თეონა ვეშაგური
27.09.2022

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსთან ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოევდება. 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ ლარსს ათიათასობი ადამიანი მიაწყდა, ძირითადად გასაწვევი ასაკის (18-დან 60 წლამდე) მამაკაცები და მათი რაოდენობა სულ უფრო მატულობს. რუსული რესურსები საზღვართან გაჩენილ რიგში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობაზე წერენ. რუსეთის ხელისუფლებამ კი კვირას გამშვებ პუნქთან ჯერ სამხედროები და ჯავშანმანქანები გადაისროლა შესაძლო ექსცესების თავიდან ასაშორებლად, სამშაბათს კი მობილური გასაწვევი პუნქტი გახსნა. ეს ნიშნავს, რომ გასაწვევ მამაკაცებს, სავარაუდოდ, საქართველოში არ გადაუშვებენ და საზღვარზევე გადასცემენ გაწვევის მოწმობებს, ან შესაძლოა პირდაპირ საზღვრიდანვე წაიყვანონ ჯარში.

რიგში მყოფი რუსები კი „ტელეგრამითა" და სხვა რესურსებით საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე ავრცელებენ ინფორმაციას და ნამდვილ აპოკალიპტიკურ სურათს ხატავენ.

მათი ინფორმაციით, მთავარი პრობლემა, ადგილზე რასაც აწყდებიან, საწვავის დეფიციტია. მრავალკილომეტრიან რიგში რამდენიმე დღის დგომის შემდეგი საწვავი თავდება და მისი ყიდვა შეუძლებელია. ამიტომ ბევრი მოქალაქე იქვე გზაზე ტოვებს მანქანებს და ფეხით მიდის საზღვრისკენ. არიან ისეთებიც, ვინც პირდაპირ რიგში დგომისას იაფად ყიდიან თავის ავტომობილებს და ასევე აგრძელებნ გზას.

სერიოზულად დგას საკვებისა და სასმელი წყლის პრობლემა. მისი ყიდვა ადგილზე ასევე შეუძლებელია. ეს განსაკუთრებით იმათ უქმნის პრობლემებს, ვინც რიგში ოჯახთან, მათ შრის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დგას.

სერიოზული პრობლემაა ჰიგიენასთან დაკავშირებითაც. პრაქტიკულად არავის აქვს ტუალეტის ქაღალდი და ტუალეტების არასებობის გამო, იზულებული არიან მდინარე თერგის პირას ჩავიდნენ.

უსაშველოდ გაიზარდა ფასები ყველა სახის ტრანსპორტზე. ხოლო იმის გამო, რომ ავტომობილით საზღვართან მიახლოება უკიდურესად რთულია, ადგილზე იყიდება ველოსიპედები, სკუტერები და სხვა მსგავსი სატრანსპორტო საშუალებები. ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ჩვეულებრივი ნახმარი ველოსიპედი საშალოდ 35-დან 70 ათასამდე რუბლი (დაახლოებით 1700-3400 ლარი) ღირს.

გავრცელდა ცნობა გარდაცვალების შემთხვევაზეც. ერთ-ერთი რუსი ქალბატონი „ტელეგრამში" წერს, რომ მეუღლესთან ერთად ცდილობდა საზღვარზე გადასვლას, გაიარა რუსული საბაჟო, მაგრამ ქართულ საბაჟოზე მათ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს და უკან გააბრუნეს. ქალბატონის ცნობით, ამის გამო უკანა გზაზე მის მეუღლეს მანქანაში ინსულტის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. ეს ცნობა ოფიციალურად ჯერ არავის დაუდასტურებია.

გარდა ამისა, „ტელეგრამ" არხებით ვრცელდება ცნობები კორუფციის შესახებ. მოქალაქეები წერენ, რომ საზღვრის ურიგოდ გადაკვეთა შესაძლებელია, ოღონდ საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ. ზოგიერთის ცნობით კი, თავად რუსი მებაჟეები გასაწვევი ასაკის მამაკაცებს არაოფიცილურად 1000-დან 1500 დოლარამდე სთხოვენ.

ჯარის ნაწილები და მობილური გამწვევი პუნქტი

25 სექტემბერს ლარსთან, საზღვრის რუსულ მხაერს ჯანშანტრანსპორტიორი და რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის რეგიონალური განყოფილების ცნობით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ არ დაუშვან რიგში მდგომი მოქალაქეების მიერ საზღვრის გარღვევა.

