ია აბულაშვილი
05.12.2022

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესის შეფასებისას არ გამორიცხავს, რომ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით და ასევე სასამართლო პროცესებიდან გამომდინარე, შიდაპარტიული არჩევნები ენმ-ში მომავალი წლის 20-25 იანვრამდე გადაიდოს, რაც ხელს აძლევს მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მალიასა და მის გუნდს.

როდის და რა ფორმით ჩატარდება შიდაპარტიული არჩევნები ბანაკებად დაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში", 11 დეკემბერს პარტიის პოლიტსაბჭოზე გადაწყდება. ეს თარიღი კიევიდან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ უკვე დააანონსა. იგი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა საარჩევნო კამპანია იყოს ღირსეული და გააძლიეროს პარტია მთავარ ბრძოლაში; რომ არჩევნები ჩატარდება ღიად, გამჭვირვალედ და არავის უნდა გაუჩნდეს ეჭვი მის შედეგზე. ხაბეიშვილის ფრთა კი არჩევნების დაჩქარებას ითხოვს, რადგან მიიჩნევენ, რომ ყოველი დღე შეიძლება პარტიის საუკეთესო ინტერესებისთვის საზიანო იყოს.

„კულუარებში რა ხდება, არ ვიცი, ან რა გადაწყვეტილებას მიიღებს ენმ-ის პოლიტსაბჭო 11 დეკემბერს, მაგრამ მთავარი და განმსაზღვრელი, როგორ განვითარდება მოვლენები და როდის ჩატარდება შიდაპარტიული არჩევნები, იქნება სააკაშვილის თემა და ასევე - როგორ გადაწყდება პრობლემა, რომელიც მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანს ეხება. ორივე დაპირისპირებული მხარე ამ თემას გამოიყენებს.

სააკაშვილი არჩევნებამდე თუ გადაიყვანეს სამკურნალოდ ან სასჯელი გადაუვადეს, ეს მიეწერება მელიას, რომელიც იტყვის, რომ სწორედ ამ მომენტს ელოდებოდა და აქციები ამიტომაც არ უნდოდა, პროცესი რომ არ დაეზიანებინაო. ხაბეიშვილი კი ალბათ იმიტომ ჩქარობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში სხვა თემები და არგუმენტები უნდა მოძებნოს, რაც ძნელი იქნება. სააკაშვილის თემას კი მომზადება არ სჭირდება, რადგან სანუკვარი თემაა „ნაციონალური მოძრაობისთვის."

რაც შეეხება პარტიის ლიდერების პირობას, რომ არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდება, ნორმალურად რომ ჩატარდეს არჩევნები, მომზადებას, სულ მცირე, ერთი თვე დასჭირდება. 11 დეკემბერს დანიშნულია პოლტსაბჭოს სხდომა, სხდომის შემდეგ კი მოდის ახალი წელი და არჩევნებისთვის არავის ეცლება. რეალური თარიღი არჩევნების ჩატარებისა იქნება 20-25 იანვარი. მელიას და მის გუნდს კი ხელს აძლევს, რაც უფრო გვიან ჩატარდება არჩევნები," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×