ელზა პაპოშვილი
23.11.2022

უკრაინა რთული ზამთრისთვის ემზადება - ქვეყნის მასშტაბით ე.წ. უძლეველობის პუნქტები შეიქმნება, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუკი რუსული დარტყმების შედეგად უკრაინის მოსახლეობის ელექტრომომარაგება ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეეზღუდება. უკრაინიის ქალაქების დაბომბვა გრძელდება და რუსების მთავარი სამიზნე ენერგომატარებლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. 

განსაკუთრებული სამიზნე კი ოკუპანტებისთვის კვლავ დეოკუპირებული ხერსონია.  სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დაიბომბა. უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აგრესორის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი - დაშავდა 3 ადამიანი. იერიში საოკუპაციო ძალამ მიიტანა ხერსონის ოლქის ანტონოვკას დასახლებაზეც.  

სარაკეტო იერიში განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქზეც. კამიშევასა და ნოვოტროიცკის დასახლებებში განადგურებულია ენერგეტიკული ობიექტები. ფაქტობრივად მიწასთან არის გასწორებული 10 საცხოვრებელი სახლი. ერთი ჭურვი კი იმ ობიექტის სიახლოვეს აფეთქდა, სადაც ადგილობრივებს პურს ურიგებდნენ. ადგილზე დაიღუპა ერთი - მძიმედ დაშავდა 2 მშვიდობიანი.

რუსმა ოკუპანტებმა ასევე ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, რის შედეგადაც ახალშობილი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს. „ღამით, რუსმა მონსტრებმა უზარმაზარი რაკეტები ესროლეს ვოლნიანსკის საავადმყოფოს პატარა სამშობიარო განყოფილებას. მწუხარება იპყრობს ჩვენს გულებს - ახალშობილი მოკლეს", - წერს სტარუხი.

მისი თქმით, ადგილზე მაშველები მუშაობენ. 

ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში ოკუპანტების 13 თავდასხმა მოიგერიეს. გენშტაბის ინფორმაციით, მძიმე ბრძოლის შედეგად განადგურებულია საოკუპაციო ძალის პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი, ასევე მძიმე ტექნიკა და საფრენი აპარატები.

აგრესორის შესაკავებლად და ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. პირობა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა დადო - ლოიდ ოსტინის თქმით, ზამთრის დადგომასთან ერთად უკრაინელები შესაბამისი აღჭურვილობით იქნებიან უზრუნველყოფილი.

უარესია უკრაინის მდგომარეობა მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგის კუთხით. განახლებული მონაცემები გაერომ გამოაქვეყნა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსული ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 6595 მშვიდობიანი მოქალაქე. მძიმე დაშავდა 10 000-ზე მეტი. ფატალური შედეგების უმეტესობა გამოიწვია ოკუპანტი ქვეყნის მიერ მძიმე არტილერიის და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებამ. 

უკრაინის  პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით კი, ქვეყანა ზამთრისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ე.წ. უძლეველობის პუნქტებში მობილური და ინტერნეტ კომუნიკაციები, ელექტროენერგია და სხვა პირველადი საჭიროების სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.  

"ჩვენ ვამზადებთ საპასუხო ნაბიჯებს ჩვენს ენერგეტიკულ სისტემებზე მორიგი ტერორისტული თავდასხმების შემთხვევაში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ ახალ პროექტს “უძლეველობის პუნქტი” - დღეისთვის უკვე 4000-ზე მეტი მსგავსი პუნქტია მზად. 

“უძლეველობის პუნქტების” მუშაობა იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ მასობრივი რუსული შეტევები გაგრძელდება და ელექტრომომარაგების რამდენიმე საათში აღდგენა შეუძლებელი იქნება. 

„ადგილზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჭირო სერვისი, მათ შორის ელექტროენერგია, მობილური კომუნიკაციები, ინტერნეტი, გათბობა, წყალი და პირველადი დახმარება, სრულიად უფასოდ. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთის დახმარებით ამ ზამთარს ყველა ერთად გადავლახავთ,“ - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.  

