თამთა ჩაჩანიძე
30.11.2022

აშშ უკრაინაში „პეტრიოტის" სარაკეტო თავდაცვის სისტემის გაგზავნას განიხილავს, რათა მხარი დაუჭიროს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ. მოსკოვი კი კვლავ იმუქრება, რომ თუ ნატო კიევს აღნიშნულ თავდაცვის სისტემებს მიაწვდის, „ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე გახდება".

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, „პეტრიოტის" სარაკეტო კომპლექსი ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური სისტემაა, რომელსაც შეუძლია, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტოს და ოთხი ბატარეის ყიდვის შემთხვევაში, 60%-ს დაფარავს. რუსეთიც ზუსტად ამის გამო იმუქრება.

რას აპირებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინისთვის „პეტრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს.

"ეს [განხილვა უკრაინასთან] ნაწილობრივ ახალი სისტემების გადაცემას ეხება, ისეთების, მაგალითად, როგორიცაა „პეტრიოტი", რომლის გარშემოც ახლა მიმდინარეობს განხილვა. თუმცა ეს ასევე იმაზეა, რომ უკვე მიწოდებული სისტემები იყოს ფუნქციონალური და ეფექტიანი. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ შეგვიძლია სათადარიგო ნაწილების მიწოდება, რათა მათ [უკრაინელებმა] შეძლონ ამ სისტემების ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფა, ასევე მათთვის საბრძოლო მასალა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც დღეს ვართ", - თქვა სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას ყველაზე განვითარებული სისტემები, ისეთები, როგორებიცაა ნორვეგიული „ნასამსი" და გერმანული „აირის-ტე".

სტოლტენბერგის თქმით, ეს სისტემები მაღალ შედეგებს აჩვენებენ, რაზეც რუსეთის სარაკეტო და დრონების თავდასხმების დროს უკრაინის თავდაცვის ეფექტიანობა მეტყველებს.

"ამიტომაა ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანი აქ მინისტრ კულებას შევხვდეთ, რათა შევძლოთ ერთად, როგორც აქამდე ორმხრივ დონეზე ვაკეთებდით, განვიხილოთ გადაუდებელი საჭიროებები და პასუხი გავცეთ კონკრეტულ მოთხოვნებზე, რომლებსაც უკრაინა ნატოს მოკავშირეებს უგზავნის", - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

„სიენენი" კი თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინაში „პეტრიოტის" ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც პენტაგონის მაღალჩინოსანი დასძენს, უკრაინის საჰაერო თავდაცვა აშშ-სთვის "მთავარ პრიორიტეტს" წარმოადგენს.

"ყველა შესაძლებლობა განიხილება... „პეტრიოტის" საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი სისტემაა, რომელიც განიხილება.

"ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ, რომელიც უკრაინელებს რუსული თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება, ამიტომ ყველა შესაძლებლობა მაგიდაზეა, და ჩვენ განვიხილავთ, რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს, რისი გაკეთება შეუძლიათ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, განვიხილავთ შესაძლებლობების კომბინაციებს, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა", - განაცხადა მაღალჩინოსანმა.

რუსეთის მუქარა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი იმუქრება, რომ თუ კიევს „პეტრიოტის" კომპლექსები გადაეცემა, „ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე გახდება".

„ნატო-ს ქვეყნებში პლანეტის მოსახლეობის არაუმეტეს 12% ცხოვრობს. ცივილიზებულ სამყაროს ეს ორგანიზაცია არ სჭირდება. მან უნდა მოინანიოს კაცობრიობის წინაშე და დაიშალოს, როგორც კრიმინალური ორგანიზაცია.

„თუ, როგორც სტოლტენბერგმა მიანიშნა, ნატო კიევის ფანატიკოსებს ნატო-ს პერსონალთან ერთად „პეტრიოტის" კომპლექსებს მიაწვდის, ისინი მაშინვე გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე", - წერს მედვედევი „ტელეგრამის" არხზე.

