თამთა ჩაჩანიძე
22.11.2022

მოსკოვმა შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე კონტროლი ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს და გაეროს გადასცეს. ამ სცენარზე რუსულ „ტელეგრამ" არხებში აქტიურად საუბრობენ და ამას რუსეთის კიდევ ერთ დიდ მარცხად აფასებენ, ოფიციალური მოსკოვი კი ამ თემაზე ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს კავშირში იყოს რუსული ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებულ ახალ შეზღუდვებთან, რომლის გამოცხადებაც 5 დეკემბერს იგეგმება.

ახალი სანქციები იმას გულისხმობს, რომ დაწესდება ზღვრული ფასი რუსულ ნავთობზე, რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერების დაზღვევა კი აიკრძალება. თურქეთის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში არ გაატარებს ტანკერებს დაზღვევის გარეშე. ახალი სანქციებისა და ზღვრული ფასი გამოცხადება, წინასწარი ინფორმაციით, 5 დეკემბერსაა დანიშნული.

ამას გარდა, ანალიტიკოსები საუბრობენ სხვა მიზეზებსა და გარემოებებზეც, რომლის გამოც რუსეთი შესაძლოა ქალაქ ენერგოდარისა და იქ მდებარე ზაპოროჟიეს აეს-ის დატოვებას გეგმავდეს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს მოლაპარაკებაზე უკრაინის დათანხმების კიდევ ერთ მცდელობას, ან ასევე შესაძლოა რუსების მხრიდან ეს იყოს ერთგვარი კეთილი ნების გამოჩენა და მსოფლიო საზოგადოების თვალში რეაბილიტირების ცდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსების კონტროლის ქვეშ მყოფ ზაპოროჟიეს აეს-ზე მუდმივად ხორციედება საჰაერო თავდასხმები. განსაკუთრებით ძლიერი იყო 19-20 ნოემბრის დაბომბვა, რომლის დროსაც აეს-ის ტერიტორიას 30 რაკეტა დაეცა.

ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამაში რუსეთს ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ მოსკოვი დასავლეთს ბირთვულ შანტაჟს უწყობს და შესაძლო ტექნოგენური კატასტროფის შიშით ცდილობს დაითანხმოს მოლაპარაკებაზე. თუმცა, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ატომური ელექტროსადგური უკრაინელების მიერ იბომბება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსული ოკუპაციის ქვეშაა. ურაინული მხარის ცნობით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რუსული ჯარები სადგურის ტერიტორიას მუდმივად ბომბავენ, რითაც ბირთვული კატასტროფის საფრთხეს ქმნიან. გარდა ამისა, რუსები ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკას ინახავენ, რაც უხეში დარღვევაა.

ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება უკრაინული ზაპოროჟიეს აეს-ის რუსული „ენერგოატომის" დაქვენდემბარებაში გადასვლის შესახებ.

18 ოქტომბერს გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის სხდომაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კონსტანტინე ვორონცოვმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია სრულიად გამორიცხულია.

20 ნოემბერს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს აეს-ს მორიგი დარტყმა მიაყენეს, დაფიქსირდა სულ მცირე 12 აფეთქება. ზოგიერთი შენობა, სისტემა და აღჭურვილობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყო კრიტიკული მნიშვნელობის ბირთვული უსაფრთხოებისთვის. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვინ ბომბავს ზაპოროჟიეს აეს-ს

საფრთხე განსაკუთრებით 20 ნოემბრის დარტყმების შემდეგ გაჩნდა. მხარეებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიშში ისევ ერთმანეთი დაადანაშაულეს. გაეროს გენერალური მდივნის ოფისი კი აცხადებს, რომ აეს-ის ტერიტორიაზე თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

უკრაინა აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს აეს-ს რუსები ბომბავენ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს მოუწოდა, რომ დაიცვას რუსეთის მიერ კონტროლირებადი ატომური ელექტროსადგური. მისი თქმით, „უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე საშიში ინციდენტების პრევენცია ყველას ინტერესებშია".

რუსული მხარის მტკიცებით, ენერგოდარს უკრაინის შეიარაღებული ძალები ბომბავენ და ქალაქში უკრაინული არტილერია მუშაობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ „უკრაინელების დაბომბვების შემდეგ, ზაპოროჟიეს აეს-ზე არსებული ვითარება კრიტიკულ ზღვარზე ბალანსირებდა, რის შედეგადაც შესაძლოა ტექნოგენური კატასტროფა მომხდარიყო".

ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტოს ექსპერტთა ჯგუფმა კი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შემოწმებისას არარადიოაქტიური გაჟონვა აღმოაჩინეს კონდენსატების შესანახი ავზების დაზიანების გამო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ავზების გარდა ასევე დაზიანებულის რეაქტორების გასწვრივ გამავალი მთავარი გზა, უმოქმედო სარკინიგზო ხაზი, შეკუმშული ჰაერის მილსადენი და დამხმარე შენობების სახურავები.

ამასთან სააგენტო აღნიშნავს, რომ, მიუხედავად 19-20 ნოემბრის დარტყმებით მიყენებეული დაზიანებისა, სადგურზე უშუალოდ ბირთვული უსაფრთხოების მხრივ საფრთხე არ გამოვლენილა. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ბოლო ძლიერი თავდასხმების ფონზე, კონსულტაციებს განაახლებს სადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონასთან დაკავშირებით.

ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, თუ კრემლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს გააკონტროლებს, შეეცდება აიძულოს მსოფლიო ლიდერები ნაწილობრივ აღიარონ უკრაინის ტერიტორიების ანექსია. ამასთან, ექსპერტებმა მიუთითეს, რომ სადგურმა დაბომბვის ორ დღეში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა აღიარა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა განხორციელდა რუსეთის არმიის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.

„ნაკლებ სავარაუდოა, რომ საარტილერიო დარტყმების შემდეგ დაზიანდეს ფარი, რომელიც იცავს თითოეულ ბირთვულ რეაქტორს, თუმცა დარტყმების შედეგად შეიძლება გაჟონოს რადიოაქტიურმა მასალამ და გამოიწვიოს რადიოლოგიური კატასტროფა და არა ბირთვული", - აღნიშნავენ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

რუსული კომპანიის, „როსატომის" ხელმძღვანელის ალექსეი ლიხაჩოვის თქმით კი, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა. როგორც მან „ინტერფაქსთან" განაცხადა, გასულ დღეებში სადგურის ტერიტორიის მიმართულებით 30-ჯერ გაისროლეს. ამბობს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის შექმნას ითხოვს, რაც ლიხაჩევის თქმით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ შეერთებული შტატების თანხმობის შემთხვევაში.

„დარტყმები ხორციელდება გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავზე, სპეციალურ კორპუსზე, სატრანსპორტო მაგისტრალზე, დაზიანებულია სარეზერვო დიზელ გენერატორები", - განაცხადა ლიხაჩოვმა.

მანამდე რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ კიევი „არ წყვეტს პროვოკაციებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტექნოგენური კატასტროფის საფრთხის შესაქმნელად".

დათმობს თუ არა რუსეთი ზაპოროჟიეს აეს-ზე კონტროლს

რუსული „ტელეგრამ" არხები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ბედზე აქტიურად წერენ. ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა შესაძლოა ქალაქი ენერგოდარი და ზაპოროჟიეს აეს-ი დატოვონ. ამ ეჭვს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ მოსკოვში ენერგოდარის შესაძლო დატოვებაზე ოფიციალურად არაფერს აცხადებენ - არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

უკრაინული „ტელეგრამ" არხი „რეზიდენტი" წერს, რომ რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ე.წ. „სალივანის ფორმულის" კომპრომისულ ფორმატზე შეთანხმდა, რომლის მიხედვითაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და გაეროს გადაეცემა. თუმცა, ამ სცენარის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ენერგოდარის ტერიტორიაზე არ შევლენ და ობიექტის უსაფრთხოება ეუთომ, ან გაეროს „ცისფერჩაფხუტიანებმა" უნდა დაიცვან.

კიდევ ერთი ტელეგრამ არხი „ობრაზ ბუდუშევოს" შეფასებით, ყველაფერი მიდის იქამდე, რომ კრემლი ზაპორიჟიესას ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლს გადასცემს ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტოს და შემდეგ კიევს. ამ სცენარით, საგზაო რუკას ხელს მოაწერს სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი, რომელიც რომის პაპის მეგობარია. მათი თქმით, მოსკოვი გროსის პირობებს მისაღებიდ მიიჩნევს.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთისგან გამორიცხული არაფერია, მათ შორის ისიც, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაეროს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გადასცეს რაღაცის სანაცვლოდ.

„გამორიცხული არაფერია, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ გაეროს რომელიმე სააგენტომ ამ სადგურის შესახებ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს. ამას მხოლოდ ოფიციალური სტატუსი კი არა, სათანადო გამოცდილება და ფიზიკური და სამხედრო ძალა სჭირდება, რომ ამხელა ობიექტი დაცვან. მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახუმარო საქმე როდია.

