ელზა პაპოშვილი
25.09.2022

შეიტანს თუ არა ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია ფრონტის ხაზზე გარდატეხას და რატომ გადაწყვიტა მან ყველაზე არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება? სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ საუბრისას ამას განწირული ადამიანის ბოლო ქმედებას უწოდებენ. პარალელურად კი ფრონტზე მოვლენები რუსებისთვის არცთუ სახარბიელო მიმართულებით ვითარდება.

როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, კრემლი იძულებული გახდა მობილიზაცია გამოეცხადებინა, რადგან ამხელა ფრონტის ხაზის გაკონტროლება არსებული რესურსით არ შეუძლია. მათი შეფასებით, პუტინი ამაში მაშინ დარწმუნდა, როცა ხარკოვის ოლქი უკრაინელებმა მცირე ძალებით 5 დღეში აიღეს. ამიტომ ეს მობილიზაცია რუსებს სუსტი წერტილების ამოვსების  საშუალებას მისცემს. თუმცა არსებობს საფრთხე, რომ მას „აფეთქება“ ქვეყნის შიქნით ელის. ამიტომ პუტინი რისკავს. 

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას, ხერსონში უკრაინელებს რუსები მარყუჟში ჰყავთ მოქცეული და შეტევას აგრძელებს. რუსულ და უკრაინულ „ტელეგრამ“ არხებში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ რუსულ სარდლობას ხერსონიდან ჯარის გაყვანა სურდა, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა ამაზე გადაჭრით თქვა უარი.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, უკრაინელებს სერიოზული წარმატება აქვთ საკვანძო ქალაქ ლიმანისთვის ბრძოლაში. ისინი ლიმანს თანდათან ალყაში აქცევენ და სამხედრო ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ქალაქი დღე-დღეზე უკრაინელების კონტროლქვეშ გადავა. 

ამის პარალელურად რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას არ წყვეტს, მათ შორის ირანული წარმოების თვითმკვლელი დრონებით შაბათსა და კვირას იერიში მიიტანეს ოდესაზე. ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობას სამჯერ დაარტყეს. ოკუპანტებმა იერიშები მიიტანეს სუმზეც. რუსული ძალების მიერ იერიშები განხორციელდა ზაპოროჟიეზეც.

ყოველივე ამის ფონზე, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში მიმდინარეობს ე.წ. რეფერენდუმები რუსეთთან მიერთების საკითხზე, რომლებიც 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდება.

ხერსონის ალყა - რა ელის რუსების 25-ათასიან დაჯგუფებას

პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა ფრონტის ხაზზე რა ხდება და რა სიტუაციაა, რეალური სურათი დიდად არავინ იცის. მისი ცნობით, უკრაინელები ხერსონის მიმართულებით აქტიურობენ, მაგრამ რეალურად რა სურათია არავინ საუბრობს და ესეც უკრაინის მხრიდან ტაქტიკური მანევრია.   

„ახლა პუტინის მაქსიმალური მიზანია ხერსონი და სხვა დაკავებული ტერიტორიები შეინარჩუნოს, მინიმალური მიზანი კი 24 თებერვლამდე მიტაცებული ტერიტორიების შენარჩუნებაა.

„ხერსონთან ახლა უკრაინას რუსების 25 000-იანი შენაერთი მარყუჟში ჰყავს მოქცეული. რუსებმა თუ იმათ გამოყვანაზე არ იზრუნეს, ტყვედ ჩავარდნა ემუქრებათ. უნდა დაყარონ იარაღი და სანამ მდინარე თბილია და არ გაყინულა, ცურვით და სხვა საშუალებებით გამოიყვანონ. 

„ახლა მთავარი აქცენტი ხერსონზე აქვს უკრაინას გაკეთებული. არსებობს ვარაუდი, რომ ის დაარტყამს რუსებს ზაპროჟიეს მიმართულებიდან, ან ხერსონიდან. ორივე შემთხვევაში რუსებს მძიმე სურათი აქვთ. ამიტომაც ცდილობს პუტინი მობილიზაციას, რომ ამ ფრონტის ხაზის ჩამოშლა დააზღვიოს. 

