თამთა ჩაჩანიძე
17.11.2022

ეს მელიას წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაციიის შემადგენელი ნაწილია. რამდენადაც ვიცი, გიორგი ჩალაძემ კანდიდატურა ლევან ხაბეიშვილის სასარგებლოდ მოხსნა. საზოგადოების თვალში ჩალაძის კანდიდატურა ძალიან ყვიროდა, როგორც ოჯახის ფავორიტის და ის ჭორები თუ მოსაზრებები, რაც მისი პერსონის გარშემო აგორდა, ნამდვილად არ მეტყველებდა მასზე, როგორც პერსპექტიულ კანდიდატზე - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნების გარშემო განვითარებულ მოვლენბზე საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩალაძემ საკუთარი კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც ლევან ხაბეიშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს, მისი თქმით, გადაწყვეტილება რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ის ასევე გამოვიდა ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს.

ამასთან, ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის მოძრაობა „საქართველოსთვის" წევრი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძეც იბრძოლებს, ასევე მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია.

როგორც ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ მელიამ ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნები წააგო და პარტიაში დარჩა, ყოვლად განულდება, მათ შორის პოლიტიკურად.

„ჩემი აზრით, ეს მელიას წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაციიის შემადგენელი ნაწილია. რამდენადაც ვიცი, გიორგი ჩალაძემ კანდიდატურა ლევან ხაბეიშვილის სასარგებლოდ მოხსნა. საქმე ისაა, რომ საზოგადოების თვალში ჩალაძის კანდიდატურა ძალიან ყვიროდა, როგორც ოჯახის ფავორიტის. ის ჭორები თუ მოსაზრებები, რაც მისი პერსონის გარშემო აგორდა, ნამდვილად არ მეტყველებდა მასზე, როგორც პერსპექტიულ კანდიდატზე და ამასაც, რომ თავი დავანებოთ მას (ჩალაძეს) პარტიაში ის მხარდაჭერა არ ჰქონდა, განსაკუთრებით რეგიონებში და პარტიის ვეტერანი წევრების მხრიდან, რა მხარდაჭერაც ამ ეტაპზე ხაბეიშვილს აქვს. ამიტომ თუკი ვინმე ჩალაძის უკან იდგა, იდგა მხოლოდ სააკაშვილის ოჯახი და არა პარტიული სტრუქტურები.

„შესაბამისად, როგორც ჩანს, ყველაფერი აწონ-დაწონეს, (სააკაშვილის) ოჯახმა იმის გარანტიები მიიღო, რომ თუ ხაბეიშვილი თავმჯდომარე გახდება, მიხეილ სააკაშვილის თემა ენმ-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული იქნება და ჩალაძის პოზიციონირება უბრალოდ უსარგებლო და გარკვეულწილად საზიანოც კი გახდა.

„ისინი ამ ყველაფერს ისე არ წამოიწყებდნენ, რომ წარმატების შანსი არ ჰქონდეთ, ან ყოველ შემთხვევაში იმედი რომ არ ჰქონდეთ, რომ ამას მიაღწევენ. მელიას მომხრეების გარკვეული რაოდენობა პარტიაში კი არის, მაგრამ ზუსტი შეფარდება არ ვიცი, რამდენი რამდენზეა. ახლა ცოტა რთული წარმოსადგენია ის თუ ვინ ვის გადაწონის.

„ეს ყველაფერი რაც ხდება, პარტიაში არსებულ სერიოზულ კრიზისზე მიუთითებს. თუკი პარტიის წევრების გარკვეული რაოდენობა თავმჯდომარეს უნდობლობას უცხადებს, მაშინ მათ შეეძლოთ, რომ რიგგარეშე ყრილობის მოწვევის საკითხი დაეყენებინათ, როგორც ეს ტრადიციულად პარტიებში ხდება-ხოლმე. შესაბამისად ყრილობის დელეგატები გადაწყვეტდნენ მისთვის გამოეცხადებინათ უნობლობის ვოტუმი თუ არა, მაგრამ რაღაც კულუარული სამუშაო ჯგუფი და არჩევნების წესების დადგენა არჩიეს მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი პარტიის წესდებაში უნდა იყოს გაწერილი, თუ ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა იქცეოდნენ.

„იმ ინფორმაციის თანახმად, რაც კულუარებიდან ამ სამუშაო ჯგუფიდან გამოვიდა, წესებს დაადგენენ, ამის მერე კანდიდატებს დრო ეძლევათ, რომ კამპანია აწარმოონ. რა გამოდის, რომ ხაბეიშვილმა რეგიონებში უნდა იაროს და მელიას წინააღმდეგ თქვას რა ცუდია, მელიამ კი ხაბეიშვილის მისამართით იგივე გააკეთოს?! ეს სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ენმ მთლად ტრადიციული პარტიაც არ არის და რაღაც უფრო პოლიტიკური ორგანიზაციის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც თავისი შიდა სექტარული წესები აქვს, საჭიროების შემთხვევაში კი ასეთი რაღაცა მოაწყონ.

„იმ შემთხვევაში თუ მელიამ არჩევნები წააგო და ის პარტიის თავმჯდომარე აღარ გახდა, ჩემი გადმოსახედიდან ენმ-ში მისი დარჩენა პოლიტიკური და მორალური და ყოვლად განულების ტოლფასი იქნება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×