თამთა ჩაჩანიძე
28.11.2022

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორს სერგეი ნარიშკინს უკვე მეორედ შეხვდა. დეტალები და საუბრის შინაარსი ახლაც უცნობია, თუმცა, როგორც დიპლომატები და ანალიტიკოსები ამბობენ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი რუს კოლეგას ბირთვული რისკების მართვის მიზნით შეხვდა.

შეერთებულ შტატებსა და რუსეთს აქვთ ბირთვული რისკების მართვის გზები სადაზვერვო სააგენტოებს შორის მოლაპარაკებების გზით, - ამის შესახებ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ელიზაბეტ რუდმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, სწორედ ეს იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის უილიამ ბერნსის რუს კოლეგასთან შეხვედრის მიზანი.

„შეერთებულ შტატებს რისკების მართვისთვის, განსაკუთრებით ბირთვული რისკების, რუსეთის ფედერაციასთან არხები აქვს და ეს იყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის რუს კოლეგასთან შეხვედრის მიზანი", - აღნიშნა რუდმა.

მისი თქმით, „უილიამ ბერნსს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხი არ განუხილავს".

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, საუბრის თემები შესაძლოა ყოფილიყო პატიმართა გაცვლა, ბირთვული შანტაჟი, ასევე, არც ისაა გამორიცხული, რომ საუბარი უშუალოდ უკრაინა-რუსეთის ომსაც შეხებოდა.

„რუსეთთან პრეტენზიები საკმაოდ ბევრია, საუბრის ერთ-ერთი თემა შესაძლოა იყოს აშშ-ში დაპატიმრებულ, რუს ბიზნესმენ ვიქტორ ბუტის გაცვლა ამერიკელ მოქალაქეზე, რომელიც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა დააპატიმრა. მემგონი კიდევ რამდენიმე ადამიანზე იყო საუბარი.

„მეორე ვარიანტი - არაა გამორიცხული, რომ საუბარი შეეხო უკრაინის ომის დასრულების და მისი მიმდინარობის პერიპეტიებს. ეს საკითხიც ახლა აქტიურია და გამორიცხული არაა, რომ განხილვის თემა ყოფილიყო. ბუნებრივია ბირთვული შანტაჟის თემაც იქნებოდა. ასევე, შესაძლოა საუბარი ყოფილიყო საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეებზე.

„საუბარი შეიძლება ასევე შეხებოდა იმას, თუ როგორ შეიძლება ეს ომი დასრულდეს, ან შესაძლოა რუსეთს ომის დასრულება უნდა, დამარცხებული არ უნდა გამოჩნდეს და „ღირსეულად" თავის დაძვრენა უნდა. ბევრი სასაუბრო თემებია მითუმეტეს მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის ფონზე", - განაცხადა მაისაიამ.

როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებს შორის განსახილველი ბევრი თემა შეიძლებოდა ყოფილიყო, მათ შორის ბირთვული შანტაჟის საკითხი და აშშ-ს შესაძლო პასუხი.

„არაა გამორიცხული შეხვედრა ისევ ბირეთვულ საკითხზე ყოფილიყო. აშშ და რუსეთი ბირთვული შეიარაღების თანაბარ მოცულობას, თითოეული მხარე 6 ათასამდე ბირთვულ მუხტს ფლობს.

„აშშ და რუსეთი მსოფლიოში არსებული ბირთვული მარაგების 90%-ზე მეტს ფლობენ. აშშ შეშფოთებას გამოხატავს, რომ შესაძლებელია რუსეთმა ბირთული იარაღი გამოიყენოს, პირველ რიგში საუბარია ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ იარაღზე, რომელიც რუსეთის შეიარაღებაში 2 ათასამდეა", - განაცხადა მან.

კითხვაზე თუ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენა, რითი შეიძლება აშშ-მ უპასუხოს, ჩიტაძემ განაცხადა:

„მგონია, რომ აშშ საპასუხოდ არა ბირთვულ, არამედ უბრალოდ დამატებით კონვენციური ხასიათის იარაღს გამოიყენებს და არა სტრატეგიული დანიშნულების. შესაძლოა შეტევა პირველ რიგში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე იქნას მიტანილი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზეა დისლოცირებული, ან უკრაინა დამატებით სერიოზულად შეაიარაღოს.

„შესაძლებელია სხვა რიგი საკითხები ყოფილიყო განხილვაში. მეორე შეხვედრა ალბათ იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ შესაძლებელია სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელებმა უფრო ზემდგომ სტრუქტურებში კონსულტაციები გაიარეს",- განაცხადა ჩიტაძემ.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს სერგეი ნარიშკინს 14 ნოემბერსაც შეხვდა. როგორც მედია მაშინ წერდა, საუბრის თემა იყო რუსების მიერ ბირთვული იარაღის შესაძლოა გამოყენება უკრაინაში - ვაშინგტონმა მოსკოვი გააფრთხილა, თუ როგორი იქნება პასუხი ამაზე.

პირველი შეხვედრისასსაუბრის ზუსტი შინაარსი უცნობი იყო, თუმცა, როგორც დასავლური მედია წერდა, განხილული ორი მთავარი თემა იყო: რუსების მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში აშშ-ის საპასუხო რეაცქიას და ამერიკელი პატიმრების ბედი, რომლებიც ვაშინგტონის თქმით, უსამართლოდ არიან დაკავებული რუსეთში.

ანკარის შეხვედრამდე, თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბერნსი გეგმავდა რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელების - კალათბურთელ ბრიტნი გრაინერისა და აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილენის საკითხის წამოჭრას. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, რომ რუსეთთან პატიმართა გაცვლის ოპერაცია შედგეს.

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ხაზგასმული იყო, რომ ბერნსი არ აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონფლიქტის მოსაგვარებლად და რომ ვაშინგტონი მტკიცედ დაიცავს ფუნდამენტურ პრინციპს - „არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე".

კრემლმა პირველი შხვედრისას განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ინიციატორი ამერიკული მხარე იყო.

საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსებმა პირველი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადეს, რომ საუბრის ზუსტი შინაარსი მისთვისაც უცნობი იყო, თუმცა აშკარაა ბერნსი ანკარაში ტყუილად არ ჩავიდოდა და დიდი ალბათობით, ნარიშკინი გააფრთხილა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე აშშ-ის რეაქცია მყისიერი და გამანადგურებელი იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×