სამშაბათს კი საზღვარზე უკვე მობილური გამწვევი პუნქტი აამოქმედეს. ჩრდილოეთ ოსეთის გუბერნატორი სერგეი მენიაილო აცხადებს, რომ იქ იმორიგევებენ სამხედრო კომისარიატისა და შსს-ს წარმომადგენლები, რომელთაც თავდაცვის სამინისტროსგან გადაცემული აქვთ იმ მოქალაქეთა სიები, რომლებიც ექვემდებარებიან გაწვევას და, შესაბამისად, აკრძალული აქვთ ქვეყნის დატოვება.

„იქ იქნებიან ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს ოპერატიული ჯგუფები, ასევე სამხედრო კომისარიატისა და შსს-ს წარმომადგენლები. ჩრდიოეთ ოსეთში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებიც ექვემდებარებიან გაწვევას, იქვე გადაეცემათ გაწვევის მოწმობები, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტაა, 1=2%. ჩვენ ასევე გვაქვს სიები თავდაცვის სამინისტროდან და მათაც გადავცემთ ამ მოწმობებს", - განაცხადა მენიაილომ.

მისივე ცნობით, საზღვართან მიახლოებისას მოქალაქეებს დახვდებათ სპეციალური ბანერი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ საზღვარზე მოქმედებს გაწვევის მობილური პუნქტი. ამ ბანერთან მყოფი ძალოვნები კი გასაწვევი ასაკის მოქალაქეებს გააფრთხილებენ, რომ „უმჯობესია არსად არ წავიდნენ და უკან დაბრუნდნენ".

115 ათასი ადამიანი 5 დღეში

ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის, ირბეკ ტომაევის ცნობით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მიმართულებით მიმავალი ავტომობილების ნაკადი მკვეთრად გაიზარდა. მისი თქმით, ზემო ლარსი 21 სექტემბრის შემდეგ, ორივე მიმართულებით, 37 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ და 115 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

„ქვეყანაში განხორციელებულ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენი რესპუბლიკის გავლით საგრძნობლად გაიზარდა მსუბუქ ავტომობილთა ნაკადი საქართველოს მიმართულებით. დღეს ზემო ლარსზე მოსალოდნელია დაახლოებით 3,5 ათასი ავტომობილის გადასვლა, რომლებშიც ძირითადად გასაწვევი ასაკის პირები იმყოფებიან. გარდა ამისა, ყაბარდო-ბალყარეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკებთან ადმინისტრაციულ საზღვრებზე 800-მდე მანქანაა თავმოყრილი.

„რესპუბლიკის გზებზე ტრანზიტული მანქანების საერთო რაოდენობა 4891-ია, მათ შორის, 1391 სატვირთო და 3,5 ათასი მსუბუქი მანქანა", - განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ორშაბათს.

მისი სიტყვებით, ეს 23.3%-ით მეტია წინა საანგარიშო კვირასთან შედარებით.

საქართველოს შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით კი, რუსეთიდან შემოსულთა რიცხვმა 40-45%-ით მოიმატა, თუმცა შემოსულთა 60% საქართველოდან გადის.

„4-5 დღის წინ იყო 5-6-ათასამდე შემომსვლელები, ახლა გაიზარდა, დაახლოებით, 10 000-მდე, მოიმატა, დაახლოებით 40-45%-ით. გასვლით შემოსულთა დაახლოებით 60% გადის," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რას წერენ რუსები საზღვარზე დგომისას და საზღვრის გადაკვეთის შემდეგ

„რადიო თავისუფლება" აქვეყნებს სტატიას სადაც საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოს საზღვარზე გადმოსვლას ცდილობენ და გამოცდილებას ერთმანეთს ჩატებში უზიარებენ. ამ ჯგუფების მონაწილეების რაოდენობა ორიოდე დღეში საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, ტელეგრამჩატში „ზემო ლარსი" 90 ათასი კაცია გაწევრიანებული. ჩატში განხილულია საზღვრის გადმოკვეთის გზები, ფასები და სხვა რჩევებიც.

„გადამყვანი ვარ. რუსეთიდან საქართველოში მივდივარ. გამგზავრების თარიღი: 23.09.2022; ადგილი 5 და მეტი; კაცი 20 ათასი რუბლი (დაახლოებით 970 ლარი) , მალე გავივლით".

„დღეს ტრაილერით მივდივარ თბილისში. ტრაილერში სკამები აწყვია. 30 კაცამდე ავიყვან. კაცში 8 ათასი რუბლი (დაახლოებით 390 ლარი). გადახდა ბიტკოინებით. დეტალებზე პირადში".

