თამთა ჩაჩანიძე
17.11.2022

აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა". კრიტიკას „ქართული ოცნება" ეხმიანება, მმართველი გუნდის შეფასებით, იმ ფონზე, როცა „დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობა დაკარგეს", შაჰინის კრიტიკული შეფასება მიუღებელია. რაც შეეხება ოპოზიციას, „გირჩი-მეტი თავისუფლება", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „დროა" ამასთან დაკავშირებით ერთობლივად აცხადებენ, რომ „სენატორებს ასევე აქვთ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის დაუღალავ ბრძოლას გააგრძელებს და საკუთარი მთავრობის პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯინ შაჰინი და მისი თანამოაზრეები საქართველოში არსებულ სიტუაციას ჯანსაღად ვერ აფასებენ. მათი განცხადებები იმ გზავნილების საპირისპიროა, რომელიც თბილისში ევროკომისარმა ვარჰეიმ გაახმოვანა.

„ჯინ შაჰინისა და მისი რამდენიმე თანამოაზრის უსაფუძვლო ბრალდებები ქართული საზოგადოებისთვის ახალი არაა. გვახსოვს ეს სუბიექტები ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებდნენ. შაჰინის განცხადებები იმ გზავნილების საპირისპიროა, რომელიც თბილისში ევროკომისარმა ვარჰეიმ გაახმოვანა. ეს გვეუბნება იმას, რომ ამერიკის სენატის გარკვეული წევრები საქმის კურსში არ არიან თუ საქართველოს ევრიონტეგრაციულ გზაზე რა ხდება.

„უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირებას, სჯობს, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია ღრმად შეისწავლონ. ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები აქ არსებულ ვითარებას ყველა მიმართულებით ობიექტურად აფასებენ. მათი საფუძვლიანი დასკვნები ფართო საზოგადოებისთვის ყურადსაღები უნდა იყოს და არა ქალბატონი შაჰინის, რომლისთვისაც ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი იყო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკის ასეთი პოლიტიკური აქტორები საქართველოს რეალობას აცდენილნი არიან და იმ მავნებლურ გზავნილებს იმეორებენ, რაც ენმ-სგან და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და „ნაცების" ერთგულ ვასალ ნონო ლომჯარიასგან.

„ევროპასა და ამერიკაში საქართველოს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებიც აქ არსებულ ვითარებას ჯანსაღად აფასებენ და შესაბამის რჩევებსაც გვაძლევენ. ჯინ შაჰინმა და მისმა თანამოაზრეებმა სჯობს, რომ ამერიკის საარჩევნო სისტემას მიხედონ, რომელზეც ეუთიო/ოდირმა ისეთი დასკვნა დაწერა, რომელიც მემგონი აფრიკის რომელიმე სახელწმიფოს არჩევნებთან დაკავშირებით არ დაწერილა. ეს აშშ-ს სისტემური ჩავარდნაა, რომელზეც თავად ამერიკელები ამბობდნენ და არა ქართველი ანალიტიკოსები. სჯობს საკუთარ სიღრმისეულ პრობლემებს მიხედონ, ვიდრე საქართველოზე უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ ისაუბრონ", - განაცხადა აბაშიშემ „რეზონანსთან".

ის, ვინც ასეთ სისულელეს იტყვის, ვერ გავიზიარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორი ვინც არის, ევროკავშირი ამერიკასთან ერთად, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სენატორ შაჰინის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას საქართველოში არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, ევროკომისარმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველო წინ მიდის, ხოლო ევროკომისარი „არ არის კუბილიუსი, ან გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკაში მოსული ფოტიგები და გრეგოროვები".

აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის „ენჯეობზე", ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო - ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მისივე თქმით, შაჰინის განცხადება საქართველოში არსებულ ვითარებაზე იყო „უსამართლო კრიტიკა და მას ფასი არ აქვს".

„აშშ-ს სენატორების განცხადებები და მათზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ („ოცნებამ") საბოლოოდ აირჩიეს რუსეთის მხარე. სწორედ ახლა, როგორც არასდროს, დგება ერთიანობის და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა," - წერენ ერთობლივ განცხადებაში „გირჩი-მეტი თავისუფლება", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „დროა" სენატორების შეფასებებთან დაკავშირებით.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა „მის ქცევასთან იყოს დაკავშირებული".

„საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა და ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. მე ვამბობდი, რომ შესაძლოა, ამ დახმარების გარკვეული ნაწილი დავაკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქცევასთან და მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი არ ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით.

„საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×