თამთა ჩაჩანიძე
06.12.2022

ბოლო ორი დღეა უკრაინის არმიას რუსეთის ტერიტორიაზე, ფრონტიდან საკმაოდ შორს მდებარე სამხედრო ავიბაზებზე საბრძოლო დრონებით მიაქვს იერიში. ეს რუს მიმომხილვეთა ნაწილში უკიდურეს შეშფოთებას იწვევს პირველ რიგში იმის გამო, რომ უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული კილომეტრი ისე იფრინეს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ მათი აღმოჩენა და განადგურება ვერ შეძლო. ამას წინ უძღოდა ოფიციალური განცახდება, რომ უკრაინაში დაამზადეს შორი რადიუსის, 1000 კმ-მდე მოქმედი საბრძოლო დრონები. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის არმიას თეორიულად უკვე მოსკოვზე საჰაერო იერიშის მიტანაც შეუძლია.

ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ, სავარაუდოდ, უკრაინულმა მხარე ძველი საბჭოური წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების, „ტუ-141"-ის მოდერნიზება მოახდინა და სწორედ მათი გამოყენებით განახორციელა დარტყმები. ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა ამას მოსკოვზე შეტევა მოჰყვეს. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამას არც პოლიტიკური და არც სამხედრო სარგებელი უკრაინისთვის არ ექნება. პირიქით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ასეთმა იერიშმა შესაძლოა რუსულ საზოგადოებაში მილიტარისტული განწყობები მკვეთრად გააძლიეროს. მეორეს მხრივ კი, ამით მნიშვნელოვნად იზრდება რუსების მიერ საპასუხოდ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი.

თავად რუსი ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო დღეების უკრაინელთა დარტყმები 2 მიზეზის გამოა საგანგაშო. პირველ რიგში იმიტომ, რომ თავდასხმა განხორციელდა სამხედრო აეროდრომებზე, სადაც რუსული სტრატეგიული ავიაციაა ბაზირებული - სტრატეგიული ბომბდამშენები, რომელთაც მოწინააღმდეგეზე ბირთვული დარტყმის განხორციელება შეუძლიათ. ეს კი რუსეთის ე.წ. ბირთვული ტრიადის ერთ-ერთ კომპონენტზე შეტევას ნიშნავს.

შეშფოთების მეორე მიზეზი კი დარტყმის სიშორეა. ზოგიერთმა რუსულმა „ტელეგრამ" არხმა გამოთვალა, რომ, სავარაუდოდ, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის საჰაერო სივრცეში წარმოუდგენლად დიდი მანძილი - დაახლოებით 650 კილომეტრი დაუბრკოლებლად იფრინეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის საწყის ეტაპზე უშუალოდ უკრაში წარმოებული შეიარაღების ეფექტურობასთან დაკავშირებით მოსკოვში სკეპტიკური და აგდებული დამოკიდებულება ჰქონდათ. თუმცა, ყველაფერი მნიშნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი „მასკვა" სწორედ უკრაინაში წარმოებული „ჰარპუნის" რაკეტებით განხირციელებული დარტყმისას მიღებული დაზიანებების გამო ჩაიძირა.

ახალი დრონები და ახალი დარტყმები

4 დეკემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ საბრძოლო დრონები შექმნა, რომელთა საბრძოლო მოქმედების დიაპაზონი 1000 კილომეტრი, წონა კი 75 კგ-ია. „უკრობორონპრომის" პრესსპიკერმა, ნატალია სადმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ კომპანია ახალი დრონის გამოცდის ფინალურ ეტაპზე იმყოფებოდა.

„გაიარა წარმატებული ტესტირება. ჩვენ გამოცდის ახალ ფაზაზე გადავდივართ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მითითებების შესაბამისად. მას შემდეგ, რაც ახალ დრონებს რადიო-ელექტრონული მოწყობილებების წინააღმდეგობის მიმართ მათ მედეგობაზე წარმატებით გამოვცდით, ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი იქნება დრონის გამოცდა უკვე საბრძოლო პირობებში. ჩვენ გპირდებოდით, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდებოდა და ვცდილობთ ჩვენი დანაპირები შვასრულოთ", - განაცხადა სადმა 4 დეკემბერს.

მანამდე აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო კონცერნმა „უკრობორონპრომმა" უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბთან ერთად შეიმუშავა პროგრამა სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებისთვის უპილოტო სისტემების განვითარებისთვის. ოქტომბერში კი „უკრობორონპრომმა" განაცხადა, რომ უსაბრძოლო დრონებზე მუშაობა დაასრულა.

„უკრობორონპრომის" განცხადების მეორე დღეს, 5 დეკემბერს დილით დრონებით დარტყმა მოხდა რუსეთის ორ დიდ სამხედრო აეროდრომზე, რომლებზეც ბირთვული იარაღის მატარებელი სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდი ბომბდამშენებია ბაზირებენ - სარატოვის ოლქში მდებარე აეროდრომ „ენგელს-2"-სა და ქალაქ რიაზანთან მდებარე „დიაგილევოს" აეროდრომზე, რომელიც მოსკოვიდან 150 კმ-ში მდებარეობს.

უპილოტოს თავდასხმის შემდეგ „დიაგილევოს" აეროდრომზე საწვავით სავსე ავზი აფეთქდა, რამაც აეროდრომზე მყოფი სამი რუსი სამხედროს დაღუპვა და ექვსის დაშავება გამოიწვია, ასევე, დაზიანდა არანაკლებ ერთი თვითმფრინავი. მალევე ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომ აეროდრომზე დაზიანებული სტრატეგიული ბომბდამშენი „ტუ-22მ3" დგას.

