თამთა ჩაჩანიძე
29.11.2022

რუსები უკრაინის ენერგოსისტემაზე ახალი მასირებული იერიშისთვის ემზადებიან - მოსალოდნელი თავდასხმაზე მოსახელობა თავად ქვეყნის ხელისუფლებამაც გააფრთხილა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, იერიშები უკვე პერიოდული გახდა და არ იქნება იმაზე ნაკლები, რაც 23 ნოემბერს იყო. ამასთან, რუსები ქალაქ ბახმუტს განსაკუთრებით უტევენ, თუმცა, გარკვეული წინსვლის მიუხედავად, უკრაინული თავდაცვის ხაზის გარღვევას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსების მიერ ამ ქალაქის დაკავება უკრაინულ არმიას უკიდურესად მძიმე ვითარებაში ჩააგდებს.

ამასთან, სამხედრო ექსპერტები მიუთითებენ, რომ ბახმუტის ხაზის გააქტიურება შესაძლოა კრემლში მიმდინარე შიდა დაპირისპირების გამოძახილი იყოს. ამ მიმართულებაზე ძირითადად ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" იბრძვის. მათ მიერ ქალაქის აღება კი ნიშნავს იმას, რომ დაჯგუფების ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს პუტინის კარზე უფრო მეტი გავლენები ექნება.

როგორც სამხედრო დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან, რუსებს წინ ზამთრის ომი ელოდებათ და გარკვეული ადგილების დათმობა და შევიწროვება მოუწევთ, რადგან ასეთ მასშტაბზე გაშლილი ძალების მომარაგება გაუჭირდება. მათივე პროგნოზით, ეს პირველ რიგში შესაძლოა იყოს ქალაქი ენერგოდარი და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ასევე საუბარია გარკვეულ ტერიტორიებზე ლუგანსკის ოლქში.

მოსალოდნელი მასირებული იერიში უკრაინის ენერგისისტემაზე

10 ოქტომბრიდან რუსებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებული იერიშებს ახორციელებენ. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ასეთ დარტყმებს შორის ინტერვალი 7-10 დღეა. ანუ, დიდი ალბათობით, ეს დროა საჭირო, რომ რუსებმა თავისი სამხედრო ტექნიკა - დამრტყმელი დრომები, საბრძოლო ხომალდები და სტრატეგიული ბომბდამშენები იერიშებისთვის მოამზადონ, შესაბამისი რაკეტებით აღჭურვონ და პოზიციებზე გაიყვანონ.

ბოლო დღეებია უკრაინული მედია იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ, დიდი ალბათობით, ამ კვირაში კიდევ ერთი ძლიერი დარტყმააა მოსალოდნელი და ამას შესაძლოა უკვე ქვეყნის ენერგოსისტემამ ვეღარ გაუძლოს.

თავად ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ეს კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსები მორიგ თავდასხმას ამზადებენ.

„გვესმის, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან... ეს კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული. ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან. მთელი სახელმწიფო ემზადება. ჩვენ ვამუშავებთ ყველა სცენარს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ერთად", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინამ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო მძიმე დარტყმა 23 ბოემბერს მიიღო, შედეგად დიდ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს დენი დღემდე გრაფიკით მიეწოდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა რამდენიმე ათასი ე.წ. გაუტეხელობის პუნქტი, ანუ საგანგებოდ მოწყობილი და გენერატორებით აღჭურვილი ოთახები ადმინისტრაციულ და სხვა დანიშნულების შენობებში, სადაც მოქალაქეები თბებიან, ცხელ სასმელებს მიირთმევენ და ტელეფონებს ტენიან.

უშუქობა სერიოზულ დისკომფორტს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. მაგალითად, ორიოოდე დღის წინ სოცქსელი შეძრა ერთმა გავრცელებულმა ფოტომ - პატარა გოგონას ოჯახი კიევში, ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა, რათა ბავშვისთვის საჭირო ინჰალატორი დენზე მიეერთებინა. ბავშვს ასთმური შეტევა ჰქონდა, რომლისთვისაც ინჰალაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რა სავარაუდო შედეგი მოჰყვება მოსალოდნელ მასირებულ დარტყმებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე? სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პუტინს გამიზნული აქვს უკრაინა სრულიად ჩააბნელოს. ახლაც ჩანს, რომ ამისთვის სერიოზული მზადებაა და შესაძლოა იმაზე ნაკლები დარტყმა არ იყოს, რაც 23 ნოემბერს მოხდა.

„ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურას მასირებულად კიდევ დაარტყამს. უკვე მობილიზებულია „ტუ-95"-ები, სარაკეტო კომპლექსები, სტრატეგიული ბომბდამშენები ენგელსკის აეროდრომზე. ანუ იმ დარტყმების სერია განმეორდება, რომელსაც უკვე არა სისტემური,არამედ პერიოდული ხასიათი მიეცა. იმ ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიულ ობიექტებს დაარტყამენ, რომელიც უკრაინელებმა აღადგინეს.

„სამწუხაროდ, თავდაცვის სისტემებისა და რაკეტსაწინააღმდეგო ქოლგების შექმნა ეს ერთი-ორი დღის საქმე არაა. როგორც ჩანს, პუტინს უკრაინის სრული „ბლექ აუტი" აქვს ჩაფიქრებული. ახლა რა დონის დარტყმა იქნება ამის თქმა რთულია, თუმცა მზადება ისეთია, რომ მსუბუქი დარტყმები არ იქნება", - განაცხადა მაისაიამ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რუსეთისგან „რაიმე კრეატიული დარტყმა" მოსალოდნელი არაა.

„რუსეთისგან რაიმე კრეატიულ დარტყმას არ უნდა ველოდოთ. მორიგ ენერგოობიექტს, ან მორიგ სტრატეგიულ ობიექტს დაბომბავენ. დიდი ალბათობით, ხერსონს დაბომბავენ, რადგან იმ მხრიდან შტევები მიდის. რუტინული დაბომბვა იქნება, როცა ას რაკეტას ისვრიან და მიზანს რამდენიმე აუცილებლად მოხვდება", - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

რატომ გახდა ბახმუტი ასე მნიშვნელოვანი

როგორც რუსული მედია წერს, რუსი ძალები ბახმუტის მიდამოში წარმატებას აღწევენ და ქალაქის ალყაში მოქცევასაც არ გამორიცხავენ. უკრაინული მედია კი აღნიშნავს, რომ ოკუპანტები ბახმუტის სამხრეთით წინ მიიწევენ, თუმცა მათი წარმატებება გადაჭარბებულად ფასდება, რადგან „ისინი ქალაქის ალყაში მოქცევას მაინც ვერ შეძლებენ".

როგორც ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანალიტიკოსები აცხადებენ, გეოლოკაციური ფოტოები აჩვენებს, რომ რუსებმა სავარაუდოდ ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ-ში მდებარე სოფელი ოზარიანოვკა დაიკავეს, რუსულმა მედიამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ქალაქთან ახლოს სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე დასახლება დაიკავეს. რუსეთში აცხადებენ, რომ მათ თითქოს აიღეს კურდიუმოვკა, კლეშიევკა, ანდრეევკა, ზელნოპოლიე, პოდგოროდნეე და სპორნოე.

„ამჟამად ღია წყაროებიდან არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც ამ ინფორმაციებს დაადასტურებს. რუსული წყაროები ცრუ განცხადებებს აქტიურად ავრცელებენ ბახმუტთან წარმატებების შესახებ საინფორმაციო ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ოქტომბრიდან გრძელდება. ცოტა ხნის წინ გამოთქმული პრეტენზიები, შესაძლოა, ამ საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი იყოს", - ნათქვამია „ომის შემსწავლელი ინსტიუტუტის" განცხადებაში.

ორგანიზაციის ანალიტიკოსთა თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოკუპანტებმა ზემოთხსენებული დასახლებული პუნქტები მაინც დაიკავეს, ეს მაინც არ შეუქმნის საფრთხეს ბახმუტი-სევერსკისა და ბახმუტი-კონსტანტინოვკის მაგისტრალებს, რომლებიც მნიშვნელოვანია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. მათი შეფასებით, ამის გარდა, არსებობს სხვა მაგისტრალებიც, რომლებიც ბახმუტს დასავლეთითა და ჩრდილოეთით მდებარე უახლოეს სოფლებთნ აკავშირებს.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რუსები შეტევის მიუხედავად უკრაინის თავდაცვის ხაზს მაინც ვერაფერს უხერხებენ. მისი თქმით, ეს ლოკაცია უკრაინისთვის მნიშნელოვანია, რადგან რუსები მისი აღებით დონეცკის ოლქის სრულად დაკავებას შეძლებენ და საშუალება მიეცემათ, რომ ხერსონისა და ხარკოვის უკრაინულ დაჯგუფებებს ზურგში დაარტყან.

