თამთა ჩაჩანიძე
05.12.2022

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა სამძიმრით დაიწყო, მან უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების როლი გარდაცვლილთა გადმოსვენებისა და დაკრძალვის პროცესში დიდია, ხოლო ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ტრაგედიით „პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ".

„კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო ყველას ეს ტრაგედია - მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, დიდი დანაკლისი. უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში," - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში ყველაზე სენსიტიურ საკითხზე აჟიოტაჟია ატეხილი, „ომში გარდაცვლილებზე ვიღაც ფარისეველი და გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამას ამორალური ფარისევლობა ჰქვია და სხვა არაფერი". მისივე თქმით, „ყველაფერზე ყვირილი და იაფფასიანი, ამორალური პოპულიზმი შემაშფოთებელია".

„ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენელებს უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ. ყველას კარგად გახსოვთ, როგორ მოიქცა მათი რეალური ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე, რაზე საუბრობენ საერთოდ, როგორ ბედავენ, როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, გამოიქცნენ. თავად ე.წ. მთავარსარდალმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს, მიწაზე იყო გართხმული, და მეორე, თავდაცვის მინისტრი გამოიქცა ბრძოლის ველიდან. ყველამ კარგად ნახა ეს კადრები. დღეს გამოდიან და ცდილობენ მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას",-განაცხადა ღარიბაშვოილმა.

„ჩვენი მთავარი ვალდებულებაა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რაც არის ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელი. სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის განვითარება გონივრული გზით, ეს არის ეროვნული პოლიტიკა და არა - ომი. მინდა, შევახსენო ამ ფარისეველ პოლიტიკოსებს, რომელი პოლიტიკოსი უნახავს ვინმეს ომში გარდაცვლილი, ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში" რომ არიან აქტიურები, გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, წინა პლანზე წავიდნენ და იომონ," - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ „ოცნების" სწორი პოლიტიკის შედეგია, რომ იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა. ასევე რომ მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 17%-ით გაიზარდა და 47 მილიარდი ლარი შეადგინა.

„ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. ბიზნესს, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო. ბიზნესმა ყველაზე კარგად იცის, ქვეყანაში რომ არ იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, არავითარი ბიზნესბრუნვის ზრდა, დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არ იქნებოდა. ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად. ამას გარდა, იცით, რომ სამუშაო ადგილები გაიზარდა და რეკორდული ზრდა არის სამუშაო ადგილების. ბიზნესსექტორში მესამე კვარტალში სამუშაო ადგილები გაიზარდა 45 000-ით და, ჯამში, შეადგინა 723 000, რაც რეკორდული მაჩვენებელია და შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამდელ მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბა", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×