„საზღვრამდე ტაქსით მოხვედით და არ იცით, ახლა რა ქნათ? იყიდეთ ჩვენგან ველოსიპედი, მოპედი, სკეიტბორდი და მშვიდად გადადით საზღვარზე. დეტალებზე შეგიძლიათ პირადში მომმართოთ. ურიგოდ, უპრობლემოდ, სწრაფად ჩავალთ".

ისინი, ვინც უკვე საზღვარზე გადავიდნენ, სხვებს არიგებენ:

„უმანქანოდ შედარებით სწრაფად გასვლის მეთოდი: ხერგილის ბოლომდე ტაქსით მიდით, მერე ფეხით საგუშაგომდე და საზღვრამდე კილომეტრის რადიუსში მოძებნეთ სამარშრუტო ტაქსი ან „მინივენი". იქ დგანან ცარიელები, ორ საზღვარს ურტყამენ წრეს. გუშინ ერთი ადგილი 15-20 ათასი რუბლი (730-970 ლარი) ღირდა".

„დღეს დილის 10 საათზე გადმოვედი. მანქანაში სამი ბიჭი ვიყავით: მე - რეზერვის ოფიცერი, კათედრა დავამთავრე, მეორემაც ასევე კათედრა დაამთავრა, მესამემ - მოიხადა. ყველას დაბვცინეს: „რაო, მიდიხართ? რეზერვის ოფიცრები არ ხართ? ქვეყანას უჭირს. როდის დაბრუნდებით? რატომ?.." მაგრამ პრობლემები არ შეუქმნიათ, გაგვიშვეს. ყველანი მალე გავედით, გადამყვანების მომსახურებით ვისარგებლეთ. უბრალოდ წარმოუდგენელი რიგია".

„საზღვართან დაკავშირებით: ყველაფერი იმ ადამიანზეა დამოკიდებული, ვინც საპასპორტო კონტროლზე შეგხვდება. მე არაფერი მკითხეს. გვერდით ფანჯარაში კი კაცი შეკითხვებს იგონებდა და შეურაცხყოფას აყენებდა მგზავრებს - სამშობლოს გაჭირვებაში ტოვებთო. საქართველოს საზღვარზე რამდენიმე კაცი არ გაუშვეს (ჩემი დაკვირვებით, ყოველ მეოცეს აბრუნებდნენ უკან)".

ზოგს იმის გარკვევა უჭირს, თუ სად მოდის.

„წავიდე თუ არა აფხაზეთიდან საქართველოში? ზუსტად უნდა ვიცოდე, ორი ბავშვით ვარ"...

ნაწილს კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები აქვს:

„საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები მასობრივად წუწუნებენ სივიწროვესა და თავისუფალი საცხოვრებელი ფართის არარსებობაზე: „ვიწროდ ვართ. კარგი იქნება, საქართველო გავაფართოოთ, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი შევუერთოთ".

კითხულობენ იმასაც, საჭიროა თუ არა მანქანაზე დაკრული „Z" ნიშნის აძრობა. ჩატის ზოგიერთ წევრს ამაზე ირონიული პასუხი აქვს:

„გვტროლავთ თუ სერიოზულად ამბობთ? შეგიძლიათ არ მოხსნათ „Z", შებრუნდეთ უკან და სამხედრო კომისარიატისკენ გაემართოთ".

„სტალინის გამოსახულების დატოვებაც არ შემიძლია უკანა შუშაზე? ეგ მაინც ქართველია".

„ყურადღება!!! ვისაც „Z" სიმბოლო აქვს, არავითარ შემთხვევაში არ მოაძროთ, ჩამოდით ბათუმში, ჩვენ გელით".

აღნიშნულ ჩატში ქართველებიც წერენ:

„არ არის საჭირო საქართველოში ჩამოსვლა! წადით თქვენს ბელარუსში! არ არის საჭირო ჩვენთან ჩამოსვლა, არა! ლაჩრებო".

„გამორბოდნენ მშიშარა რუსები..."

„თქვენ უკრაინელები არ გადარდებთ. მარტო იმაზე ღელავთ, თქვენ არ დაგხოცონ უკრაინაში. 7 თვე გქონდათ ომის წინააღმდეგ რომ გამოსულიყავით, მაგრამ სანამ თქვენს კარზეც არ მოაკაკუნეს, პუტინს ემხრობოდით".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×