თამთა ჩაჩანიძე
05.12.2022

პრეზიდენტმა ახლა მიხეილ სააკაშვილი რომც შეიწყალოს, ის პატიმრობაში მაინც დარჩება, რადგან მის მიმართ სასამართლო განხილვა გრძელდება. ამიტომ, ექსპრეზიდენტის გათავისუფლება ახლა მხოლოდდამხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა, რომელმაც უნდა დაადგინოს, მოითხოვს თუ არ ამისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა პატიმრობის გადავადებას. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის ნაწილი მაინც სალომე ზურაბიშვილს „აწვება", რაზეც ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ „რადიკალურ ოპოზიციას კანონის უცოდინრობა ახასიათებს და ეს არაერთხელ გამოავლინეს. პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ სააკაშვილის პატიმრობის გადავადებაზე თუ სხვა ღონისძიებაზე მხოლოდ და მხოლოდ სასამართლომ უნდა იმსჯელოს."

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ სასამართლოს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით დეკემბრის დასაწყიოსში მიმართა, იგი არ გამორიცხავს, რომ პროცესი უახლოეს დღეებში, ამ კვირაში ჩაინიშნოს.

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ექსპერტული შეფასებების დრო არ არის, დრო არის, რომ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან. შეწყალების მექანიზმი გაქვთ იმისთვის, რომ ეს მძიმე ვითარება განიმუხტოს და მართლაც წავიდეთ ევროკავშირისკენ. ქალბატონო სალომე, ჯერი თქვენზეა, შეიწყალეთ ეს ორი ადამიანი, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზისკენ," -განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„იმედი მაქვს, პრეზიდენტი გამოიყენებს საკუთარ შესაძლებლობებს, რათა დაარწმუნოს ივანიშვილი, რომ სააკაშვილის დაღუპვა ციხეში, გარდა იმისა, რომ სერიოზული გამოწვევა იქნება ქვეყნისთვის, უმძიმეს პრობლემებს შეუქმნის თავად ივანიშვილს", - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. სამადაშვილის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც.

ახლა პრეზიდენტი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, დაახლოებით ერთი კვირის წინ კი თქვა, რომ თუკი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იქნება, „სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს". ეს კი, მისი თქმით, პრობლემას ორი მიმართულებით გადაწყვეტს: „პირველი, ჯანმრთელობის პრობლემას, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, ეს ასე არ არის. მეორე საკითხსაც გადაწყვეტს, ამით სასამართლო იმის გარანტიას მოგვცემს, რომ დამოუკიდებელია, რაც ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება. ამის სურვილი მაქვს, სასამართლომ დაგვიმტკიცოს, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს. ეს არის ალბათ, ვექილების ვალდებულება, რომ სასამართლოში შეიტანონ".

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, ყველაფერი ახლა სასამართლოს კომპეტენციაშია, რომელმაც ობიექტურ ექსპერტულ შეფასებებზე დაყრდნობით უნდა გადაწყვიტოს მისი პატიმრობის გადავადება-არგადავადების საკითხი.

„რადიკალურ ოპოზიციას კანონის უცოდინრობა ახასიათებს და ეს არაერთხელ გამოავლინეს. პრეზიდენტმა ახლა სააკაშვილი რომც შეიწყალოს, ის პატიმრობაში მაინც დარჩება, რადგან მის მიმართ სასამართლო განხილვები კიდევ მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ სააკაშვილის პატიმრობის გადავადებაზე თუ სხვა ღონისძიებაზე მხოლოდ და მხოლოდ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, სანდო სამედიცინო ფართომასშტაბიანი დასკვნის საფუძველზე.

„ემპათიის" ის დასკვნა, რაც ვიხილეთ, იმდენად ურთიერთგამომრიცხავია და იმდენი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ არ შეიძლება ეს სერიოზულად აღიქვა. ამას არ ვამბობ, როგორ პოლიტიკის ანალიტიკოსი, მე სხვადასხვა სამედიცინო ექსპერტებს ვეყრდნობი, რომლებმაც მარიამ ჯიშკარიანის პოლიტიკური აფიორის გარშემო თავიანთი კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს.

„რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის შემოწმებას - მის შესაძლო მოწამვლაზე, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლება მუშაობა უკვე დაიწყეს, ბოლო ინფორმაციით კარგია, რომ (სააკაშვილი) დათანხმდა, მაგრამ ამავე დროს საჭიროა ფართომასშტაბიანი მრავალპროფილური, პოლიტიკურად არაანგაჟირებული მედიკოსების შეფასება. ისინი არც ენმ-ს და არც „ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერები არ უნდა იყვნენ.

„ვნახოთ, სასამართლო რას იტყვის, სასამართლოზე რადიკალირი ოპოზიციის მხრიდან გარკვეული ზეწოლა აბსოლუტურად მიუღებელია. ის დამოუკიდებელი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღიარებულია. ცალკეული უცხოური ლობისტების მიერ, ენმ-ს მესიჯბოქსის გამეორება, კატეგორიულად მიუღებელია. არ შეიძლება ექიმი პოლიტიკოსობდეს და პოლიტიკოსი ექიმობდეს, რასაც ქართულ რეალობაში ვხედავთ," - განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, საბოლოო სიტყვა სააკაშვილის გათავისუფლებაზე თუ სალომე ზურაბიშვილს მიეცა, რამდენად გაათავისუფლებს, აბაშიძემ ამბობს, რომ „სალომე ზურაბიშვილის დისკრეცია აქ უკვე აღარაა, თვითონაც აღნიშნა, იმ მუხლებზე რომც შეიწყალოს, რომლებზედაც სააკაშვილი სასჯელს იხდის, სხვა საქმეებიც რჩება, რომლებიც განხილვაშია და ამიტომაც ზურაბიშვილმა თავის ერთ-ერთ ბოლო საჯარო განცხადებაში ამ თემაზე ხაზგასმით თქვა, რომ სასამართლომ ექსპერტულ შეფასებებზე დაყრდნობით უნდა გადაწყვიტოს ის საავადმყოფო პატიმრობას შეეფერება თუ პატიმრობის გადავადებას. ჩვენ ფართოპროფილურ სამედიცინო ექსპერტებს უნდა დავეყრდნოთ და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ სპეციალისტებს," - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×