„შესაძლოა რაღაც სამშვიდობო ოპერაციის მსგავსი დაიგეგმოს, სადაც „მაგატეს" ექსპერტებიც იქნებიან, ხოლო ფიზიკურად ამ გადაწყვეტილების შესრულებას, გაეროს გადაწყვეტილებით, რომელიმე სახელწიფოს შესაბამისაბი ძალები განახორციელებენ. უამრავი კონსტრუქცია შეიძლება იქნას მოფიქრებული და სულაც არაა გამორიცხული, რომ მოვლენები სწორედ ასე განვითარდეს", - განაცხადა მენაღარიშვილმა.

როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, არაა გამორიცხული, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს აეს-ი ხერსონივით რამდენმე მიზეზის გამო დატოვონ.

„ალბათ რუსებს ზაპოროჟიეს აეს-ის კონტროლი აღარ შეუძლიათ და არაა გამორიცხული, სამხედრო სტრატეგიული კუთხიდან გამომდინარე, ხერსონივით დატოვონ. რუსული მედიასაშუალებებიდან ინფორმაციის ე.წ. გაჟონვა შემთხვევით არ ხდება ხოლმე. ხერსონის დატოვების შესახებ ინფორმაციამაც რუსული ტელეგრამ არხებიდან ზუსტად ასე „გაჟონა".

„როგორც ჩანს, რუსები ზაპოროჟიეს აეს-ის დატოვებას მართლაც აპირებენ. მათ ბირთვული ნარჩენები გაიტანეს. შესაძლოა ისეთი სცენარიც განვითარდეს, რომ ჯერ „მაგატეს" გადასცენ და მერე რაღაცა პროვოკაცია მოაწყონ და თქვან, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მათ გადავეცითო", - განაცხადა მაისაიამ.

რაზე მიდის ვაჭრობა დასავლეთთან

ანალიტიკოსების აზრით, კრემლის მიზანია ბირთვული შანტაჟი მიაღწიოს ცეცხლის თუნდაც დროებით შეწყვეტას უკრაინაში.

„რუსეთი ცდილობს, მოლაპარაკებებში ჩართოს აშშ და ნატო, რათა თავიდან აირიდოს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა უკრაინის პირისპირ. კრემლის მიზანია, ბირთვული საფრთხის შანტაჟით მოლაპარაკებებზე დაიყოლიოს აშშ, რათა მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის ფრონტზე, რაც ეგზისტენციალური აუცილებლობაა რუსეთისთვის, რომელიც სასტიკად მარცხდება ამ ომში", - განაცხადა პარტია „ევროპელი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ.

როგორც ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რუსეთის მხრიდან ეს უკვე განწირული მოქმედებაა.

„რუსეთის მრიდან ესაა განწირული მოქმედება, რომელიც გასაკვირი არცაა, რადგან უკრაინულ მხარეზე ზემოქმედების სხვა რაიმე ინსტრუმენტი აღარ გააჩნია და ამ ტერორისტულ ტაქტიკას მიმართავს. სრული საფუძველი გვაქვს იმისი, რომ რუსეთის ეს საქციელი ამ ჭრილში განვიხილოთ.

„რუსეთის ჩანაფიქრი რა არის? შეიძლება ეს კავშრში იყოს რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვაზე, ან შესაძლოა იყოს სხვა რომელიმე ჩანაფიქრი. ყველა შემთხვევაში ამ ატომური ელექტროსადგურთან დაკავშირებული მანიპულაციები დესტრუქცია და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. მსოფლიოს მიერ ასე უნდა იქნას განხილული და ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება, სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა იყოს დაგეგმილი", - განაცხადა მენაღარიშვილმა.

„ეკონომიკური კუთხით, როგორც ჩანს, პუტინს ზაპოროჟიეს აეს-ის შენახვა და მისთვის სერიოზული თანხების გამოყოფა მაინცდამაინც არ ეპიტნავება. თან რუსები უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს უკვე ვეღარ აკავებენ. რუსეთს ჩინეთისა და აშშ-ის ერთობლივი პოზიცია აღელვებს, ისინი „დიდი ოცეულის" სამიტზე ბირთვულ უსაფრთხოებაზე შეთანხმდნენ და რუსეთის წინაარმდეგ გემოვიდნენ. პუტინს ჩინეთთან ურთიერთობის გაფუიჭება ახლა ნამდვილად არ აწყობს და შესაძლოა ამით უნდა, რომ „კეთილი ნება" გამოხატოს. რაც შეეხება ნავთობის საკითხს, ეს ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა. უფრო სხვა მიზეზები მგონია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×