თამთა ჩაჩანიძე
01.12.2022

ცენტრი „ემპათია" ექპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს,სადაც აღნიშნულია, რომ „სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას". ამის პარალელურად „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ოჯახმა დაიქირავა ლობისტური კომპანია, რომელიც ჰუმანიტარული მიზნებისთვის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის საერთაშორისო საზოგადოებაში კამპანიას აწარმოებს.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა 3 დეკემბერს აქცია დაანონსა, საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნები გადაიდოს. როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, როგორც ჩანს, ოპოზიცია ცდილობს, სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარება პროტესტის გასაღვივებლად სარფიანად გამოიყენოს.

„ემპათიაში" აღნიშნავენ, რომ აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიურ შენაერთებსა და რადიაქტიურ ნივთიერებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ცნობით, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.

სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით მისმა ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიმართვას დართული აქვს ექსპერტიზის დასკვნა.

მიხეილ სააკაშვილის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა დაასახელა ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილმა მიზეზად, რის გამოც შესაძლოა, შიდა-პარტიული არჩევნები გადაიდოს.ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების გადადების თაობაზე მსჯელობა მოუწევთ. რაც შეეხება 3 დეკემბერს დაგეგმილ აქციას, დეკანოიძის თქმით, ის ამ აქციაზე მივა.

„მიხეილ სააკაშვილის დელეგირებით, გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ პიარ-საკონსულტაციო კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით და დააორგანიზოს ამ თემაზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირება" - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. მდინარაძის თქმით, მას ახლახან მიაწოდეს ეს ინფორმაცია. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ამაში საკმაოდ სოლიდურ თანხასაც იხდიან.

როგორც გია აბაშიძე აცხადებს, სააკაშვილის ციხიდან დახსნის გამო ოპოზიციაში ახლა „სრული აჯაფსანდალია". მელიასა და ხაბეიშვილს შორის კი კონკურენციაც ჩამოყალიბდა, რომელი უფრო გულშემატკივრობს სააკაშვილს.

"ნაცოპოზიციის" სპიკერები 2021 წლის ოქტომბრიდან ინტენსიურ რეჟიმში იმეორებდნენ და ახლაც პერიოდულად ამბობენ, რომ სააკაშვილს სიცოცხლის სულ რამდენიმე საათიღა დარჩა. ამას საზოგადოება უკვე შეეჩვია, ამბობენ ერთს და რეალობა სხვა არის ხოლმე. „ემპათიის" დასკვნაში იძახიან, რომ სააკაშვილს ათი დიაგნოზი აქვსო, მაგრამ ისინი ათივეს ასაიდუმლოებენ და არ ასაჯაროვებენ, საინტერესოა რატომ? „ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი დიდ ტყუილს ავრცელებდა ფარმაკოლოგიური წამებაზე, რაც შემდეგ არ დადასტურდა, მაგრამ ის მავნებლურად მაინც ავრცელებდა. ასევე სააკაშვილის ფლანგის ექიმებისგან გვესმოდა ისიც, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან სპეციალური გამოსხივების მანქანა იდგა და თითქოსდა სააკაშვილი რადიაციის ქვეშ იდგა, რაც ასევე ტყუილი აღმოჩნდა," - ამბობს აბაშიძე "რეზონანსთან".

„ასევე თავის დროზე ტყუილი იყო, როცა ამბობდნენ, თითქოს გლდანის ციხეში გადაყვანისას სააკაშვილი აწამეს, ამ დროს სულ სხვა სურათი იყო და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტრომ ეს ვიდეოკადრებიც გაასაჯაროვა. ასე რომ, ეს ტყუილები ეტაპობრივად ჟღერდება, მაგრამ აქ კიდევ ერთი მთავარი საკითხია, რაც გამოჩნდა, რომ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას კი არ იღებს, რომ უცხოელი მედიკოსები ჩამოიყვანოს, არამედ დედამისის საშუალებით ამერიკული პიარ-კომპანია იქირავა. მისი გადაყვანის საკითხი პიარ-სიბრტყეშია გადასული და არ წარმოადგენს წმინდა სამედიცინო დისკუსიის საგანს.

„ვხედავთ, რომ ენმ-ს მხრიდან თავად პოლიტრიკოსები იმ კომენტარებს აკეთებენ, რომელიც მედიკოსების საქმეა და არა მათი, ექიმები კი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, ანუ სრული პოლიტიკური აჯაფსანდალია იმისათვის, რომ როგორმე სააკაშვილი ციხიდან დაიხსნან, მაგრამ არსებული კანონმდებლობით არცერთი პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანა არ ხდება, თუ სამკურნალოა. თუ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მყარი არგუმენტებით მიიღო, ბუნებრივია სასჯელის გადავადება საქართველოში მოხდება და არა მის ფარგლებს გარეთ.

„მელიასა და ხაბეიშვილს შორის კონკურენციაცაა, თუ სააკაშვილის თავდაუზოგავი მხარდამჭერი ვინ უფროა, რამეთუ ეს პარტიაში თავიანთი პოლიტიკური ქულების დასაწერად სჭირდებათ. ასე რომ, ეს კიდევ ერთი ახალი მორიგი სერიაა იმ დაუსრულებელ პოლიტიკურ სერიალში, რასაც სააკაშვილის ჯანმრთელობის ე.წ. მძიმე მდგომარეობა ჰქვია", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

როგორცხ აბაშიძე აცხადებს, ოპოზიცია ცდილოს, სააკაშვილის დასკვნა სარფიანად გამოიყენოს.

„ცდილობენ, თუმცა 3 დეკემბრის აქციაზე ხაბეიშვილს პარტიაში ერთიანობა არ აქვს, მას უარი უთხრეს როგორც ნიკა მელიამ, ასევე გიული ალასანიამ და სხვა წევრბმა, რადგან მათი გზა არის სასამართლოს მხრდიდან პატიმრობის გადავადების მოპოვება და არა აქციები. მაგრამ ამ აქციებითაც თავადაც ხედავენ, რომ რესურსი აბსოლუტურად გამოელიათ. პარტიაში შიდა უმწვავესი დაპირისპირებაა და მათი ძირძველი მხარდამჭერიც კი ყურადღებას არ აქცევს ამ გაუთავებელ კინკლაობას, რომელიც არა პატიის მშენებლობისთვის, არამედ გავლენებისა და ფინანსების მოპოვებისთვის მიდის, ეს კი ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის სავალალოა.

„ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელობა აქამდე თავად მივიდა და მას ამაში ხელი არავინ არ შეუწყო თუ არა თავისიანებმა და კულისებს მიღმა მდგომმა სხვადასხვა პოლიტიკურმა აქტორებმა, ვგულისხმობ კეზერაშვილს, მერაბიშვილს და სხვებს", - განაცხადა აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×