თეონა ვეშაგური
27.09.2022

„ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მიმდინარე დაპირისპირება პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისათვის ძალიან კარგია და რაც უფრო დასუსტდება „ნაცმოძრაობა", პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისა და დეპოლარიზაციისთვის მით უკეთესი იქნება. ექსპერტი ვახტანგ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ენმ-ს დაშლის შემთხვევაში შეიძლება გაძლიერდეს სხვა წვრილი ოპოზიციური პარტიები რომლებზეც „ნაცმოძრეობის" წევრთა და მხარდამჭერთა ნაწილი გადანაწილდება, რაც ოპოზიციაში ახალი კონფიგურაციას გააჩენს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" ენმ-ში მიმდინარე პროცესს გარედან აკვირდება და „მასში ჩარევისა და ხელგასვრილი ადამიანებით ხელის გასვრის არავითარი ინტერესი არ გააჩნია".

„პოლარიზაციამ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ სისტემაში შემოჰქონდა, „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით გადაინაცვლა, რაც, ბუნებრივია, არის ძალიან კარგი. „ნაციონალურ მოძრაობაში" არის შიდა დინებები, არის უამრავი კერძო ინტერესი და არის ოლიგარქების ინტერესები.

„ბოლო დღეებში განსაკუთრებით ერთ-ერთი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის ინტერესების გამოიკვეთა. არის კიდევ მეორე ოლიგარქის - მიხეილ სააკაშვილის ინტერესები, რომელიც ცალკე იკვეთება. არის ამ ინტერესების დაპირისპირება, რაც ძალიან კარგია. ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას - რაც უფრო სუსტია „ნაცმოძრაობა", მით უფრო ძლიერია საქართველოში პოლიტიკური სისტემა და მით უფრო დაბალია პოლარიზაციის ხარისხი.

„ამ ეტაპზე კეზერაშვილი არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი ფინანსური დონორი, რომელმაც გადაწყვიტა ნიკა მელიას გვერდის ავლით „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების დაფინანსება, რაც პარტიის შიგნით დაპირისპირების მიზეზი გახდა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ დეოლიგარქიზაცია არის საქართველოს მთავარი გამოწვევა და პოლიტიკური პროცესიდან ოლიგარქების ჩამოცილება არის ის, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ - ამ კუთხით ევროკავშირის რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მიძრაობა" დიდი ხანია დასუსტებულია. ბევრი წელია ვერ ახერხებენ არჩევნებში გამარჯვებას. ამაზე მეტი რაღა უნდა დასუსტდეს? მაგრამ, თუ შიდა დაპირისპირებაზეა საუბარი, ეს ფაქტი მათ რეიტინგს კიდევ უფრო დაბლა დასწევს.

„ენმ აღარ არის პროდუქტიული, მაგრამ შესაძლოა გაჩნდეს ახალი კონფიგურაცია, რომელიც აღმოჩნდება უფრო ეფექტური. იქნებ ამ შემთხვევაში მაინც წარიმარტოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია.

„ამასთან, პარტიის დაშლის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მისი წევრები იმ პარტიებში გადავლენ, რომლებიც ერთ დროს „ნაციონალურ მოძრაობასთან" იყვნენ კავშირში. ასეთია რამოდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი რომელში მოხდება გადანაწილება", - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, კარგავს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერებს, ექსპერტის პასუხია, რომ პარტიის რეიტინგი შედარებით მაღალი უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ხარჯზე იყო, ახლა კი საგრძნობლად იკლებს.

„ენმ-ის მხარდამჭერთა დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მომხრეებისგან შედგება. ამას გვაფიქრებინებს თავად ფაქტები და ბევრი აღიარებს კიდეც. ამიტომ სავარაუდოა, რომ მხარდამჭერთა დიდი ნაწილი იმ პოლიტკურ პარტიას დარჩება, რომლისთვისაც აქტუალური იქნება მესამე პრეზიდენტის საკითხი.

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი პროგნოზია, რომ შიდა დაპირისპირებების გამო მკვეთრად დაეცემა ენმ-ის რეიტინგი და შესაძლოა ახლო მომავალში დაიშალოს კიდეც. ამისგან არცერთი პარტია არ არის დაზღვეული, მით უფრო ენმ, რომელმაც საკმაოდ დიდხანს გაძლო ქართულ პოლიტიკურ სპექტრში", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×