რუსეთს აქვს საკმარისი რაკეტები კიდევ 3-4 ისეთი მასიური სარაკეტო თავდასხმისთვის, როგორიც 15 ნოემბერს განხორციელდა, როდესაც ოკუპანტებმა უკრაინაში 100 რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

„თავდასხმა, რომელიც 15 ნოემბერს მოხდა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. თუ ვსაუბრობთ ისეთ დაბომბვაზე, როგორიც იყო, მაშინ მაქსიმუმ სამი-ოთხი ასეთი დაბომბვა შეუძლიათ“, - აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, ოკუპანტებს ზოგიერთი რაკეტის 10%-ზე ნაკლები დარჩათ, არის რაკეტები, რომელთაგან 18% დარჩა, მაგრამ არის რაკეტები, „რომლებიც, სამწუხაროდ, ბევრია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე - ეს არის S-300 რაკეტები“.     

საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი  და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ახლა რუსეთი ზამთრისთვის უკრაინის სტრატეგიულ პარალიზებას ცდილობს. 

კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სარაკეტო დარტყმები ძირითადად სტრატეგიულ და ენერგოიბიექტებზე ხდება. ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ უკრაინის მოსახლეობაში ომით გადაღლის სინდრომი გაზარდოს. მათი ბრძოლისუნარიანობა დააქვეითოს და ხელისუფლებაზე მოსახლეობის მხრიდან მოხდეს ზეწოლა, რათა რუსებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.   

„ეს გააქტიურება მოსალოდნელი იყო და სამწუხაროდ უფრო გააქტიურდება. ზამთრის მოახლოებასთან ერთად ოკუპანტები ეცდებიან, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენონ. 

„მე არ მგონია იმ წარმატებების ფონზე, რომელსაც ახლა უკრაინა ფრონტის ხაზზე აღწევს, მოსახლეობაში ამან დამთგრუნველი ზეგავლენა მოახდინოს. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ზამთარში სიცივეში და ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა, მაგრამ ხალხი ხედავს, რომ უკრაინის არმია წინ მიიწევს და არ მისცემენ რუსებს საშულებას, რომ ეს ტერორი მათი არმიის ბრძოლისუნარიანობაზე ზეგავლენის მომხდენი იყოს.   

„რაც შეეხება იმას რუსებს ეწურებათ თუ არა მარაგები და რამდენ ხანში შესაძლოა ვეღარ შეძლონ სარაკეტო დარტყმები, რთული სათქმელია. მათ საბჭოთა წარმოების „ხა“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები და იგივე ს-300, რომელი გადაკეთებულია და ქმედითი რაკეტებია. მართალია  ისეთი ზუსტები არ არიან, როგორც თანამედროვე ტიპის რაკეტები, მაგრამ მათ გამოყენებას მაინც ახერხებს. მარაგში დიდი რაოდენობით აქვს. 

„ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის მოლაპარაკებები, რომელიც რუსეთსა და ირანს შორის მიმდინარეობს და ბალისტიკური რაკეტების მიღება შეიძლება ირანიდან შეძლოს. ესეც მას საშუალებას მისცემს, რომ ზამთარში სარაკეტო თავდასხმები გააგრძელოს. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ რუსებმა 300 ათასი ადამიანის მობილიზება განახორციელა და აქედან მხოლოდ 80 ათასი გავიდა ბრძოლის ველზე. დანარჩენი მათგანის გაწვრთნა ხდება და ალბათ გარკვეულ დამატებით ძალას რუსეთი მიიღებს. ხოლო ეს შეტევის თუ არა თავდაცვის გაძლიერების საშუალებას მისცემს“,-ამბობს გენერალი. 

მისივე თქმით, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში საშემოდგომო საყოველთაო გაწვევაა დაწყებული, რომელიც დამატებით რუსულ ჯარს 130 ათასი კაცით გაზრდის. ამიტომ გენერალი ამბობს, რომ უკრაინასთან შედარებით,  რუსებს რაოდენობრივი უპირატესობა აქვს, თუმცა ტექნოლოგიური თვალსაზრისით ეს უპირატესობა არა აქვს.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×