ია აბულაშვილი
06.12.2022

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა სამშაბათს თბილისში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, უკრაინულ მხარეს დღემდე არ მიუღია საქართველოს ხელისუფლებისაგან პასუხი იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდების თხოვნაზე. გარდა ამისა, კასიანოვის ცნობით, იგი აპირებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრაზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საკითხის დაყენებას. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამ განცხადებების კომენტირებისას არ გამორიცხავს, რომ უკრაინამ ოფიციალურად მოითხოვოს სააკაშვილის გადაცემა.

„უკრაინული მხარე შეშოთებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით და სააკაშვილთან დაკავშირებით საკითხს დავაყენებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრაზე. 

„სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მიუხედავად მრავალრიცხოვანი თხოვნისა, დღემდე არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი  დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით. ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა საქართველოს ლტოლვილების ევაკუაციაში, ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას 2008 წელს. უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და ტექნიკა.

„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ენერგეტიკის სისტემების აღდგენაში გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული", - ეს არის ამონარიდი ანდრეი კასიანოვის განცხადებებიდან, რომელიც მან სამშაბათს თბილისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„მთავრობას არ ვიცავ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას - საქართველო ყველა საერთაშორისო პლათორმაზე მხარს უჭერს უკრაინას, ყველა შეკრებასა თუ კონფერენციაზე. რაც შეეხება ირაღის მიწოდებას, ეს მარტივი თემა არ არის. ან რა იარაღი გვაქვს, რომ სხვას მივაწოდოთ?! თანაც ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვართ რუსეთთან და კაცმა არ იცის, ხვალ რა მოხდება.

„ე.წ. „დვიჟოკების“ გადაცემას რაც შეეხება, არ ვიცი ვინ არის ინიციატორი, მთავრობა თუ აქტივისტები, მაგრამ, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გენერატორების შეგროვება უკვე დაიწყო. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა დიდია, მომწოდებლების მხრიდან ფასები არ გაზრდილა, ფასი შენარჩუნებულია.  

„რაც შეეხება სააკაშვილის თემას, რომელიც ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ამ თემაში უკრაინის ჩართულობა არ არის მოულოდნელი. არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინამ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვოს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×