„რუსები ბახმუტს, ავდიივკასა და მარიინკის დასახლებებს ვერ იღებენ, უკრაინულ „მანერჰეიმის ხაზს" ვერ არღვევენ. რუსებმა თუ ბახმუტი აიღეს, მაშინ ისინი გავლენ და დონეცკის დანარჩენ ტერიტორიებვს დაიკავებენ, კრამატორსკსა და სლავიანსკზეა საუბარი და შეეცდებიან, რომ გაიჭრან და ხერსონისა და ხარკოვის დაჯგუფებას ზურგში დაარტყან. ეს რუსებისთვის საკმაოდ სერიოზული გარღვევა იქნება და უკრაინელებმა არ უნდა დათმონ.

„ბრძოლა ძირითადად ქალაქის მიდამოებშია. აქ ძირითადად „ვაგნერის", კადორივის დაქვემდებარებაში მყოფი „როსგვარდიის" ჩეჩნური ნაწილები არიან. არაა გამორიცხული, რომ ბახმუტში გააქტიურება კრემლში არსებული კლანური ბრძოლის გამოძახილი იყოს", - განაცხადა მაისაიამ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბახმუტი რუსეთისთვის შიდა მოხმარებისთვისაა მნიშვნელოვანი, რადგან, დიდი ალბათობით, ეს პუტინის კარზე კლანურ ბრძოლებს უკავშირდება. როგორც პოლკოვნიკმა აღნიშნა, იქ მებრძოლ უკრაინელებთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომლებმაც უთხრეს, რომ რუსები საკუთარი მებრძოლების „გვამებზე აბიჯებენ, მაგრამ მაინც უტევენ". მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ ოკუპანტები ფსიქოტროპულ საშუალებებსაც იღებდნენ.

„ბახმუტს მნიშვნელობა უფრო რუსეთის შიდა მოხმარებისთვის აქვს. საქმე ისაა, რომ პუტინის კარზე გავლენებისთვის ძლიერი პიროვნებები ერთმანეთს ებრძვიან და ასევე ომის შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიან, ანუ ამ ომის შემდეგ რა მოხდება. ერთ-ერთი ასეთ მოთამაშე „ვაგნერის" ჯგუფის ხელმძღვანელი პრიგოჟნია, რომელიც ცდილობს, რომ ძალოვანი სტრუქტურების მიღმა დამოუკიდებელ საყრდენ ძალად წარმოჩინდეს.

„იმის გამო, რომ ბახმუტის მიმართულება „ვაგნერის" ჯგუფს აბარია შეიარაღებულ ძალებთან ერთად, თუ ბახმუტი აიღეს, ეს პრიგოჟინისთვის იქნება ერთი მედალი და პუტინის კარზე მეტი გავლენა.

„ჯერ რუსებს დამატებითი ძალები არ ჰყავთ და ხერსონიდან გამოყვანილი ძალები სხვადასხვა მიმართულებებზე გადაანაწილეს. ჯერ ზუსტად ცნობილი არაა სად და როგორ, მაგრამ, სავარაუდოდ, სწორედ ბახმუტის ავდიევკას და ჩრდილოეთის კრემნინას მიმართულებები გააძლიერეს. რუსების შეტევა გრძელდება, მაგრამ, ჩემი აზრით, ქალაქს ვერ აიღებენ. რომც აიღონ, ეს არაფერს არ ცვლის - როგორც დაიკავებენ, ისევ უკან ჩააბარებენ.

„მე იქ მებრძოლ ბიჭებს ვესაუბრე. ერთი მებრძოლის ნათქვამი სიტყვა-სიტყვით რომ გითხრათ - (რუსები) თავისიანების გვამებზე აბიჯებენ, მაგრამ მაინც უტევენო. ეტყობა რაღაც ტრანკვილიზატორებს ან რაღაც სხვა საშუალებებს იყენებენ. არ ვიცი, ძნელი სათქმელია.

„რუსებს წინ ზამთრის ომი ელოდებათ და გარკვეული ადგილების დათმობა და შევიწროვება მოუწევთ. ასეთ მასშტაბზე გაშლილი ძალების მომარაგება რუსეთს გაუჭირდება. გარკვეული მიმართულებებს, რომელიც მნიშნელოვანი არაა და რომელზეც იციან, რომ მაინც დაკარგავენ, ალბათ რუსები დათმობენ და გამოვლენ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

კითხვაზე გარკვეულ ადგილებში, ენერგოდარი და ზაპოროჟიეს აეს-ი ხომ არ იგულისხმება ბერიძემ განაცხადა:

„იმ მიმართულებებზეა საუბარი, რომლის დაცვაც ძალიან გაუჭირდებათ. ენერგოდარში გარკვეულ ტერიტორიებს ალბათ დათმობენ, მე ვფიქრობ ალბათ ლუგანსკშიც", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×