„რუსების მობილიზაცია უკრაინას ამოცანას ურთულებს, მაგრამ ეს არ არის გადაუწყვეტელი ამოცანა. ერთი თვე მაინც უნდა, რომ ფრონტის  ხაზზე ამ მობილიზაციის შედეგი ვიხილოთ. მიუხედავად ამისა, უკრაინა, ოპერატიული სღრმიდან გამომდინარე, რუსებს სუსტ წერტილს მაინც ყოველთვის უპოვის“,-ამბობს ბარბაქაძე „რეზონანსთან“.   

მისივე თქმით, პუტინი ომს კიდევ 6-7 თვეს გაახანგრძლივებს ამ ხალხის მეშვეობით, რომელთა მობილიზებასაც ახდენს. კრემლში იმედი აქვთ, რომ ამ მობილიზაციის საშუალებით გადააგორებენ ზამთარს, რის შემდეგაც ძალთა გადაჯგუფებისა და სხვა მანიპულაციების საშალება მიეცემათ.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს მობილიზაციამ თავად რუსეთში, პოლკოვნიკი ამბობს, რომ პუტინისთვის ამას ექნება, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები. 

„უარყოფითი მხარე აქვს ამ მობილიზაციას ერთი ის, რომ ეს ჯარი არის მოუმზადებელი. ამიტომ იმ შედეგს ვერ მიიღებს, რასაც ის ელის. მეორეც, აქ დიდი კორუფციული გარიგებები წავა. ომში წასვლისგან თავის არიდების  მიზნით დიდი აღებ- მიცემობაა დაწყებული. ვხედავთ თუნდაც ჩვენს საზღვარზე რუსები ახალგაზრდებს თავად როგორ ადვილად ატარებენ. 

„რაც მთავარია, რუსეთის საზოგადოებაში გაჩნდა უკმაყოფლება და შიში, რომელიც შესაძლოა ეს სერიოზულ არეულობაში გადაიზარდოს. განსაკუთრებით ეს საფრთხე კავკასიაში არსებობს. ვნახეთ დაღესტნელების პროტესტი. მათ სხვებიც მიჰყვებიან და სიტუაცია უმართავი გახდება. დივანზე წამოწოლილი რუსები ომს ემხრობოდნენ და კომპიუტერზე კაკუნით პუტინის ყველა გადაწყვეტილებას ამართლებდნენ. ახლა კი უკვე იგრძნეს, რომ 300 000 გასაწვევი ადამიანი ხორცის მასაა, რომელიც პუტინს არ ადარდებს“, - ამბობს ბარბაქაძე „რეზონანსთან“. 

რას სჭირდება უკრაინას ახალი კონტრშეტევისთვის 

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი და „ჯეოქეისის“ ანალიტიკოსი,  გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა უკრაინელები გარკვეულ ლოკალურ მიმართულებებზე კონტრშეტევებს ახორციელებენ, თუმცა ეს არ არის ის ოპერტიული ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, რაც უკრაინას თავისი ტერიტორიების დაბრუნების საშალებას მისცემს. ამისთვის უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება როგორც ხალხის მობილიზება, ასევე აღჭურვილობის დამატება.

„დიდი იმედი მაქვს, როდესაც 1-ლი ოქტომბრიდან ლენდ-ლიზი სრულად ამოქმედდება და უკრაინა ამ აღჭურვილობას მიიღებს. მას პირადი შემადგენლობა დღეისთვის არ აკლია. ის ახერხებს, რომ მობილიზაცია რუსებზე ოპერტიულად და ეფექტიანად განახორციელოს. 

