ელზა პაპოშვილი
22.11.2022

„ქართული ოცნება“, დასავლელი პარტნიორების დაჟინებული მოწოდების მიუხედავად, დღემდე თავს იკავებს დეოლიგარქიზაციის კანონის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნისაგან. მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ეს კანონი შესაბამისი უკრაინული კანონის ფაქტობრივი ასლია, რომელიც ვენეციის კომისიამ უკვე მოიწონა და, შესაბამისად, მისი დამატებითი ექსპერტიზა საჭირო არ არის. თუმცა, აშშ-ის ელჩის მიერ სამშაბათს გავრცელებულმა ინფორმაციამ ამ არგუმენტს საფუძველი გამოაცალა. როგორ მოიქცევა „ოცნება“ და ემუქრება თუ არა ჩავარდნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დათქმული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულებას?

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარე ვენეციის კომისიიდან თავისი კანონი გაიწვია. ეს „ოცნებისათვის“ სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა, რადგან სხვა წყაროებით, არც თავად ვენეციის კომისიისა და არც რომელიმე სხვა ევროპული სტრუქტურების, ან უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა. თბილისიდან უკვე გაიგზავნა ოფიციალური მიმართვა ვენეციის კომისიაში და მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მიღებული პასუხის შესაბამისად იმოქმედებენ.

დეოლიგარქიზაციის კანონი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი „ოცნება“ ისევ ზედმეტად ჩათვლის ვენეციის კომისიისთვის კანონის გაგზავნას სამართლებრივი ექსპერტიზისათვის და მას ისე მიიღებს, ევროკავშირის მხრიდან ეს არ იქნება აღქმული, როგორც ერთ-ერთი რეკომენდაციის ჩაგდება.

რა ბედი ეწია უკრაინულ კანონს და რას აპირებს „ოცნება“

იმის შეახებ, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონი გაწვეულია ვენეციის კომისიიდან, სამშაბათს ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განუცხადა. მისი შეფასებით, ამან „გარკვეული დაბნეულობა“ გამოიწვია.

„ვფიქრობ, არსებობს გარკვეული დაბნეულობა, რადგან დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონპროექტის დასკვნაზე ვენეციის კომისიიდან მოთხოვნა გამოწვეულ იქნა. ამჟამად, ვენეციის კომისიის მიმართ არ არსებობს მოთხოვნა, რომ განიხილოს დეოლიგარქიზაციის პროექტი, ქართული იქნება იგი თუ უკრაინული და რადგანაც ეს კანონი არის ახალი მიმართულება, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ ის და ამის შემდეგ გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნება საქართველოსთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა. 

აღსანიშნავია, რომ ეს კანონი ვენეციის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. 

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს.  ვენეციის კომისია ჯერ კიდევ იანვარში აცხადებდა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე დასკვნის პროექტი მზად არის და კომისიას დასამტკიცებლად მიმდინარე წლის მარტის სესიაზე უნდა წარდგენოდა.

„ვენეციის კომისიის ბიურომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის თავიდან აცილების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან პოლიტიკური წონის მქონე პირების (ოლიგარქების) გადამეტებულ ზემოქმედებასთან, განსახილველად და მისაღებად წარდგენილი იქნება 130-ე პლენარულ სესიაზე (2022 წლის 18-19 მარტი)“, - წერია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.  

ხელისუფლება ელჩის განცხადებით გაკვირვებულია. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ დეგნანის მსგავსი განცხადება ევროკავშირის ელჩს არც პირად და არც საჯარო საუბრებში არ გაუკეთებია. ამიტომ რას ეყრდნობა ელჩი, მათთვის უცნობია. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ მისმა კაბინეტმა უკვე მიმართა ვენეციის კომისიას სიტუაციაში გასარკვევად და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მათი პასუხის შესაბამისად მიიღებს. 

„12 პუნქტთან დაკავშირებით ევროკავშირთან, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვაქვს და ამასთან დაკავშირებით რამე სახის ინფორმაცია ევროკავშირისგან არ გვქონია. სიახლეა ის, რაც ამერიკის ელჩმა ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა. ჩემმა კაბინეტმა უკვე მიმართა ვენეციის კომისიას ამ საკითხთან დაკავშირებით იმისთვის, რომ გავერკვეთ რა პროცესშია ახლა უკრაინული კანონი. ვიცით, რომ ვებ-გვერდზეც კი არის განთავსებული ეს კანონი, როგორც კანონი, რომელიც დასკვნის მოლოდინშია. ჩვენ გავარკვევთ ჯერ რა მდგომარეობაა და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართული დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი უკრაინული კანონის ასლია და ამიტომ ვენეციის კომისიისგან დამატებითი აზრის მოსმენის საჭიროება არ იყო.

