ია აბულაშვილი
29.11.2022

ენმ-ში, სავარაუდოდ, მორიგი გაყოფაა მოსალოდნელი და ახლა ბრძოლა მიდის იმაზე, თუ ვისდარჩება პარტიის სახელი - „ნაციონალური მოძრაობა“ და საარჩევნო ნომერი - 5. ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ენმ-ში პარტიის თავმჯდომარის არჩევის წინ მიმდინარე საარჩევნო კამპანიას.

როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს გაირკვევა. 2 დეკემბერს პოლიტსაბჭოს წევრები შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. პარტიის ლიდერობისთვის იბრძოლებენ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე. მარათონში შეიძლება ჩაერთოს ზურაბ ჭიაბერაშვილი. გარდა ამისა, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ არ ხუმრობს და მასაც სურს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა, აქვს გეგმა, რომელიც ამ პარტიას უფრო ეფექტურს გახდის.  

ნიკა მელიამ და მისმა თანამებრძოლებმა ენმ-ის შიდაპარტიულ საარჩევნო კამპანიას, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, პოლიტიკური კლოუნადა უწოდეს.

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმინარე პროცესებზე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პარტიის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა კარგად მუშაობს, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება თავმჯდომარე, მთავარია ვის დარჩება პარტიის საარჩევნო ნომერი და სახელი.

„რა თქმა უნდა, პროცესი არის მართული, კარგად მუშაობს „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ პროპაგანდა. ვიღაცამ „ჩამტვრეული ფანჯრის“ თეორია ჩართო „ნაცმოძრაობის“ მიმართულებით. პოლიტოლოგიაში არის ასეთი თეორია - ცუდი ბავშვები ქვებს ესვრიან მიტოვებული სახლის ფანჯრებს. ამიტომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროზე უნდა ჩაატაროს ყრილობა და აირჩიოს თავმჯდომარე.

„ნაცმოძრაობის“ წევრი რომ ვიყო, ხმას ნიკა მელიას მივცემდი, რადგან აშკარად ხედავს პარტიის შიგნით პრობლემებს, ესმის რა გამოწვევებია, ყველაფერს ვერ ამბობს, მაგრამ რეალურად ხედავს სიტუაციას. დღეს ბრძოლა მიდის არა სააკაშვილისთვის, ან ვინ იქნება თავმჯდომარე, ბრძოლა მიდის ორ თემაზე - ვის დარჩება პარტიის ნომერი და სახელი. ვისაც შერჩება ნომერი „5“ და სახელი, ის აიღებს 2024 წლის არჩევნებში არანაკლებ 9%-ს, იმდენად სიმბოლოური და მომნუსხველია ოპოზიციური ამომრჩევლისთვის ციფრი 5 და სიტყვათაწყობა „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×