„უკრაინელებმა რუსების შეტევა შეაჩერეს და აქეთ ჩაიგდეს ინიციატივა ხელში. თუმცა იმისთვის, რომ კონტრშეტევითი დარტყმა განახოციელონ, აღჭურვილობა სჭირდებათ. ყველა ნიშანი არის იმისა, რომ დასალეთს უკრაინის დახმარება უნდა. პრობლემა არის ის, თუ დასავლეთი უკრაინის გამაჯვებად რას ჩათვლის. მე ეჭვით ვუყურებ იმ გარემოებას, რომ უკრაინამ ყველა დაკარგული ტერიტორია რომც დაიბრუნოს, ომი დასრულდება. ამიტომ რუსეთზე პოლიტიკურ ზეწოლასაც დიდი მნიშვნელობა აქვს“, -ამბობს გენერალი კაპანაძე „რეზონანსთან“. 

რას ცვლის რეფერენდუმები

მისივე თქმით, როგორც ჩანს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ  პუტინი დაარწმუნა, რომ ის ძალები, რომელიც ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან, აბსოლუტურად არ შეესაბამება არსებულ მასშტაბებს. 

„ეს შეუსბამობა პუტინმა როგორც იქნა ხარკოვის ოლქში მომდხარი ამბის შემდეგ შეიგნო - რომ ამ რაოდენიბის ჯარს ამხელა ტერიტორიის დაცვა არ ძალუძს. მეორე ფაქტი ისაა, რომ პუტინი ამ მობილიზაციით წარუმატებლობას აღიარებს. 

„ამ მობილიზაციას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ახასიათებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის რეფერენდუმს გეგმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღემდე რუსეთი ამბობდა, რომ ახალწვეულები და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები არ მონაწილეობენ ამ ოპერაციაში, თუმცა როგორც კი რუსების აზრით ეს ტერიტორიები რეფერენდუმის გზით მათი გახდება, მაშინ ასეთი შეზღუდვა აღარ იქნება. ჩვეულებრივად წვევამდელიც შეიძლება ფრონტის ხაზზე გაიგზავნოს.

„მესამე ფაქტორი ისაა, თუ რამდენად შეძლებს რუსეთი ამხელა მასის აღჭურვას, მომზადებას, შეიარაღებას. ამას სჭირდება ოფიცრები, იარაღი, მომზადება, სასწავლო ცენტრები და ა.შ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის იმ ხარისხის მეომრები, რომლებიც კონფლიქტის საწყის ეტაპზე იყვნენ ჩართული საბრძოლო მოქმედებებში. მაშინ ძირითადად იბრძოდნენ საკონტრაქტო სამსახურის ჯარისკაცები, რომელთა მომზადების დონე და გამოცდილებაც გაცილებით მაღალია. ახალწვეული სულ რამდენიმე კვირა ემზადება და საკონტრაქტოზე მოღვაწე ჯარისკაცი წლებია იწვრთნება. ამიტომ ეს არ იქნება იმ დონის ხელშესახები ძალა, რომ ომში გარდატეხა შეიტანოს“, -ამბობს გენერალი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, შეტევისთვის ცოცხალი ძალის დიდი რაოდენობა 21-ე საუკუნეში ნაკლებ ეფექტიანია. თუმცა თავდაცვის ორგანიზებისთვის ეფექტი ექნება. ამიტომაც რუსეთის მთელი სტრატეგია იმაზეა მიმართული, რომ დაკავებული ტერიტორიები გაამაგრონ. რუსული სარდლობა ხალხის მასის სიმჭიდროვით არსებულ ხვრელებს ამოავსებს და ამხელა ფრონტზე აღარ ექნება სუსტი რგოლები, რომ უკრაინელებმა გაარღვიონ. 

„ამ მობილიზაციის შედეგად ორ ეფექტს ველოდები. ერთი, რომ ეს ომი თავად რუსეთში პოპულარული აღარ იქნება. უკვე პოპულარობას კარგავს, მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო  გამწვავდება. მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს ომის გახანრძლივებისათვის. ხალხის დიდი მასის გაგზავნა ფრონტზე ომის მსვლელობას ნამდვილად გააჭინაურებს“, - ამბობს გენერალი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×