სურთ თუ არა ოპოზიციას და ხელისუფლებას რელურად ამ კანონის მიღება 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება რეალურად არც მმართველ პარტიას უნდა და არც ოპოზიციას. მთელი ამ დაპირისპირების დედააზრი სწორედ ეს მოცემულობაა. ამიტომაც, ძაბირაძის თქმით, პარლამენტში არსებობს ორი  კანონი, სადაც, ხელისუფლების ვარიანტის მიხედვით, ეს კანონი ბიძინა ივანიშვილის  გარდა ყველას ეხება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანონის მიხედვით, ეს ივანიშვილის გარდა არავის ეხება. 

„ვფიქრობ, ეს ორი კანონი რომ გააერთიანონ, რეალურად რაღაცას მივიღებთ. ორივე მხარე სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და არცერთ არ აინტერესებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება. ხელისუფლება გააფრთებით ცდილობს, რომ ივანიშვილი დაიცვას, ოპოზიცია კი პირიქით - მთავარია კანონი ივანიშვილს მოერგოს და იქ რა ეწერება, ან მოგვიწონებენ  თუ არა, არ დაეძებენ. ამ კანონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები სულ ეს არის. 

„სასაცილო კი ის არის, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არგუმენტად უკრაინის კანონი, რომელიც პირდაპირ აიღეს და გადმოაკოპირეს. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ეს კანონი მოულოდნელდ გამოიწვიეს. ესეც საინტერესოა უკრაინელებმა ვენეციის კომისიიდან უკან რატომ გამოითხოვეს. თუმცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისევ საიტზე დევს. 

„მაინც მგონია, რომ ამ კანონის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველი იქნება. საქმე ისაა, რომ თუ ვენეციის კომისიაში არ გააგზავენს და თუნდაც ისე მიიღეს, არ მგონია დასავლეთისგან რამე კატეგორიული უარი იყოს, ან ამის გამო 12-პუნქტიანი გეგმა შესრულებულად არ ჩაგვითვალონ. საქმე ერთ მარტივ რაღაცაშია - უკრაინის ომის ფონზე ევროკავშირი ცდილობს საქართველოსთან საქმე კიდევ უფრო არ გაიფუჭოს. ამიტომაც არ ველი, რომ ამის გამო კრიტიკა ძალიან მწვავე იქნება. 

„მეორეს მხრივ კი „ოცნებას“ დროის მოგება უნდა. ერთ წელიწადში კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს, ამიტომაც დროს კიდევ უფრო  გაწელავს. მერე კიდევ ან ისე იქნება სიტუაცია და ან ასე. ამიტომაც არ მგონია, რომ ამ კანონის ირგვლივ  დიდი აჟიოტაჟი ატყდეს“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

რა მოხდება, თუ პარლამენტმა კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გარეშე მიიღო

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ასევე მიიჩნევს, რომ თუკი დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ვენეციის კომისიაში გაგზავნის გარეშე მოხდება, ეს 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ პრობლემას არ შექმნის.

„არ ვიცი  რაზე დაყრდნობით აკეთებს ქალბატონი კელი დეგნანი ამ განცხადებს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან ეს კანონი გაიტანა. საოცრება ის არის, რომ უცხოელი პარტნიორები და მათ შორის ამერიკელებიც უკრაინის ამ კანონის მოდელით აღფრთოვანებული იყვნენ და ის არავის დაუწუნებია. ახლა კი უცებ აღმოჩნდა, რომ ზუსტად იგივე ქართული ანალოგი აღარ მოსწონთ. 

„ევროკომისარი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, ხაზგასმით ამბობს, რომ არ შეიძლება რომელიმე კანონი კონკრეტულ პიროვნებას და პერსონებზე იყოს მორგებული. ეს უნდა იყოს გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც ვისაც შეეხება, ის იქნება ოლიგარქი. აქ კი საქმე ისაა, რომ ხელისუფლების მიერ შემუშავებული კანონი, რომელიც კი, ბატონო, უკრაინის ანალოგია, პირდაპირ 4-ვე პუნქტი დავით კეზერაშვილს ეხება. ამიტომაც თავგამოდებით ცდილობენ ახლა, რომ უცხოელების დახმარებით ამ კანონის ირგვლივ პრობლემები შექმნან. 

„ვენეციის კომისიაში არგაგზავნით არ მგონია, რომ პრობლემები გაჩნდეს, რადგანაც ეს კანონი ევროკომისრისა და სხვა ევროპარლამენტარებისგან მოწონებული უკვე არის. ახლა რა პრობლემა უნდა შეიქმნას, ვერ ვხვდები. უბრალოდ საქმე ისაა, რომ ევროკავშირის მიერ მოცემული 12 რეკომენდაციის პირველი პუნქტი - მოხდეს ქვეყანაში დეპოლარიზაცია - შეუსრულებადია, რადგან სანამ ჩვენს ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“ იარსებებს, მსგავსი რეკომენდაციის შესრულება წარმოუდგენელია“, - ამბობს გია აბაშიძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×