ელზა პაპოშვილი
05.12.2022

რუსეთი კვლავ მთელი ძალებით ცდილობს ბახმუტის აღებას  და მძიმე ბრძოლები გრძელდება. ქალაქში გათიშულია წყალი, შუქი და გათბობა. უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ რუსეთის არმია ქალაქის შემოგარენს უტევს ყველა შესაძლო იარაღიდან - არტილერიით დაწყებული და ავიაციით დამთავრებული. სწორედ ბახმუტისთვის ბრძოლაში დაიღუპა 6 ქართველი მეომარი, რომელთა ცხედრების გამოყვანა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ამ ფონზე კი უკრაინელებმა მოულოდნელად მოახერხეს და დააწიოკეს რუსეთის სიღრმეში მდებარე სტატეგიული ბომბდამშენების აეროდრომი, საიდანაც აფრენილი ავიაცია უკრაინულ ქალაქებს უტევდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ შეძლო ქალაქის ალყაში მოქცევა და ხელთ იგდო ახლომდებარე 4 სოფელი. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს უკრაინის არმიის გენშტაბი, მაგრამ როგორც ქალაქის თავდაცვაში მონაწილე მებრძოლები ლაპარაკობენ, რუსეთის არმია მასირებულად უტევს ბახმუტის, ლიმანისა და ავდეევკის მიმართულებით.

„რეზონანსთან“ სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ბრძოლების ინტენსივობას თავად ბახმუტის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა განაპირობებს. ამ ქალაქის აღება რუსეთის არმიას გზას გაუხსნის დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანეს ქალაქებზე - სლოვიანსკზე, კრამატორსკზე, კონსტანტინოვკასა და სევერსკიზე სწრაფი შეტევისთვის. ასევე ისინი შეძლებენ, რომ უკრაინელების თავდაცვითი ზღუდეები გაარღვიონ და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი ხელთ იგდონ. 

ამის პარალლეურად კი ოკუპანტების მასშტაბური თავდასხმები უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე გრძლედება. დაიბომბა სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები ზაპორიჟიეში და დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოახერხა ბევრი რაკეტის ჩამოგდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 5-ჯერ დაიბომბა ხერსონი. დაზიანებულია სახლები და გაზსადენი, ასევე წინასწარი დაკავების იზოლატორი - არიან დაშავებულები. თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა სუმის ოლქის ერთი სასაზღვრო სოფელიც.  

მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის თქმით, უკრაინელი პილოტები „სასწაულს ახდენენ“ საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, თუმა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.

„ნუ უგულებელყოფთ განგაშს,“ - თქვა ანდრიი ერმაკმა, უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსმა.   

ამის პარალელურად უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთში, სარატოვის რეგიონში სტრატეგიული ავიაციის სამხედრო აეროდრომი დრონებით დაბომბა.

მანამდე აფეთქება მოხდა რიაზანთან ახლოს, ადგილზე  საწვავის ტანკერი აფეთქდა. 

„ზამთარი რთული იქნება, მაგრამ მაინც ღირს ამ ზამთრის აღქმა არა გამოცდად, არამედ დროდ, რომელიც გვაახლოებს მთავართან, გამარჯვებასთან,“ - აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ი ამბობს, რომ ზამთრის გადასატანად აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება.

„ზამთრის მეოთხე დღე იწურება. ზამთრის, რომელიც აშკარად რთული იქნება. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და უპირატესობა არტილერიაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის, რაც ოკუპანტს არ აქვს და არ ექნება. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. ჩვენ ვიცავთ სიმართლეს და ეს აერთიანებს მთელ მსოფლიოს უკრაინის გარშემო. ჩვენი თავდაცვის ძალები მყარად იკავებენ პოზიციებს და ურთულეს მიმართულებებსაც კი. ვიცი, რა რთულია ბახმუტში, დონბასში. ბიჭებო, გამაგრდით! მე თქვენთან ვარ. ამ ამოცანის შესასრულებლად, წარმატებით განსახორციელებლად, სწორედ ამიტომ ყოველთვის მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინის გაძლიერებას და ვინც ამ ზამთრის შემდეგ აუცილებლად შეძლებს თქვას, რომ ჩვენი გამარჯვების მოახლოებაც მისი პირადი შედეგია, პირადი მიღწევა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.  

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა რუსებისთვსი ბახმუტის აღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც ამან  შეიძლება ომის ბედზე დიდი გავლენა მოახდინოს. 

„რუსებისთვის ბახმუტის აღებას საკმაოდ დიდი სამხედრო დატვირთვა აქვს. ისინი სამხრეთის ფრონტის მიმართულებით უკრაინელების „მანერგეიმის ხაზის“ გარღვევასა და მათ ზურგში მოქცევას შეძლებენ. მთელი დონეცკის აღება უფრო მარტივად შეუძლიათ. გააფრთებული ბრძოლა ბახმუტისთვის ამიტომაც მიდის. ეს უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან და მედგარ წინააღმდეგობას უწევენ. 

ქართველების ალყაში მოქცევა საკმაოდ მძიმე ფაქტია. ბახმუტი ფაქტიურად ხაფანგად აქციეს და ქართველების ალყაში მოქცევით, ცხადი გახდა, რომ რუსებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავეს. ჯერჯერობით უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ და ვნახოთ,  მოვლენები როგორ განვითარდება. უკრაინელებს წარმატებები ხეროსნის და ხარკოვის ოლქში აქვს. ფრონტის ხაზზე რუსებს წარმატება მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით გააჩნიათ, ისიც მცირედი. როგორც აღვნიშნე ბახმუტის აღებამ შესაძლოა ომის ბედი რადიკალურად შეცვალოს. ზამთარი საკმაოდ მძიმე იქნება და ამიტომ ორივე მხარე პოზიციების გამაგრებისთვის იბრძვის. დასავლეთიდან დახმარების დროულად მიწოდებაც ბევრ რამეს შეცვლის. ახლა უკრაინელებს შემტევი და საჰაერო თავდაცვითი იარაღი სჭირდება. თუ ამ დახმარებას დროულად მიიღებენ, ბევრი რამე  შეიცვლებ“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×