს სხვა დასასრული არ ექნება. მითი, რომ რუსეთს ყველაზე ძლიერი არამია ჰყავს - დაიმსხვრა. რუსეთმა დაამტკიცა, რომ ბრძოლა არ იციან და სტრატეგია არ აქვთ,“ - ამბობს პოდოლიაკი.  

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინელებმა ტაქტიკური პაუზა  დაკავებული ხარკოვის ოლქის გასაკონტროლებლად აიღეს. აუცილებელია ამ ტერიტრიების ათვისება და გაკონტროლება. როგორც ჩანს,  ეს იყო მხოლოდ ხარკოვის მიმართულებაზე ოპერატიული მუშაობა, რომელმაც შედეგი გამოიღო და ძალიან მცირე და მსუბუქი ტექნიკით, რუსების ამ ტერიტორიიდან განდევნა შეძლეს. მისივე თქმით, უკრაინის ფრონტის ხაზი ძალიან დიდ მანძილზეა  გაჭიმული, ამიტომ არის რამოდენიმე სტრატეგიული ცენტრები. ეს არის ზაპროჟიე, ნიკოლაევი, ხერსონის მიმართულება. იგივე თუნდაც დონბასის, სადაც რუსებმა შეტევითი ოპერაცია დაიწყეს. რუსებმა გარკვეული სარეზერვო ძალების მობილიზება მოახდინეს და  ახლა ზაპროჟიეს მიმართულების გამაგრებას ახდენენ. 

„როგორც ჩანს რუსები  უკრაინელების თავდასხმას აქედან ელოდებიან. ეს მიმართულება ომის ახალი გრავიტაციის ცენტრად გადაიქცევა. აქ არის ზაპროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური, რომლის დაკავებაც უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოკუპანტებს თავში რა მოუვათ და ბირთვული დაშინების კუთხით მას მსოფლიოს წინააღმდეგ როგორ გამოიყენებენ, არავინ იცის. ამიტომ ზაპროჟიეს მიმართულება უკრაინელებისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. მგონია, რომ ისინი ამ მიმართულებაზე შეტევაზე გადავლენ. ფაქტია ამას რუსებიც ელოდებიან და მთელი ძალების კონცენტრაციას იქ ახდენენ. ხარკოვის ოლქიდან გამოყვანილ დანაყოფებს ამ მიმართულებაზე  ანლაგებენ. 

ზაპროჟიეზე შეტევა იძლევა კარგ საშუალებას იმისთვის, რომ უკრაინელები მარიუპოლის მიმართულებაზე წავიდნენ. ამას კი როგორც სამხედრო თვალსაზრისით ექნება ზეგავლენა, ასევე ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ გავლენას თავად უკრაინელებზეც მოახდენს. რუსებს შეიარაღება გაბნეული ჰყავთ სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებზე, ამიტომაც ზაპორჟიეს დაკავებით ყველა მიმართულებაზე რუსების დანაყოფები უფრო  მოწყვლადი გახდება“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას, მაისაია ამბობს, რომ პუტინს უკრაინაში უკრაინის არმია ძალიან სერიოზულად უტევს და ვნახეთ ხარკოვის ოლქში სიტუაცია რუსებისთვის როგორ დრამატულად განვითარდა. ამიტომ პუტინს აღარ აქვს იმის რესურსიც კი რომ დაკავებული ტერიტორიების სრულად გაკონტროლება შეძლოს.

„ახლა პუტინმა  ჩათრევას ბოლომდე ჩაყოლა ამჯობინა. პუტინმა საზღრები უკვე გადაკეტა, რომ ხალხი ქვეყნიდან არ გაიქცეს, მაგრამ ვიცით იქ როგორი კორუფციაა და არ არის გამორიცხული, საზღვრებიდან ხალხი ამ ფორმით გაიპაროს. 

რა თქმა უნდა, ვცრელდება უკვე ხმები, რომ დახურულ შეხვედრაზე პუტინსა და გენერლებს შორის გარკვეული კამათიც კი მოხდა. ფესბეც ამის წინააღმდეგი იყო, რადგანაც მთელი ამ ხალხის გაკონტროლება, რომ ქვეყნიდან არ გაიქცნენ და მობილიზაცია უზრუნველყონ, ამ უწყებას ევალება. პატრუშევსა და პუტინს შორის გარკვეული კამათიც კი მომხდარა, რომ ეს არ იყოს სწორი გადაწყვეტიელბა და არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო  დაამძიმებდა. პუტინმა ფაქტიურად არა ნაწილობრვიი, არამედ სრული მობილიზაცია გამოაცხადა“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×