„ეს რისკი მაშინ გაიზრდება, როცა ის (პუტინი) მიხვდება, რომ ომი წააგო“
ელზა პაპოშვილი
26.09.2022

უკრაინაში, ფრონტის 2 ათას კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს - მათ შორის არის დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და მიკოლაევის ოლქები. ქვეყნის პრეზიდენტის ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას უკრაინას მორიგი წარმატებები აქვს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული სუ-25 ტიპის თვითმფრინავი და მი-8 ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს. ასევე, უკრაინის სამხრეთ ოპერატიული სარდლობის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მიკოლაევის მახლობლად ირანული წარმოების კამიკაძე დრონი ჩამოაგდო, რომელსაც რუსული ჯარები მართავდნენ.

ცნობილი ხდება ასევე, რომ ქვეყნის სამხრეთში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული საბრძოლო მასალის ხუთი საცავი და 40-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს.

მიკოლაივში ღამით დაბომბვის შედეგად დაზიანებულია მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები. 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული კაცების თავდაპირველმა ნაკადმა სამხედრო ბაზაზე ჩასვლა დაიწყო. უწყება წერს, რომ გამოძახების ათიათასობით დოკუმენტი უკვე გაიცა. 

ყოველდღიურ მიმოხილვაში ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთი ახლა ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება, რათა ჯარების მომზადება უზრუნველყოს.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, დასავლური ჯარების უმეტესობისგან განსხვავებით, რუსული არმიის წვრთნები დაბალ დონეზე მიმდინარეობს. სპეციალური სასწავლო დაწესებულებების ნაცვლად, ჯარისკაცები წვრთნას ოპერატიულ დანაყოფებში გადიან.

დაზვერვა ასევე წერს, რომ გაწვეულებიდან ბევრს სამხედრო გამოცდილება არ ექნება.

დაზვერვის თქმით, სამხედრო წვრთნების ნაკლებობა და რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება იმის ნიშანია, რომ გაწვეული ჯარის უმეტესი ნაწილი ფრონტის ხაზზე შესაბამისი მომზადების გარეშე განლაგდება.   

რაც შეეხება  21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების დროს პუტინის მიერ გაჟღერებულ მუქარას, რომ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, "ხალხის დასაცავად", ყველა საშუალებას გამოიყენებს. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მუქარა ბირთვულ იარაღთან დაკვშირებით, შესაძლოა რეალური იყოს.

"შეიძლება გუშინ ეს ბლეფი იყო, მაგრამ ახლა ეს შეიძლება რეალობა იყოს. არ ვფიქრობ, რომ ეს ბლეფია", - თქვა ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლიზ ტრასის თქმით, მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ უკრაინის გვერდით და არ უნდა მოუსმინონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარას. ამის შესახებ ტრასმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენ არ უნდა მოვუსმინოთ მის [პუტინის] ყალბ მუქარას. ამის ნაცვლად,  ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანქციების დაწესება რუსეთზე და უკრაინელების მხარდაჭერა", - თქვა მან.   

„თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, შეერთებული შტატებისგან გადამწყვეტ პასუხს მიიღებს“, - ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა „ეიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ მოსკოვმა კატასტროფული ნაბიჯი არ გადადგას, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი წითელ ხაზს გადაკვეთს, ამას შეერთებული შტატებისგან გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება.

„ჩვენ გვსურს, გავაგებინოთ მათ, რომ კატასტროფული შედეგები იქნება, მაგრამ არ გვსურს, რიტორიკულ თამაშებში ჩავერთოთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია, რომ რუსეთი ამ ნაბიჯის გადადგმისგან შევაკავოთ და თუ ამას მაინც გააკეთებენ, ჩვენ გადამწყვეტად ვუპასუხებთ“, - აცხადებს სალივანი.   

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს რომ პუტინის მხრიდან დაწყებული მუქარა ბლეფი არ არის და არავინ იცის მას თავში რა შეიძლება მოუვიდეს. ბატიაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რეზერვის მობილიზაციის შემდეგ, თუ მან ამის შემდეგაც დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, არავინ იცის რაზეა წამსვლელი. ამიტომ მისი მხრიდან ბირთვული იარაღით მსოფლიოს შანტაჟი სახუმარო საქმე არაა. 

„პუტინმა ორი მნიშვნელოვანი შეცდომა უკვე  დაუშვა, ერთი, როდესაც ეგონა, რომ უკრაინას ადვილად დაიპყრობდა და ომი დაიწყო და მეორე, როცა მობილიზაცია გამოაცხადა. ახლა კი არსებობს იმის საფრთხე, რომ ბირთვული იარაღი გამოიყენოს. 

„არ ვამბობ, რომ ამის ალბათობა დღეს და ხვალ არის, მაგრამ ეს რისკი შესაძლოა მაშინ დადგეს, როცა რეზერვიც გაიწოვება და მას ცოცხალი ძალაც კი არ ეყოლება, რომ ომში გაიწვიოს. 

„როცა ის საბოლოოდ მიხვდება, რომ ყველაფრის მცდელობის მიუხედავად მან ეს ომი წააგო. პუტინის წინაშე ორი საკმაოდ მძიმე არჩევანი დადგება, ერთი თავისიანებივე ჩამოაგდებენ და ის გენერალიტეტი, რომელიც ახლა ომში იბრძვის ფიზიკურად გაუსწორდება. ან ატომური იარაღი გამოიყენოს და საპასუხო დასავლეთისგან საკმაოდ მძიმე დარტყმა მიიღოს.   

„პუტინს თავში რა მოუვა და რისი გამკეთებელია, მისმა გარემოცვამაც კი არ იცის. ეს გამოჩნდა ამ მობილიზაციის გამოცხადების შედეგადაც. საქართველოც ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფება. ქარი რომელ მახარეს დაუბერავს და საით წაიღებს ამ რადიაციას არავინ იცის. 

„ხელისუფლებისგან მეტი ღონისძიებებია საჭირო იმისთვის, რომ ღმერთმა დაგვიფაროს ეს მოხდეს, ხალხში პანიკა არ დაიწყოს. სად შეაფარონ თავი და ა.შ. ეს რისკები რეალურია და პუტინის სიტყვებს ასე აგდებულად არ უნდა უყურონ“,-ამბობს ბატიაშვილი.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×