ელზა პაპოშვილი
28.11.2022

რთული ზამთრის მოლოდინი უკრაინაში და ომის 278-ე დღე - ფრონტის ხაზზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტები ჯარების გადაჯგუფებას აგრძელებენ, რათა გააძლიერონ ქვედანაყოფები სხვადასხვა მიმართულებით.  

ფრონტის ხაზი კვლავ აღმოსავლეთ უკრაინაა, მათ შორისაა ლუჰანსკის ოლქი. ამჟამად ოლქის ტერიტორიის 90%-ზე მეტი კვლავ ოკუპირებულია. უკრაინელები აქტიურად აგრძელებენ ლუჰანსკის ოლქში კონტრშეტევას - დეოკუპირებულია რამდენიმე დასახლება. უკრაინელების მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებს რუსი ოკუპანტები ბომბავენ. მათ შორის იბომბება ნევსკისა და მაკიივკას რაიონები. უკრაინული მხარის ინფორმაციით, იქ ჯერ კიდევ რჩება მშვიდობიანი მოსახლეობა, უკრაინა მათ ევაკუაციას ითხოვს.

ბრძოლებია დონეცკის რეგიონშიც, სადაც უკრაინას შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვინაიდან პროცენტულად, შედარებით ნაკლები ტერიტორია აქვს რუსეთს ოკუპირებული, თუმცა, ოკუპანტები მუდმივად ბომბავენ და უტევენ უკრაინულ დასახლებებს. 

კვლავ იბომბებოდა კრივი რიჰი, დაზიანებულია რკინიგზის ხაზი. ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი დნიპროც დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. რუსული რაკეტები ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზე დაეცა.

ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხოება კვლავ აქტუალურია. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთი კვლავ გეგმავს მასშტაბურ თავდასხმას უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ენერგოობიექტებზე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტრომომარაგებას.  

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფრომაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახური და ხელისუფლება სხვადასხვა სცენარს ამუშავებს. ტარდება ტრენინგები, შემუშავებულია ენერგეტიკის მუშაკების კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამოქმედო გეგმები. ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, მეტად იზრუნონ საკუთარ თავსა და ოჯახებზე - მოიმარაგონ წყალი, ხანგრძლივი ვადიანობის საკვები, დამუხტონ ტელეფონები და საკომუნიკაციო საშუალებები.      

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსები ბელარუსიდან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავიანთი ჯარების ცალკეული ნაწილების გადასაყვანად ემზადებიან. 

„გრძელდება მტრის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება იმ დანაყოფების დასაკომპლექტებლად, რომლებმაც დანაკარგები განიცადეს. მოსალოდნელია ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის ცალკეული შენაერთების გადასროლა მას შემდეგ, რაც ისინი საბრძოლო შესაძლებლობებს შეიძენენ“, - ნათქვამია ანგარიშში.  

გვესმის, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული.

„ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე - მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები - ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტია.

მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული. ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან. მთელი სახელმწიფო ემზადება. ჩვენ ვამუშავებთ ყველა სცენარს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ერთად”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალს.

„გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს კვირის განმავლობაში. ერთად და ერთმანეთის დახმარებით ჩვენ გადავლახავთ ომის ამ გამოწვევასაც: ამ ზამთარს, რუსეთის მცდელობას გამოიყენოს სიცივე ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.   

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი ამბობს, რომ თუკი უკრაინას რაიმე წარმატების მიღწევა სურს, მან ფრონტის ყველა მიმართულებებზე ზამთრის დადგომის მიუხედავად,  შეტევები უნდა გააგრძელოს. 

ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილება და სიცივე ორივე მხარისთვის რთული გადასატანი იქნება, რადგანაც ცივი ზამთრის გამო გაჭირდება, როგორც გადაადგილდება, ასევე ჯარის ბრძოლისუნარიანობა. სიცივეში ბევრი რესურსია საჭირო იმისთვის, რომ ჯარისკაცების გამოკვება, თბილი ტანსაცმლით გადაადგილება და მათი ადგილსამყოფელის უზრონველყოფაა საჭირო. თუმცა, რუსებსაც დ უკრააინელებსაც ამ კლიმატში ცხოვრება და მოქმედება არ გაუჭირდებათ, რადგანაც ორივე მხარე ამ კლიმატს შეჩვეულია. 

„რაც შეეხება ფრონტის ხაზზე მუდმივ შეტევებს, ამ ფორმით უკრაინელები რუსების გამოფიტვას შეძლებენ. უკრაინა ზამთარში ამ სტრატეგიის  გამოიყენებას თუ განაგრძობს, რუსები ფრონტის ხაზსს თავად მიატოვებენ. ჯარის დემორალიზება მოხდება და ქალაქებს ხერსონის მსგავსად დატოვებენ. 

„რუსეთის თავდაცვა რაც უფრო გაშლილი იქნება, მისი დაღლა და გამოფიტვა მითუფრო მარტივი გახდება. რუსებს რომ გრძელვადიანი სტრატეგია ჰქონდეთ და ფიქრობდნენ, რომ ჯარი არ გამოეფიტოთ, მაშინ რაღაცა მიმართულება უნდა დათმონ. აქცენტი  სამხრეთზე ან კიდევ აღმოსავლეთზე უნდა გააკეთონ. თუმცა, ამას არ აკეთებენ და როგორც ჩანს პოლიტიკური გადაწყვეტილება სამხედრო გადაწყვეტილებებს სჯაბნის. ხერსონი მიატოვეს იმიტომ, რომ ყირიმი დაეცვათ და ეს ტაქტიკურად გამართლებული გადაწყვეტილებ აიყო. 

„აქედან მდინარე დნიპროთი და თავდაცვითი ზოლით ნახევარკუნძული გაამაგრეს, რათა ყირიმი არ დაეცეს. ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის, რადგან რუსებმა ამ ზამთარს ჯარები აღმოსავლეთისკენ უნდა გადააჯგუფონ, რადგან დიდხანს გაძლონ. ყველაფერს ასე ვერ დაიცავენ. 

„უკრაინელები დიდი ალბათობით, ზამთარში მათ მოსვენებას არ მისცემენ, ეს კი რუსების გამოფიტვას და გადაღლას გამოიწვევს. ტაქტიკურად ხერსონის დატოვება მოიფიქრეს, მაგრამ სტრატეგიულად რომ აზროვნებდნენ და სამხედროებს მოქმედების საშუალებას კრემლი აძლევდეს, მთელს სამხრეთს დატოვებდნენ. სამხრეთის და ყირიმის დაცვა დნიპროს სანაპიროს გაძლიერების გარეშე წარმოუდგენელია“,-ამბობს ბერიძე.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×