სარატოვის ოლქის „ენგელსი-2"-ის სამხედრო აეროდრომზე დრონის შეტევისა და აფეთქების შედეგად კი ორი სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდი-ბომბდამშენი „ტუ-95მც" დაზიანდა.

6 დეკემბრის გამთენიისას რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ ხალინოზე, რომელიც ქალაქ კურსკის აეროპორტის ფუნქციასაც ასრულებს, განხორციელებული საჰაერო შეტევის შედეგად აფეთქდა და ცეცხლი წაეკიდა საწვავის რეზერვუარს.

იმავე დილით განგაში იყო ყირიმშიც. რუსული წყარეობის ცნობით, უკრაინულმა დრონებმა ყირიმში დმებარე რუსულ სამხედრო აეროდრომზეც სცადეს დარტყმის განხორციელება, თუმცა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ მათი ჩამოგდება შეძლო.

რა პოლიტიკური და სამხედრო შედეგი ექნება მოსკოვზე იერიშს

თავად უკრაინელ ანალიტიკოსთა ნაწილი წერს, რომ ახალი დრონების მნიშვნელოვნად ზრდის უკრაინული არმიის პოტენციალს და ამას ფსიქოლოგიური დატყვირთვაც აქვს, რადგანაც მათი მოქმედების არეალში უკვე მოსკოვიც ექცევა. თუმცა, როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, პირველ რიგში ნაკლებსავარაუდოა, რომ უკრაინელემბა იერიში მოსკოვზე მიიტანონ, არა იმიტომ, რომ ამის საშაულება არ აქვთ, არამედ იმიტომ, არც პოლიტიკურ და არც სამხედრო სარგებელს არ მოუტანს.

„დარტყმა რომ მოსკოვზე განახორციელონ, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს. პოლიტიკურადაც შეიძლება არც ისე მომგებიანი აქტი იყოს.

„ეს ახალი დრონები, რომელიც უკრაინელებს აქვთ, სავარაუდოდ ძველი საბჭოთა „ტუ-141" ტიპის დრონია, რომელსაც თანამედროვე მოდერნიზებულ ძრავსა და კოორდინატების აპარატს უყენებენ. ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო სამხედრო ანალიტიკოსები ამას ამბობენ, ვისთან ერთადაც ამას გავეცანი და მათი ხედვა ასეთია.

„ამ დრონის წვდომის არეალი შესაძლოა იყოს მათ შორის შორეული წერტილები, როგორიცაა „ენგელსის" ავიაბაზა, ან რიაზანში სამხედრო კომპლექსები. თუმცა არც ის არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ თანამედროვე კომერციული დრონების იმდაგვარი გადაკეთება ხდება და მათაც ისეთ ტექნოლოგიას უყენებენ, რომ თავდასხმები ამის მეშვეობითაც ხორცილედებოდეს.

„აქ დაშვების დონეზე შეიძლება, რომ უკრაინელებმა ტექნოლოგია თავად განავითარონ, ანუ გარკვეული ძრავები, კოორდინატები, ან რაიმე სხვა საშუალებები დაამატონ, რომ მისწვდენ, მაგრამ ზოგადად მოსკოვზე იერიში უფრო პოლიტიკური აქტი იქნება, რაც ამ ეტაპზე უკრაინას რამდენად აწყობს, ეგეც საკითხავია. ამან შეიძლება რუსეთში საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია და პირიქით, ომის მხარდაჭერასაც კი შეუწყოს ხელი.

„თუმცა, რა თქმა უნდა, მუქარის დონეზე იმაზე საუბარი, რომ მათ შეუძლიათ მოსკოვსაც მიწვდნენ, ყველაზე მაქსიმუმი და სწორი ნაბიჯია, რაც შეიძლება ახლა უკრაინელებმა განახორციელონ", - განაცხადა კობერიძემ „რეზონანსთან".

მისივე თქმით, რომ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ურაინელებს ომის პირობებში ეს დრონები მხოლდო საკუთარი ტექნოლოგიების გამოყენებით აეწყოთ.

„ტუ-141" საბჭოთა კავშირში აეწყო და ამაში უკრაინაც მონაწილეობდა, მაგრამ დამატებითი მოდერნიზება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ტექნოლოგიების გამოყენებით უკრაინელებმა განახორციელეს. ზოგადად ის, რომ დრონი თავიდან ბოლომდე უკრაინელებს ახლა აეწყოთ, რომელიც მოწინააღმდეგეს 700 კმ-ში გაანადგურებდა, რთული წარმოსადგენია. ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია, მაგრამ ომის პერიოდში ახალი ტექნოლოგია გამოეგონებიონათ, ძნელი წარმოსადგენია",-განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ უკრაინამ მოსკოვზე მართლაც მიიტანა იერიში, რა პასუხი შეიძლება ამას მოჰყვეს, კობერიძემ განაცხადა:

„არ გამოვრიცხავ, რომ ეს პასუხი მოსკოვის მხრიდან ომის სრულმასშტაბიანი გამოცხადება იყოს, რომელიც ახლა რუსეთს არ აქვს. ეს ბევრს არაფერს არ შეცვლის გარდა იმისა, რომ ომი შესაძლოა გახანგრძლივდეს. თუკი საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა, ეს უკრაინისთვის ნაკლებად სარგებლიანი შეიძლება იყოს.

„გარდა ამისა, შესაძლოა ამას შემდეგ ბირთვული მუქარის უფრო ხელშესახებად წარმოჩენა მოჰყვეს და ა.შ. ეს ყველაფერი თეორიულად არ გამორიცხავს, რომ უკრაინელებმა აღნიშნული აქტი მართლაც განახორციელონ, მაგრამ პოლიტიკური სარგებელის გამო ნაკლებად მოსალოდნელია", - განაცხადა კობერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×