თამთა ჩაჩანიძე
20.11.2022

ორი დღეა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა და ადვოკატები საუბრობენ იმაზე, რომ მესამე პრეზიდენტი შესაძლოა მოწამლეს და უცხოელი ტოქსიკოლოგის დასკვნას ელოდებიან. პენიტენციურმა სამსახურმა ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა სადაც წერია, რომ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა უწყებისთვის არავის მიუწოდებია. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, თუ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი დადასტურდა, ეს ქვეყნის შიგნით სერიოზულ საპროტესტო ტალღას არ გამოიწვევს, თუმცა დასავლეთისგან ზეწოლა გაძლიერდება ხელისუფლების მისამართით. ამასთან არ ჰგონია, რომ მოწამვლის ფაქტი „სერიოზულმა ექსპერტიზამ დაადასტუროს".

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულებებს სასამართლოში წარადგენს.

„მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო, საქმის მასალებს თუ კარგად წავიკითხავთ, საქმის მასალებიდან ზუსტად ჩანს, სად გახდა ეს ადამიანი განსაკუთრებულად ცუდად. გონების კარგვის პირველ ეპიზოდზეა საუბარი. შემდეგ მას კიდევ სამჯერ ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი. თუ რაიმე მტკიცებულებების წარდგენას ვაპირებთ, წარვადგენთ სასამართლოში, პრობლემა არ არის. ჩვენ ვემზადებით, უამრავი დოკუმენტაცია გვაქვს, უამრავი მტკიცებულება გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით", - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

სააკაშვილის დედა გიული ალასანია კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით უცხოელი ტოქსიკოლოგის დასკვნას ელოდება.

„ლაპარაკია ვერცხლის წყალზე, ტალიუმზე და ბარიუმზე... რაც მე მახსოვს. ადრე გაკეთდა ეს ანალიზი, როცა მოწვეული ამერიკელები ჩამოვიდნენ აქ და ჩათვალეს, რომ ტოქსიკოლოგიური ანალიზიც უნდა გაკეთდეს. ვნახოთ, ჩვენ ველოდებით ტოქსიკოლოგის განმარტებებს. ინტეპრეტაცია უნდა იყოს. კი, ბატონო, არის აქ მძიმე მეტალები, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორშაბათს, იქ რომ იქნება ორშაბათი, იმ დროს ჩვენთან რაღაცა უნდა მივიღოთ", - ამბობს გიული ალასანია.

პენიტენციური სამსახური კი ყველას მოუწოდებს გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ.

„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.

„მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

„საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით, მოვუწოდებთ ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.

„მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, კლინიკა „ვივა მედში", მას უტარდება სხვადასხვა სახის საჭირო სამედიცინო ღონისძიებები",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „იმედის" ეთერში, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი თერაპიულ განყოფილებაშია და არა რეანიმაციაში.

„ყოველთვის უმჯობესია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრონ ექიმებმა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში და იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში და არა რეანიმაციულ ან ინტენსიურ ბლოკში. მას ჰყავს ყოველდღე მნახველები.

„ყველა დაინტერესებულ პირს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამ განცხადებას თუ ვინმე გააკეთებდა, კეთილი უნდა ენება და მოეტანა შესაბამისი მტკიცებულებები.

„როგორც მოგეხსენებათ, ცენტრი „ემპათიის" დასკვნა გასაჯაროებული არ არის და შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე სახის შესაძლებლობას, რომ კომენტარით ვუპასუხოთ ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება იყოს უზრუნველყოფილი. მას როდესაც დასჭირვებია სამედიცინო დახმარება, ყოველთვის დროულად იყო აღმოჩენილი", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

„ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები აღმოჩენილია ბიოფსიური კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში. ეს არის საფუძველი ითქვას, რომ არის მოწამლული. სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება. თუ ხანგრძლივობა დაემთხვევა „ვივა მედში" ყოფნის პერიოდს, ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებელი იქნება „ვივა მედი", თუ არადა მაშინ იქ, სადაც მანამდე იყო", - განაცხადა მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა.

რა მოხდება, თუკი სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი დადასტურდა

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რაიმე სერიოზული დასკვნის მოლოდინი რომ იყოს, სააკაშვილის მომხრეები უფრო დიდ აჟიოტაჟს ატეხდნენ.

„თუ ვინმე ფიქრობს და ამის მოლოდინი აქვს, რომ ამის შემდეგ რუსთაველი გადაივსება და საპოროტესტო აქციები დაიწყება... შესაძლოა რაღაც დაიწყოს, მაგრამ არ მგონია ეს ის თემა იყოს, რომელზედაც სერიოზული საპროტესტო ტალღის აგორება შეიძლება. ოღონდ ეს სერიოზულ საგარეო ზეწოლას გამოიწვევს - ეს კი შეიძლება.

„სააკაშვილი რომ ჩამოდიოდა, ხომ იცოდა რომ დაიჭერდნენ. ეს კაცი რაც დაიჭირეს, მას მერე სულ ავადაა. გულწრფელად რომ გითხრათ, მე ამის არ მჯერა და ვნახოთ, რა დასკვნას დადებენ. მანდ რომ რაიმე სერიოზული დასკვნის მოლოდინი იყოს, ჩემი აზრით, უფრო მეტი აჟიოტაჟი იქნება. მაგრამ არ მგონია. ესეც ბოლო მომენტია, რაც დაიწყო - რომ თითქოს მოწამლულია და ა.შ. არ მგონია, რომ ეს სერიოზულმა ექსპერტიზამ დაადასტუროს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×