როგორც მედვედევი ამბობს,„იმედი აქვს, ამას ალიანსში აცნობიერებენ".

რა შეუძლია „პეტრიოტის" სისტემებს

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, „პეტრიოტი" ეს ის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ამერიკული სისტემებია, რომელიც უკრაინის ცას ყველაზე ეფექტურად დაიცავს. მისი თქმით, რუსეთის გაღიზიანებაც სწორედ ამან გამოიწვია.

„პეტრიოტის" სარაკეტო კომპლექსი ესაა, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური და ყველაზე ძლიერი თავდაცვის სისტემა, რომელსაც უკრაინის ოპერატიულ-სტრატეგიულ დონეზე საჰაერო სივრცის დაცვა შეუძლია. თუ დავუშვათ უკრაინამ აშშ-სგან 4 ბატარეა შეიძინა, მთლიანად არა, მაგრამ საჰაერო სივრცის 60%-ის დაკეტვას შეძლებს.

„ასეთ შემთხვევაში უკრაინა თავის სტრატეგიულ ობიექტებს ძალიან ეფექტურად დაიცავს და ბუნებრივია, რომ რუსეთი ამას განიხილავს, როგორც სამხედრო კონფლიქტის ზონაში ამერიკული მხარის ჩართულობას. შესაბამისად, იმუქრება, რომ თუ „პეტრიოტები" გადაეცემა, ისინი მთავარი დარტყმის ობიექტები გახდებიან.

„თუ გადაწყვეტენ, რომ ეს სისტემები გადასცენ, ისინი უკრაინის ტერიტორიაზე განლაგდება, პოლონეთში ამის განლაგების აუცილებლობა ნამდვილად არ იქნება. უკრაინაში რა ლოკაციებზე განალაგებენ, ეს უკვე უკრაინის პოლიტხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. ალბათ, ძირითადი ქალაქებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვაზე იქნება მიმართული.

„მედვედევის მუქარა იმაში გამოიხატება, რომ ალბათ რუსეთი საკუთარ დამრტყმელ, შემტევ შეიარაღებას გამოიყენებს და განადგურებს. ამისთვის საჭირო იარაღი რუსეთს აქვს.

„ახლა საქმე ისაა, მიჰყიდის თუ არა აშშ უკრაინას „პეტრიოტ" სისტემებს, წესით ისეთი მდგომარეობაა, რომ უნდა მიაწოდონ, თუმცა, ეს ძალიან ძვირადღირებული კომპლექსია, თითოეული ამის განადგურება აშშ-სთვის პრესტიჟის საკითხია, დაცული უნდა იყოს, რადგან არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა სპეცსამსახურების დახმარებით ტექნოლოგია ხელში ჩაიგდონ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

„გაჩნდა მოსაზრება რომ შესაძლოა აშშ-მ უკრაინას „პეტრიოტის" ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გადასცეს. მეორე ვარიანტის მიხედვით სისტემა უკრაინის ტერიტორიას უკრაინიდან არ დაიცავს - არამედ მომიჯნავე ქვეყნიდან. მაგალითად, თუკი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განთავსდა ეს სისტემები და მთელი პერიმეტრის (ანუ დასავლეთ უკრაინის) დაცვაც დაევალა მას, მაშინ გამოვა, რომ უკრაინას მეტ-ნაკლებად უსაფრთხო საფარი გაუჩნდება.

„თუმცა, ეს საკმაოდ რისკიანი სვლა იქნება და შესაძლოა აშშ-ში უშუალოდ უკრაინისათვის გადაცემა კიდევ უფრო მეტად ერჩივნოთ, ვიდრე მეორე ქვეყნიდან მისი დაცვა. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ განხილვის საკითხია - პირველი ვინც ამაზე კომენტარი რუსეთიდან გააკეთა დიმიტრი მედვედევია და გაფრთხილება და მუქარა შეუთვალა აშშ-ს",- წერს ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „ფეისბუქზე".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×